შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

უბრალოდ...

ობლად დარჩენილს, ნუგეში მინდა...
შორი გზა მაინც, იმედს მივანდე...
მთელი გზა, ისევ...
წვიმდა და წვიმდა...
ვერ მოვაღწიე მაინც შენამდე...

წვიმდა და წვიმდა....
ქროდა და ქროდა...
ქარი საშინლად ავი და ცივი...
მთელი გზა,მაინც...
იმედი მქონდა
თურმე, არ იყავ ასე მარტივი...

მე, მონატრება გზაში დავტოვე...
შორი გზა, მაინც იმედს მივანდე...
მინდა დავძლიო ეს სიმარტოვე...
და სიგიჟემდე,
რომ შეგიყვარდე...

მთელი გზა წუხელ,
წვიმდა და წვიმდა...
და ჩემი გულიც, უფალს მივანდე...
უბრალოდ, შენი დანახვა მინდა...
უბრალოდ, მინდა...
ისევ გიყვარდე...

ვიცი მიმატოვებ...

გული შენს სიყვარულს სახავს,
სანამ ნაფეხურებს წაშლის...
ვიცი, მიმატოვებ, წახვალ...
მე კი, სიმარტოვე დამღლის...

ეს დღე, დღეს იქნება, ან ხვალ,
ვიცი მოიგონებ ამ წელს...
მაინც, მიმატოვებ, წახვალ...
მე კი, ტკივილებზე დავწერ...

სევდას მოგონება ახლავს,
სევდა, ეშმაკივით მაცდენს...
ვიცი, მიმატოვებ, წახვალ...
ვიცი, ვერ გაუძლებ ამდენს...

ზეცას ვეფერები ახლა,
შენი მოგონება მაწვიმს...
სანამ, მიმატოვებ, წახვალ...
სანამ, მოფერებას მაცლის...

მაინც, მოგონებას ვანდობ...
შენი მონატრების წადილს,
ვიცი, შემეშალა, პარდონ...
ჰოდა, მიმატოვე წადი...

ატმების ბაღში...

გახსოვს,
მზე კალთებს როგორ გახევდა?
რა კარგი იყო, შეხვედრა მაშინ...
სიო სიყვარულს როგორ არხევდა,
და ალუბლები ყვაოდა ბაღში...

ჩვენ ერთი მთელი ვიყავით, ორნი...
და ოცნებები თავზე გვათოვდა,
ვერ გვაჩერებდა, ქარი და შტორმი...
მხოლოდ მზე კრთოდა,
მისი მზერა გვათბობდა...

ხედავ,
თენდება დღე, კვლავ მზიანი?
მზეც უფრო მეტად, გვართობს და გვათბობს ...
გაზაფხულივით დაიგვიანე...
და ახლა შენი წყურვილი მახრჩობს...

მახსოვს ატმებიც ყვაოდა ბაღში...
და ნელი სიო გრძნობებს არხევდა,
რა კარგი იყო, სიცოცხლე მაშინ...
გახსოვს,
მზე კალთებს როგორ გახევდა?

მე იქ ვარ...

მე იქ ვარ, სადაც ქრიან ქარები...
გრძნობებმა გრძნობა ვეღარ დამალეს...
თუ გაღებული დამხვდა კარები,
ისე გავყვები შენსკენ ტრამალებს...

მე იქ ვარ, სადაც შენი ქარია...
და ჩამოუშვა ბუნებამ ფარდა...
შენი დანახვა მე მიხარია...
და არაფერი ლექსების გარდა...

მე იქ ვარ, სადაც ქრის შენი ქარი...
ავედევნები მაინც სტრიქონებს...
უკან მომყვება გრძნობების ჯარი...
და სიყვარული ისევ მიგონებს...

მე გამოვაღე ოცნების კარი,
და ქარი ისევ მიღვივებს წარსულს...
მე თუ წამლეკავს, კვლავ ნიაღვარი...
სხვა ვერაფერი დააკლებს ამ სულს...

ისე გავყვები შენსკენ ტრამალებს...
თუ გაღებული დამხვდა კარები...
გრძნობებმა გრძნობა, თუ ვერ დამალეს...
მე იქ ვარ, სადაც ქრიან ქარები...

მაგ ტუჩებს...

შენ გავდი ურცხვად
აშოლტილ ალვას,
გიფრიალებდა ქარი თმის ღეროს...
ქარს არ სჭირდება
რაღაცის მალვა...
რა ადვილია, მისთის კენწერო...

ფიქრი მინდა და
კვლავ ვფიქრობ შენზე...
და მახსენდები,
მიყვარდი როცა...
მე დავიწყება ვერაფრით შევძელ...
ვერ დავივიწყე პირველი კოცნა...

ისევ შენთან ვარ,
არ ვკარგავ იმედს...
კვლავ შენ გეკუთვნის,
ეს გული ბოლოს...
ოღონდ არავინ შეეხოს ვინმე...
მაგ ტუჩებს,
მე რომ მეკუთვნის მხოლოდ...

მე, შენ და თუთა...

იყავი მარტო, იდექი ჩუმად...
მზე დაგნათოდა, მაინც მზიანი...
ვერ მოგისწარი, მე მოსვლა მსურდა...
მაგრამ რატომღაც დავიგვიანე...

შენს გვერდით იდგა პატარა თუთა,
შენსავით კოხტა, არხევდა ქარი...
ვერ მოგისწარი, მე მოსვლა მსურდა...
მაგრამ რატომღაც ვერ მოვასწარი...

გიფრიალებდა ქარი, სულ ნელი...
ვერ დავინახე შავი თვალები...
ისევ მიზიდავს თმების სურნელი...
იცი, რომ ვერსად დამემალები...

ისევ წახვედი, დავრჩი აბსურდად...
თუთა გაწითლდა, დახარა ტოტი...
ვერ მოგისწარი, მე მოსვლა მსურდა...
ეხლა მე ვდგავარ, გიცდი და მოდი...

