შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

* * *
(ნიკო გომელაურის ხსოვნას)
13.04.2010

მზეა გარეთ,
გულს სხივები ვერ ათბობს...
მახსოვს ღვინო,
შავი ღვინო მათრობდა...
შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო...
მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...

ლექსებს ისევ,
შავ ღვინოში დავეძებ...
ატმის ბაღებს უშენობა ათოვდათ...
რას დავეძებ მომავალს და აწმყოს...
მე, წარსულის მოგონება მათბობდა...

ტანჯვას მაინც დავიკიდებ ფეხზე...
ისევ მოვალ ზვარაკად და მათხოვრად...
არ ვიფიქრებ,
არ ვიდარდებ ბედზე...
მიგვატოვე და უღმერთოდ მარტო ვართ...

დაგვტოვე და მაინც ისევ აპრილდა...
მზეა მაგრამ,
თითქოს მზეც კი ვერ მათბობს...
ახლა, მართლა უცნაურად აგრილდა...
შავი ღვინოც უშენობით დამათრობს...

შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო...
მახსოვს ღვინო,
შავი ღვინო მათრობდა...
მზეა გარეთ,
გულს სხივები ვერ ათბობს...
მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...

სიზმარში...
7.04.2010

ზოგჯერ მგონია,
სიზმარში ვცხოვრობ...
და გამუდმებით გეძებ და გნატრობ...
თავისუფლება შენში რომ ვპოვო...
სიზმარს, უშენოდ ყოველდღე ვათრობ...

ზოგჯერ მგონია,
სიზმარში გხედავ...
მავიწყებ აწმყოს, მაინც იმედით...
და თითქოს, ფიქრებს მე ვეღარც ვბედავ,,,
და თითქოს, უკვე სადღაც მივედით...

ზოგჯერ მგონია,
სიზმარში მოხვალ...
და არასოდეს დამტოვებ მარტო...
არადა ვიცი, შენ ისე შორს ხარ...
რომ, დღესაც ისევ ისევე გნატრობ...

ზოგჯერ მგონია,
სიზმარში მნახავ...
და ღამის პირზე ფიქრებს გამიღებ...
ო, როგორ მინდა მოგენდო ახლა,
და სანამ დილა სხვაგან წამიღებს...

ზოგჯერ მგონია,
სიზმარს ვეჩვევი...
ასე დაღლილი ღამეც ღამდება...
სიზმარში ისევ შენთან ვეშვები,
და ღამეც ისევ, ჩუმად წყნარდება...

ზოგჯერ სიზმარში,
გეძახი თითქოს...
დაგეძებ, გნატრობ, ისევ გიგონებ...
და გული ისევ, შენს ამბორს ითხოვს...
და მთელი ღამე კოცნას ვიგონებ...

რა მინდა?..
5.04.2010

აპრილდა,
და მარტიც უშენოდ გაფრინდა...
წლები და თვეები წავიდა,
რა მინდა?
რად მინდა?
არ ვიცი...
მართლა არ ვიცი...
რა მინდა...

მე ვიცი, აპრილდა...
მე დაგდევ აპრილთან...
უღრუბლო ნაპირთან,
რა მინდა?
რად მინდა?
არ ვიცი,
მართლა არ ვიცი...
რა მინდა...

მე ვიცი,
გეძახე ნამდვილად...
სადა ხარ?
ვერ გნახე ადვილად...
ამიტომ მოვედი აპრილად...
რა მინდა?
რად მინდა?
არ ვიცი...
მართლა არ ვიცი...
რა მინდა...

მარტი ხომ წავიდა...
ზამთარი გავიდა...
და ზაფხულს ვეძახი,
ისევე თავიდან...
რა მინდა?
რად მინდა?
გგონიათ მე ვიცი, რა მინდა?
არ ვიცი...
მართლა არ ვიცი...
რა მინდა...

დავიწყოთ თავიდან?
აპრილდა,
და მარტიც უშენოდ გაფრინდა....
წლები და თვეები წავიდა...
ნეტავი ვიცოდე...
რა მინდა...
ან დღეს რაღატომ
აგრილდა?

დამაბერე...
1.04.2010

მაგიჟებენ ნაოჭები შენს სახეზე...
მერამდენედ ველოდები თვალებს მზიანს...
დამაბერე,
ო, რა ძლიერ დამაბერე...
მაგრამ ფიქრი არასდროს არ დამკარგვია...

მაოცებენ, ეგ თვალები სევდით სავსე...
მერამდენედ ველოდები თვალებს წყლიანს....
დამაბერე,
ო, რა ძლიერ დამაბერე...
არც ოცნება არასდროს არ დამკარგვია...

მაშინებენ შენს სახეზე ნაოჭები...
მაბიჯებენ,
გულზე ისევ მაბიჯებენ...
შემოგყურებს გაზაფხული გაოცებით...
მაშინებენ და უღმერთოდ მაგიჟებენ...

მე სიცოცხლე შემაყვარა შენმა ნატვრამ...
მერამდენედ ვეფერები თვალებს მარტო...
დამაბიჯე,
შენთვის სუნთქავს გული, მართლა...
დამაბერე რომ უცებ არ გიღალატო...

შენს სიყვარულს აწითლებულ ღაწვებს ვანდობ...
მოხვიდოდე...
ორნი ერთად დავეტევით...
დავბერდი და
უშენობით ისევ ვდარდობ...
და სიბერეს ვებრძოლები გამეტებით...

გიგზავნი სტრიქონებს...
31.03.2010

გდიე და გეძებე ნისლსა და ბურანში...
მეგონა გიპოვე,
კვლავ ფიქრებს მიგანდე...
მთელი გზა გავლიე მე, შენზე ზრუნვაში...
და ღამეც, უშენოდ გავზომე დილამდე...

ახლა კი, ღამეა და ვიცი, მჭირდება...
ეს ღამეც მივანდო ისევე, მაჟორებს...
შენ ალბათ, ვერ ხვდები...
თუ როგორ მინდება...
და მაინც შენამდე, ეს ღამე მაშორებს...

ეს ღამეც, ისევე გადავდე ხვალისთვის...
მე ვიცი გიპოვი,
სიყვარულს გპირდები...
რომ ღამე თავისთან, წამიღებს თავისთვის...
რომ მოვალ და გეტყვი, რომ ისევ მჭირდები...

და მაინც, ეს ღამე ფიქრებით მევსება...
იმ დღეებს