თუ სიყვარულის მზეს ისევ ათბობს...
და სიყვარული მოვა სათუთად...
ჩემი ლექსები ორივეს გვათოვს...
და ისევ მოვალთ....
მე, შენ და თუთა...

მინდა დაგიტოვო იარა...

მინდა...
ჩემი გული გართობდეს...
გულში დაგიტოვო, იარა...
ზაფხულში ეგ თვალები მათოვდეს...
სულში...
ამ ლექსებში კი არა....

მინდა...
დამიღამო საღამო...
სულში შრიალებდეს ალვები...
შენი თმები ვიგრძნო საამო
შენი...
უნაპირო თვალები...

მინდა...
გათენებას ვუმზირო...
მინდა...
გავათენო უმზეოდ...
მინდა ცა... უნაკლო, უძირო...
თავი...
ისევ ვიგრძნო უმწეოდ...

მინდა...
გაწვალებდეს, გათრობდეს...
ისევ, ჩემს სიყვარულს ემონო...
უცებ, მაისში რომ გათოვდეს...
ჩვენ კი...
ოცნებები გვეგონოს...

სულში,
ამ ლექსებში კი არა...
ზაფხულს, ეგ თვალები ათოვდეს...
გულში გაგეჩხიროს იარა...
მაინც...
უჩემობა გაფრთხობდეს...

მ.ლ.-ს...

ისევ, გარდასულ დღეებს მოველი
ფიქრები ისევ, შენთვის ტირიან
და სიყვარულის წვეთი ყოველი
კვლავ, უშენობით გადაღლილია

ისევ, შორიდან შევყურებ წარსულს
უძირო ღამის გოდებას ვისმენ
გიხსენებ ისევ, ფიქრებში წასულს
და ღამე შენით სავსეა ისევ

რომ მენატრები, ასე ძალიან
რომ გელოდება, ჩემი თვალები
ვიცი, რომ ჩემთვის არა გცალია
ვიცი, რომ აღარ შეგიყვარდები

შენსკენ მომავალ ფიქრებს შევკადრე,
არადა, გულში სევდა შემოვა
რამხელა გზაა თურმე შენამდე
და როგორ მტანჯავს მე უშენობა

კვლავ, უშენობით გადაღლილია
ეს სიყვარული, წვეთი ყოველი
ფიქრები მაინც, შენთვის ტირიან
მაინც, გარდასულ დღეებს მოველი

არაფერს ვნანობ

მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი
მაგრამ იცოდე, კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი

მაპატიეო, სიყვარულით ვერ გიპასუხე
ესღა მითხარი და დამტოვე ფიქრებაშლილი
დაგაგვიანდა, ჩემი გული უკვე გაჩუქე
და ყველაფერი წარსულია, უკვე წაშლილი

არ მიყვარხარო, მიმატოვე, ქარს გამატანე
არდა, იცი რა საშინლად მომენატრები?...
მე შენზე ფიქრი, გაშიშვლებულ ქარს გავატანე
თვალებს დავხუჭავ და სიზმრებში მომელანდები

არც არასოდეს, გყვარებივარ, ვიცი გაგიგე
განა არ ვიცი, სად ჩემი და შენი თვალები
ვერ მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს, კარი გაგიღე
და უსასრულოდ გაღებული დამრჩა კარები

შენს გაღიმებას, მე ვერასდროს ვეღარ ვეღირსე
და მაინც, შენსკენ მეჩქარება, გულში ომია
არაფერს ვნანობ, ამურივით მე ვარ მეისრე
მე ვარ წარსული, მომავალი არ დამდგომია

მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი
მაგრამ იცოდე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი

მენატრება

უკვე მერამდენედ მიმატოვე,
შენ კი, გიხარია უჩემობა
მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე
მე კი, მომაბეზრე უშენობა

შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე
მაინც მეზიზღება უშენობა,
ნიავს შეგავედრებ მონაბერზე
ქუჩებს გააწამებს უჩვენობა

შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე
მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული
ისევ ბნელი ღამე მომაგებე,
გული ამიტირე დაჩაგრული

უკვე მერამდენედ დამაობლე,
ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ
მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე
გულში ჩაგიხუტო მყისვე

მაინც მენატრება უშენობა
მაინც მომაბეზრე სიმარტოვე
რატომ გიხარია უჩემობა?
გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე????....

ტირიფები...

განა, მე არ ვიცი, როცა დაგინახე...
უცებ აშრიალდნენ ტირიფები,
მახსოვს ალეწილი შენი სახე,
მე კი, მარტო ვარ და ვიღიმები...

განა, მე არ ვიცი, როცა გელანდები...
ისევ, ცხადია თუ სიზმარია,
ისევ, ტირიფებთან მენატრები,
ისევ, შენი ნახვა მიხარია...

განა, მე არ ვიცი, როცა დაგიძახე...
სახე მომაგებე სიხარულით,
ისევ, ტირიფებთან დაგინახე,
ისევ, შრიალებდა სიყვარული...

განა, მე არ ვიცი, როცა მენატრები...
ვიცი ტირიფებთან მელოდები,
თუმცა მერამდენედ მედარდები,
ისევ, მერამდენედ გელოდები...

განა, მე არ ვიცი, როცა მებუტები...
მაინც მეფერება ეგ თითები,
ისევ, ტირიფებთან მეხუტები...
მაინც სიყვარულზე მეფიცები...

მე კი, მარტო ვარ და ვიღიმები...
მახსოვს ალეწილი, შენი სახე...
უცებ, აშრიალდნენ ტირიფები...
განა, მე არ ვიცი, როცა დაგინახე....

ქარი...

ქარი მეფერება თავნება,
ისევ, მიყვარხარო ჩურჩულებს...
ისევ, მიმატოვეს თვალებმა...
გული ვერ ელევა ურდულებს...

ქარმა ამირია აზრები,
ისევ, მიყვარხარო ძალიან...
ისევ, ამერია ფრაზები...
ისევ, შენი ქარის ბრალია...

ქარმა ოცნებები მასწავლა,
ისევ, მიყვარხარო მიმტკიცებს...
იცი? უშენობამ მაწვალა,
თუმცა ვერ გავუძელ სიმტკიცეს...

ქარი ვერ მომიტანს სიხარულს,
რადგან, ქარი მაინც ქარია...
ქარი რომ მიმტკიცებს სიყვარულს,
ვიცი, შენი თმების ბრალია...

ქარმა ამიბორგა გუნება,
ისევ, სიყვარულით მაშინებს...
მაინც რა ყოფილა ცდუნება...
როცა, შემიყვარდი მაშინვე...

გული ვერ ელევა ურდულებს...
ისევ, მიმატოვეს თვალებმა...
ისევ, მიყვარხარო ჩურჩულებს...
ქარი მეფერება თავნება...

ვერ მოგისწარი...

ვერ მოგისწარი, უკვე წახვედი...
არადა, შენი ნახვა მეწადა...
ამეკვიატა აზრი თავხედი,
რომ სიყვარული გამომეცადა...

მე, ისევ აქ ვარ და ისევ გელი...
ისევ დამიშრო ფიქრმა ცრემლები,
ისევ ოცნება მიტაცებს ძველი ...
და შენზე ფიქრებს ავედევნები...

მე გელი ისე, როგორც იები...
გაზაფხულის მზეს რომ მოელიან,
ისევ ჩამესმის რობაიები,
უშენოდ სუნთქვაც, თურმე ძნელია...

მე ისევ ვჩქარობ, მაინც მშორდები...
მე ისევ შენი ნახვა მწყურია...
ისევ დაქრიან ცაში ფოთლები...
ჩემს გულში ისევ გაზაფხულია...

ამეკვიატა აზრი თავხედი,
რომ სიყვარული გამომეცადა...
ვერ მოგისწარი, უკვე წახვედი...
არადა, შენი ნახვა მეწადა...

იცი?

დავლიე
იცი, რამდენი დავლიე?
თავს ვერ ვცნობ
ავრიე
მთელი ცხოვრება ავრიე
რომ ერთმანეთი გაგვეცნო
გავწიე
იცი, რამდენი გავწიე?
გავბევრდი
გავიდა
მთელი ცხოვრება გავიდა
და უცაბედად დავბერდი
ვარკვიე
იცი რამდენი ვარკვიე?
და დღეებს გამოვეპარე
არ ვიცი
მთელი ცხოვრება განვიცდი
და მაინც შემომეპარე
გეძებე
იცი, რამდენი გეძებე?
ვეღარ გივიწყებ
მინდა დავლიო
და შენთან ერთად შევეგებო
დილას, ალიონს

რატომღაც...

ისევ, მომენატრე რატომღაც
ბოლოს მიყვარხარო, მითხარი
თურმე, ეს ყოფილა გართობა
მაშინ ვერაფერი გითხარი

ისევ, მომენატრე რატომღაც
სევდას უშენობა ათოვდა,
სევდა უშენობით დაქროდა
თურმე, იმედები არ ქონდა

ისევ, მომენატრე რატომღაც.
ისევ, ამეშალნენ ფიქრები
ისევ, უიმედოდ გათოვდა.
ისევ, გამებუტნენ ფიფქები

ისევ, მომენატე რატომღაც
ფიქრი იმედებზე გათხოვდა
ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა
ისევ, უშენობა მაფრთხობდა

თურმე, არ ყოფილა გართობა
როცა ვერაფერი გითხარი
თავი მომანატრე რატომღაც
მაინც მიყვარხარო მითხარი

* * *

იცი, როცა ვწერ
უშენობას ისევ განვიცდი
მინდა გინატრო
თუმცა, ლოცვა არ ვიცი
როცა ვწერ, მინდა
ყველა სიტყვა, მთელი სამყარო
მოვიპარო და
თავზე შენ
უხვად გადმოგაყარო
იცი, როცა ვწერ
უშენობა მაინც მაწვალებს
ვიცი ოდესღაც,
ეს სიშორე რომ გამაწამებს
როცა ვწერ, ვიცი
ყველაფერი არ შესრულდება
რადგან ეს გრძნობა,
ძალიან ბევრს
რომ შეშურდება.
მაინც მენდე და
სიყვარული არ დამიშალო,
მინდა მოვიდე
გული ჩემი გადაგიშალო

აღარ მინდა

ამიხსენი ბორკილები, აღარ მინდა
თავისუფლად მომენატრა ხეტიალი,
მეგობრობა სხვა გრძნობაში გადავიდა,
ვერ მოვთოკე, მე საბრალომ, ეს ტიალი

დამიბრუნე რაც წამართვი, მიითვისე,
მომანატრე სიმღერები ლოთიანი
უშენობით, ეს დღეები მირბის ისე
როგორც ჩემი ოცნებები შფოთიანი

დამიბრუნე სიყვარული დამიბრუნე,
და თუ გინდა, შენებურად დამაბრალე
თორემ, ისევ ჩემებურად გავიტრუნე
თორემ, ისევ გაზაფხულში დაგემალე

გაზაფხული, კვლავ უშენოდ გადავიდა
და ზაფხულიც მოგვადგება კარზე, მალე...
ამიხსენი ბორკილები, აღარ მინდა
თორემ, ისევ უშენობა გამაწვალებს

პატარა ნაკლი

მე მახსოვს ეს გზა,
სიყვარულის ფერით მოცული
ჩემი ხმა გესმა,
იდუმალებით გარემოცული
მე მახსოვს როცა,
შენს აღმართზე გამომეკიდე
არ ღირდა მოცდა,
დამეწიე, ხელი მომკიდე
მე მახსოვს კარი,
შორეული გზა, რომ დამთავრდა
შენ ხელი მკარი,
და ცხოვრებაც, უცბად გათავდა
მე მახსოვს კართან,
არეული წარსული იდგა
ვიღაცა ქართან,
საუბრობდა კედელის მიღმა
მე მახსოვს მაშინ,
ვიდექი და ლამაზად წვიმდა
ფიქრების წყალში,
უმოწყალოდ დახრჩობაც ღირდა
მე მახსოვს კარგად,
არეული ჩვენი ქმედება
მე ვიცი, ბრალად
სულ პატარა ნაკლი მედება

ცოდვილი სული...

მე ვიცი, რომ მომკლავს დარდი და
დარდების უაზრო რონინი...
სულ ერთხელ შემიყვარდი და
ყოველდღე, მიხდება ლოდინი...

მე ვიცი, ცეცხლში რომ ვიწვოდე,
ეშმაკს რომ მივყიდო სული...
ო, როგორ შორსა ხარ, იცოდე...
და შენსკენ მომიწევს გული...

მე ვიცი, დაორთქლილ ფიქრებში...
ცრემლები ქარგავენ ფიქრებს...
ბურუსით შენიღბულ ნისლებში,
მე ისევ, მარტოკა ვიფრენ...

მე ვიცი და მაინც ვაგიჟებ...
ლოდინის ცხოველურ სურვილს,
ისევ, დავითვლი ნაბიჯებს...
კვლავ შენით, მოვიკლავს წყურვილს...

მე მაინც, ფიქრებში გმალავ და
კვლავ, შენსკენ მომიწევს გული...
ო, ღმერთო! მომეცი ძალა და
მიხსენ, ცოდვილი სული...

უშენოდ მცივა...

შენით გადაღლილი, ჩემი მოგონება...
ლექსში ჩავტიე და
რითმა შევარჩიე...
ისევ,
ამირია ფიქრმა მე გონება...
ისევ,
ჩემს ფიქრებში შეგამჩნიე...
ჩვენი მოგონება წვიმად გადაიქცა...
გთხოვ, რომ მაპატიო
ჩემი აპათია...
თვალი ისევ,
შენსკენ გამოიქცა...
გულმა ყველაფერი გაპატია...
შენმა მოგონებამ, სად არ მომატარა...
დღემდე, ისევ შენით ვივსები...
იცი, ხან წვეთი ვარ,
უხმო და პატარა...
ხან კიდევ, ზვირთი და
ხან კიდევ, ნისლები...
ისევ ქართან მინდა,
დავითვალო წამი...
დროში მოვაქციო, დავივიწყო დარდი...
გახსოვს, ქარს მოვყევი
მთვარიან ღამით...
გახსოვს, გიყვარდი და
უზომოდ გწამდი...
და ქარს გავატანოთ ჩვენი შეპირება...
ვიცი, გაწვიმდება
და მომიღებს ბოლოს...
მე, შენს დანახვაზე ისევ მეტირება...
წვიმის წვეთივით
ავღელდი მხოლოდ...
მინდა გრძნობებისგან მალე დავიცალო...
რადგან, უშენობამ
გული გამისივა...
იქნებ ერთი წამით, მაინც მოიცალო
ვიცი ზაფხულია,
და უშენოდ მცივა...

ისევ შემიყვარდები...

ისევ ამეკვიატა,
შენი მოგონებები...
მე ხომ, შენი ფიქრები,
თავზე უხვად მეყარა...
ისევ, დაგინახე და
ამეშალა ვნებები...
გულში მოგონებები,
ისევ შემომეპარა...
ისევ, მელოდებიან,
შენი შავი თვალები...
ისევ, მომაგონდება,
შენი ჩუმი ვედრება...
არ დანებდე ცხოვრებას,
თორემ გაითვალები...
წლები გავა და გრძნობა,
მაინც დაგიბერდება...
ისევ აყვავდებიან,
გაზაფხულზე ვარდები...
ისევ გაიაპრილებს,
შენებურად მაისი...
თუ არ მნახავ, ცხოვრებას
დაეშვება ფარდები...
ისევ მოგენატრება,
ჩემებური ხალისი...
მე სიცოცხლეს გაჩუქებ
და თავიდან დავიწყებ...
შეურიგდი ცდუნებას,
თორემ დაიჩაგრები...
მაინც, შენთან მოვალ და
დაგიკოცნი მაგ თითებს,
და ყოველდღე ხელახლა
ისევ შემიყვარდები....

მზე

ვერ გამიგია, რა მინდა მე
გულში სიყვარულს,
რატომ ვინახავ
ისევ მიყურებს ამაყი მზე,
ასეთი მზე,
არსად მინახავს?

ვერ გამიგია, რა მინდა მე
შენთვის ვლოცულობ,
პირჯვარს ვისახავ
ისევ, ამოვა მშიერი მზე,
და საკვებს,
მაინც გამომინახავს

ვერ გამიგია, რა მინდა მე
ამდენს რომ გეძებ,
ნუთუ, შინ არ ხარ
შემომიფრინდა ფანჯრიდან მზე,
ცვრათვალა მზე,
თურმე შენა ხარ

ვერ გამიგია, რა მინდა მე
ლამაზ ოცნებად,
რად არ გინახავ
მკერდში მიფეთქავს ნათელი მზე,
მე მკვდარი მზე,
არსად მინახავს

ვერ გამიგია, რა მინდა მე
გულში ფერები,
რად არ მელევა
არ მომასვენებს ლამაზი მზე,
ფერადი მზე,
გადამერევა

შიშველი ღამე...

სულ გაშიშვლდება გონება...
ისევ, დამათრობს ფიქრები...
ეგ კოცნა მომაგონდება,
და გიჟი, შენი ვიქნები...

მაგ კაბის აფრიალება,
მოშიშვლებული ფეხები...
ამ სულის აღრიალება,
და სინანულის შხეფები...

სავსე მტევნების ალერსი,
აკვირტებული კერტების,
ისევ, მიყურებ თვალებში...
და უკვე, ვეღარ ვჩერდები...

გრძნობა გიჟივით მომვარდა,
ხან ერთი იყო, ხან ორი...
ჯერ ყელზე, ნაზი კოცნა და...
ყურზე შეშლილი ამბორი...

კაბა გაგხადე მალულად,
სხეულს აშლია ზვირთები...
შენს თმებში შემოპარულა,
მოურიდებლად თითები...

ტანს დაგიხორკლავ ფერებით...
კვლავ აკვნესდება სიჩუმე...
ათასჯერ მოგეფერები,
ათიათასჯერ გირწმუნებ...

ეს ღამე ჩვენი იქნება,
ყოველთვის მომაგონდები...
ისევ, დამათრო ფიქრებმა...
ისევ, გაშიშვლდნენ ფოთლები...

გაზაფხულივით ავტირები...

აპრილს შენს ღიმილში ავამღერებ
და გაზაფხულივით დაგითბები
მაინც ვერასოდეს დამაჯერებ
რომ არ გყვარებია ეს რითმები

აპრილს მოგაწონებ ყვავილებით
ვიცი, რომ აქამდე მაკვირდები
ისევ შენს ლოდინში დავიღლები
და გაზაფხულივით ავკვირტდები

წვიმა შენს ფანჯრებთან მელოდება
წვიმა წვეთებივით ამაღელვებს
აპრილს ეს ფოთლები ეცოდება
და გაზაფხულივით აამღერებს

მიწას ჩემს გარშემო მომიბარავ
ისევ შემომხედავ გაჭირვებით
მერე, აპრილს შენთვის მოვიპარავ
და გაზაფხულივით ავტირდები

აპრილს სიყვარულით გავირთულებ
და გაზაფხულივით გავშიშვლდები
ჯერ, მარტს შენს ფიქრებში გავისტუმრებ
მერე აპრილივით დავმშვიდდები

***

აღარ მიყვარს სიყვარული,
ეს უაზრო წადილი
დავიღალე, ნერვებს მიშლის
ქალის თეთრი მანდილი
არაფერი არ მიხარებს,
გულს მიკლავენ დარდები
ახლოს არვინ არ მიკარებს,
ოხრად მრჩება ვარდები
ლექსის წერაც აღარ მინდა,
მუზას დავდევ ფიქრებით
ეს ცხოვრება რამედ ღირდა?
შენთან თუ არ ვიქნები...
ნუთუ, მაინც დაიჯერეთ?
ფარდა დამრჩა ახდილი
დღეს პირველი აპრილია
მოტყუება ადვილი

შენ გიხდება მაისი

ზაფხულია, ხალისი
მიხარია, ვხალისობ
თვალს ჩამიკრავს მაისი,
გაშიშვლდება აგვისტო

მზე ზენიტობს თავისით,
ფრთებს დამაჭრის ამიტომ
გაგიჟდება მაისი,
გაფრინდება აგვისტო

ზღვა სველდება ფერებით,
და მაისი მაისობს
მოვალ, მოგეფერები
ვერ დამასწრებს აგვისტო...

კვლავ, სიყვარულს აგიხსნი
გინახულებ მაგიტომ
შენ გიხდება, მაისი
მე მიხდება, აგვისტო

ამიტოვე იმედები...

ქარი, ჩემს მაგივრად
გევედრება...
ქარმა ამრია და
ამაფორიაქა...
ნუთუ, არ ჩაგესმის ეს ვედრება...
ისევ გევედრები,
მოდი ახლა...

მე, ქარს გავატანე
შენი მდუმარება...
ისევ, ძველებურად
მეძნელები...
თუკი, შემეტყობა მღელვარება...
მაშინ,
დამივიწყე, გევედრები...

ქარი აგიწეწავს
და თმებს, ირგვლივ მოფენს...
მე, ქარს ვერასოდეს შევედრები...
თუკი, აღარ გინდა
ჩემთან ყოფნა...
მაშინ,
დამივიწყე, გევედრები...

ქარი მეუბნება:
გულში ქვა რომ გედო...
მაინც, მონუსხული
შენსკენ ვიხედები...
ოღონდ, არ დამტოვო
უიმედოდ
ოღონდ, დამიტოვე იმედები...

თურმე მყვარებიხარ...

ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად...
ისევ, აკორდებით გეფერები...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად...

აკორდი შემეშალა, ავირიე...
სული ყინულივით გამიცივდა,
უცებ დაგინახე, გადამრიე...
თითებზე აკორდი შემაცივდა...

მუსიკა აზრებად ავამღერე...
სიტყვები ტუჩებზე მიმოდიან,
გთხოვ ნუ გამაჩუმებ, ამამღერე...
ნუღარ შეაჩერებ მელოდიას...

ისევ, აკორდები მელანდება...
გულშიც აკორდები გროვდებიან,
თითები კლავიშს ებლანდება...
როცა, ეგ თვალები მშორდებიან...

ისევ, ვერ ავიღე ის აკორდი...
ისევ, ფალშია და ისევ მეძნელება...
ისევ, ოცნებებად ამიგორდი...
ისევ, მიგვატოვეს ენძელებმა...

ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად...
ისევ, აკორდებით გეფერები...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად...

თუ მოგენატრო...

თუ მოგენატრო, გამიხსენე...
ისევ შენი ვარ...
შენზე ვლოცულობ,
რომ გიყურებ,
ბედნიერი ვარ...

თუ მოგენატრო, გამიხსენე...
არ დამივიწყო...
არ გამოგივა,
ნუ ეცდები,
გადამივიწყო....

თუ მოგენატრო, გამიხსენე...
სამარადისოდ...
ერთად ვიაროთ,
სამუდამოდ,
სამარემდისო...

თუ მოგენატრო, გამიხსენე...
გადამერია...
შებინდებისას,
ღამე, ისევ...
ბინდისფერია...

თუ მოგენატრო, გაიხსენე...
ჩვენი ნატვრები....
ასე მგონია...
აღარასდროს მოგენატრები...

გადავიფიქრე...

რაღაც მინდა, მეთხოვა
მაგრამ,
გადავიფიქრე
ისევ,
სხვასთან გარბიხარ,
მე კი,
რა არ ვიფიქრე
სევდა ნაიარევი,
ვითომ დავიარები
ისევ,
მტკივა სევდა და
თუკი,
რამე მებადა
შენთვის დავთმე
ყოველი
შენს
სიყვარულს, მოველი
ისევ,
შენთვის ვინთები
ისევ,
შენთან ვიქნები
შენი
ნაზი თითები
ამერია რითმები
ისევ,
შენ თუ მიშველი
ფიქრები მაქვს
შიშველი
რაღაც,
უნდა მეთქვა და
რაღაც,
უნდა მეკითხა
ამერია თავი და
დამავიწყდა, შეკითხვა
ისევ,
მაგვიანდები
შენ მელოდი
ვიფიქრე
რაღაც მინდა, მეთხოვა
მაგრამ,
გადავიფიქრე

ქალი და მარტი

ქალი ხომ,
მარტივით გიჟია
ხან გკოცნის,
ხან ჩუმად გისმენს
ხან,
სიტყვას მოგახლის ხინჯიანს
ხან კიდევ,
შენს ფიქრებს მისდევს
ქალი ხომ,
მარტივით ფიქრია
არ იცი, რა უნდა, როდის
ხან,
შენგან სადღაც, მიქრიან
ხან კიდევ,
შენთან მორბის
ქალი ხომ,
მარტივით ლაღია
ხან წავა,
ხან, ისევ მოვა
ხან,
წვიმად მოვა თვალღია
ხან,
მზეში მოვა თოვად
ვხედავ,
მარტივით ატირდა...
ფიქრებაშლილი ვარდი
ისევ,
მოვიდა მარტი და
ხელახლა
შემიყვარდი

მესიზმრები...

როცა მტანჯავს მარტოობის ბნელი ღამე
მესიზმრები,
სულ გადამრევს მე,
სიზმრები

ღამეს ჩუმად მოვუყვები ამბავს,
სანთლის შუქზე,
დავაძინებ ღამეს
ღამე შენსკენ უხილავ გზას ლამბავს,
შენზე ფიქრში ღამე დავაღამე
რადგან ღამე, მაინც მიდის, თენდება
აქ არ ხარ და
ჩემი ფიქრი გშვენის
ჩემი გული მაინც, არ დაბერდება
ჩემი დილა დაიწყება შენით
რადგან მაინც, მიდის დრო,
არ ჩერდება
რადგან ღამე, ისევ შენი ფერია
რადგან გული, მაინც არ გაჩერდება
რადგან ღამე შენით გადამერია
მე, უშენოდ აბა. რა მეშველება
ისევ შორს ხარ,
ღამე დნება ფერებად
უშენობით ღამეს რა ეშველება
დილა ისევ, ისე მომეფერება
ღამე დილას გამითენებს მზიანს,
ღამეს შეცვლის,
მზის სხივები მწველი
უძილობა მომაყენებს ზიანს,
ვიცი მაგრამ, მაინც, ისევ გელი

როცა მტანჯავს მარტოობის ბნელი ღამე
მესიზმრები,
სულ გადამრევს მე,
სიზმრები

მე ვარ, ტუსაღი

მე, არ ვნებდები უშენობას
მკლავს სინანული,
მე ვარ, ტუსაღი
მონატრების და
სიყვარულის.

მე ვარ, უზომოდ ბედნიერი
თუმცა ეული,
მე ვარ, ტუსაღი
მონატრებად
გადაქცეული

მე ვარ, მდუმარე, მოლოდინის
მკლავს დავიწყება
მე ვარ, ტუსაღი
და ეს, ვიცი
არ გავიწყდება

მე, არ ვნებდები უშენობას
თუმცა ძნელია
მე ვარ, ტუსაღი
ეს დღეებიც
არ დამელია

მე ვარ, ტუსაღი
მონატრების და
სიყვარულის.
მე, არ ვნებდები უშენობას
მკლავს სინანული

მე თუ მოვკვდები...

მე თუ მოვკვდები,
ეგ თვალები მომკლავენ ღამით...
თვალებს დავხუჭავ...
წარმოვიდგენ, ჩემთან ხარ წამით...

მე თუ მოვკვდები,
მხოლოდ, შენი თვალები მომკლავს...
გაზაფხული ხომ, შენს თვალებში
ამ ღამეს მოჰყავს...

მე თუ მოვკვდები,
რომ მოვკვდები აშკარად ვიცი...
შენი თვალების გაღიმებას,
ვუცდი და ვიცდი...

მე თუ მოვკვდები,
მე, სიკვდილი სულ არ მაშინებს...
თუმცა, ამ ღამით მაგ თვალებმა
გადამარჩინეს...

თვალებს დავხუჭავ...
წარმოვიდგენ ჩემთან ხარ წამით...
მე თუ მოვკვდები,
ეგ თვალები მომკლავენ ღამით...

სევდა, სევდა...

სანამ შენი სიყვარული
შემშლიდა და
გადამრევდა...
გულზე დარდი მომეძალა
მაწუხებდა,
სევდა, სევდა....
ქარი თითქოს გზას მიბნევდა
უმოწყალოდ...
ფიქრებს რევდა
გული სულმთლად გამიწვრილდა
მაწუხებდა,
სევდა, სევდა...
მზეც კი თითქოს ანათებდა
თითქოს
აღარც ანათებდა...
ხანაც მეკაშკაშებოდა
ხანაც მაწუხებდა,
სევდა
ისევ ორცეცხლს შუა ვიდექ
ისევ
თავის ალში მხვევდა
სანამ სულ არ დავიფერფლე
მაწუხებდა,
სევდა, სევდა...
აქაფებულ ნაპირებთან
ზღვა
სიყვარულს მაძალებდა
სანამ შენი სიყვარულით
სევდა
სულ მთლად გადამრევდა

ოღონდ შენი ვიყო....

ოხშივარი ასდის კაბას,
ცრემლი თვალებს ედინება...
გავათენო მინდა შენში...
მაგრამ,
ყოველ დილას მეძინება...

დავკანკალებ შენზე ფიქრებს,
შენზე დარდი მედარდება...
დავაღამო მინდა შენში...
მაგრამ,
ღამე სადღაც მეკარგება...

ცრემლს და წვეთებს ტანი აშრობს,
კაბას ცეცხლი ეკიდება...
შენი ოხშივარი ასდის...
მაგრამ,
შენი მაინც ერიდება...

კაბის მიღმა მკერდი მღერის,
და ფოლაქიც აგიწყდება...
გაგიჟება მინდა შენით...
მაგრამ,
ყველაფერი მავიწყდება...

ოხშივარი ასდის კაბას,
და სურნელი შენი მათრობს...
მინდა, დაგიკოცნო კაბა...
მინდა,
შენი კაბა ვმართო....

შემოგახევ ტანზე კაბას,
დაგისიებ თვალებს კოცნით...
ოღონდ, შენი ვიყო მარად...
ოღონდ,
შენი ვიყო მოცდით...

ისევ გამაცურო

ტანზე კაბა მოგტმასნია
როგორც სურო,
და მაგ კაბით გინდა
ისევ გამაცურო?
კაბის შიგნით გაუშლია
სხეულს ვარდი,
აღარ გახსოვს?
მაგ კაბაში შემიყვარდი

ჭრელი კაბა ვერ გიფარავს
სასვე უბეს,
მაგ უბეში, ეს თვალები
დავაგუბე
მაგ უბიდან საოცარი
გრძნობა კივის,
და განვიცდი, ჩემს უბეში
უხმო ტკივილს

მოკლე კაბა ვერ გიფარავს,
მუხლის თავებს
გაზაფხული, მარტს კაბაში
გაათავებს
ისევ მესმის შორეული,
ოხვრა გედის
ისევ კვნესის, შენს უბეში
ჩემი ბედი

ჭრელი კაბა,
მოკლე კაბა
მოგტმასნია
როგორც სურო
და მაგ კაბით
ცდილობ, ისევ
ეს თვალები გააცურო

აღერღილი სიყვარული

შენი ღიმილი ხომ, ჩემი წამალია,
შენი გამოხედვა, შენი მიმიკები
შენი ცხოვრება ხომ, უგზო ტრამალია,
შენი ოცნებების ბილიკები

შენი არსებობა, ჩემი დუმილია,
შენი სურვილი და შენი მოლანდება
შენი სიხარული, ჩუმი დუღილია
შენი ტუჩების ასე მონატრება,

შენი სხეული ხომ, თეთრი ღრუბელია
შენი მოქუფრება, შენი გაღიმება
შენი სუნთქვაა და შენი სურნელია,
შენი საოცარი აწვიმება

შენი აურა ხომ სუფთა, ანკარაა,
შენი აფეთქება, სიხარული
შენი დაბრუნება აშკარაა
შენი აღერღილი სიყვარულით

ისევ გავფრინდებით...

ისევ შეჩერდები,
თუნდაც ერთი წამით...
ისევ გავფრინდებით,
მაინც ერთად ვივლით...
ვიცი, მაინც მოხვალ...
როგორც დილის ნამი,
ისევ ამღერდება სევდა ყოველ დილით...

რაღა დამაძინებს, ისევ გამაწბილა,
თავზე დამათენდა ღამე მთვარეული...

უკვე, მერამდენე დილამ გამაცილა,
ისევ ღამეები, ფიქრებ არეული...

უკვე, მერამდენე ღამემ, გამიმეტა...
ისევ ღამეა და ისევ გაგრძელდება,
შენი მონატრება დამებედა,
თუმცა, შენზე ფიქრი არ მბეზრდება...

ღამეს ბინდისფერი დაედება,
მაგრამ სიმარტოვე არ მცილდება...
დილა ოცნებებით დაბერდება,
დილა მონატრებით გაცივდება...

რაღა დამაძინებს, არადა ბნელდება...
რა დააძინებს, ახლა ამ წუთებს...
ჩემდამი ლტოლვა კი არ ნელდება...
ჩემდამი ლტოლვა უფრო გაწუხებს...

ვიცი, მაინც მოხვალ,
როგორც დილის ნამი...
ისევ ამღერდება სევდა, ყოველ დილით...
ისევ შეჩერდები,
თუნდაც ერთი წამით წამით...
ისევ, გავფრინდებით,
მაინც ერთად ვივლით...

***
ნუთუ, მარტია და
ნუთუ, კვლავ მარტო ვარ...
ნუთუ, მიმატოვებს ისევ, გაზაფხული...
ნუთუ, მარტმა ისევ დამათოვა...
მაშ, რად დამიტოვე გრძნობა დაზაფრული...
ნუთუ, ისევ გჯერა, რომ არ მიმატოვე...
არადა, გრძნობა ხანდახან ხუნდება,
როდის მოგბეზრდება ასე სიმარტოვე...
და გრძნობა, როდის დაგიბრუნდება...
ახლა, მარტია და, ისევ მეფიქრები...
და მაინც მჯერა, რომ ისევ მარტო ვარ...
რავი, ასე ფიქრობს ეს ფიქრები...
რავი, კვლავ მარტოკა დამტოვა...
თუკი, მარტია და
თუკი, ეს ფიქრები...
მხოლოდ ეჭვი და
მხოლოდ ფიქრია...
მაშინ გელოდები, ისევ გელოდები...
თუ მიტოვება არ გიფიქრია....

უკვე მარტია...

უკვე მარტია და მაინც მენატრები,
გულში ისევ ფეთქავს, შენი მოლანდება...
შენ კი, არ მკითხულობ, აღარ გენაღვლები...
მე კი, შენი ხილვა მენატრება...

რატომ მენატრები, ასე გამალებით...
შენი მონატრება ცეცხლად მომდებია,
მიკვირს, რატომ დგახარ, ასე მდუმარებით...
როცა ის დღეები, დღეებს შორდებიან...

შენი მონატრება მექცა მოგონებად,
იცი? უშენობას ვეღარ მივეჩვიე...
მარტი გააშიშვლეს უცხო გოგონებმა,
მე კი, გაშიშვლება ჯერ არ შევიმჩნიე...

ისევ მენატრები, უფრო გაგიჟებით...
სულში ამიფეთქდა შენი მოგონება,
ისევ მომეპარნენ, უხმო ნაბიჯებით...
ისევ გამაგიჟეს უცხო გოგონებმა...

მე კი, შენი ხილვა მაინც მენატრება...
შენ კი, არ მკითხულობ, აღარ გენაღვლები...
გულში ისევ ფეთქავს, შენი მოლანდება...
უკვე მარტია და ისევ მენატრები...

* * *

გულო ჩადექ საგულესა... სიყვარული ჩვენს გულებსა...

სიყვარული გამიფრინდა, როგორც წლები...
ისევ ვტირი... ისევ ვფიქრობ,
ისევ ისე მენატრები...
გახსოვს? ისევ,
ჩვენი კაფე, ჩვენი პიცა, ისევ ვისკი...
ეხლა, ისევ მარტო ვარ და ისევ, უშენობით ვიწვი...

რას მერჩოდი, რა გინდოდა,
რატომ ამიმღვრიე წყალი...
ახლა, ისევ მესიზმრები...
უშენობის მდაგავს ალი.

ისევ, ისე იფეთქებს და...
კვლავ წაგვლეკავს ისევ, ძალით...
ისევ მოხვალ თეთრი კაბით,
ოცნებების პატარძალი...

კვლავ იქნება, ჩვენი კაფე...
კვლავ იქნება, ჩვენი ვისკი...
ისევ, ისე დიდი შიში...
ისევ, სიყვარულის რისკი...

კვლავ იქნები, ისევ ჩემთან,
კვლავ გაგითბობ ხელებს, ისევ...
ოღონდ, ისევ გიცქირო და...
ოღონდ, შეგიყვარდე მყისვე...

გულო ჩადექ საგულესა... სიყვარული ჩვენს გულებსა...

ჩემთან, ისევ აპრილია...

ჩემთან, ძველებურად ისევ, აპრილია...
ისევ, ის დღეებია, დროში ჩარჩენილი...
ასე მიტოვება მართლა, ადვილია...
ნუთუ, არაფერი არ გაქვს დარჩენილი...

ჩემთან, ძველებურად გაზაფხულია და
ჩემი ოცნებებიც გაიაპრილებს,
თურმე, უშენობა ასე ძნელია და
ისევ მივუყვები, მე შენს ნაპირებს...

ჩემთან, ძველებურად ისევ, ის დღეებია...
ერთად რომ ვიყავით, ფარულად...
შენი ღიმილები, ჩემი სიხარულებია...
მოდი და მითხარი მალულად...

მითხარი, რომ ისევ ისეთი შმაგი ხარ,
რომ მალე აპრილიც გაიმაისებს...
იცი, რომ ისევ ისე, მაკლიხარ...
იცი, რომ ისევ ველი მაისებს...

ჩემთან, ძველებურად ისევ აპრილია,
ისევ, მაგონდება შენი სახე...
შენმა სიყვარულმა გონება ამირია,
წუხელი სიზმარში დაგინახე...

ნუთუ, არაფერი არ გაქვს დარჩენილი...
ასე მიტოვება მართლა, ადვილია...
ისევ, ის დღეებია, დროში ჩარჩენილი...
ჩემთან, ძველებურად ისევ აპრილია...

* * *

სულ ოთხით ხომ არ ივლი
მაინც გამაგიჟებ
მაინც შემოგივლი
და მაინც დაგპატიჟებ

ვიდრე შენამდე მოვიდოდი
იცი რა ვიწვალე?
რამდენი გზა და
რამდენი ბილიკი
გამოვიცვალე

ვიდრე შენს ხმას გავიგებდი
ტყვიას არ მესროდა
პირს რომ გააღებდა
მისი არ მესმოდა

ვიდრე შეგიგრძნობდი
იცი რა ვიგრძენი?
მაინც შემინდობდი
გული გქონდა გრძელი

ათასჯერ დავეცი
და მაინც, მარტომ...
ვიარე და გავეცი
პასუხი, კითხვაზე:
რატომ?

მიყვარს, მხოლოდ სიყვარული...

ვიცი, შეგნებულად აღარ მიღიმიან...
ვიცი, რომ ჩემთვის აღარ იმოსები...
ალბათ შენთვის, რამხელა სიმძიმეა...
რხევა მიმოზების...

ვიცი, რომ სულ მალე,
მალე დავმთავრდები...
რომ თებერვალივით,
მოკლეა ეს სიცოცხლე...
შენ კი, ისევ აქ ხარ...
და აღარ მთავრდები
და შენზე ვლოცულობ
ღმერთო ის მიცოცხლე...

ვიცი, მიმატოვებს ყველა ერთიანად,
ვიცი, უჩემობას ყველა მიეჩვევით...
ასე, უღმერთოდ და ღმერთიანად,
მაინც მოგეხვევით...

ღამე დამადგება თავზე სიზმარივით,
ვიცი, რომ ამ ღამეს ისევ გენატრები...
ფერი შემეცვლება, უცებ მიტკალივით...
ღამეს ვემადლები...

ალბათ, შემამჩნიეთ, რომ ვარ უცნაური...
რომ სხვებს არ ჰგავს, ჩემი ფიქრები...
რომ მიყვარს,მხოლოდ სიყვარული
რომ, მხოლოდ შენი ვიქნები...
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×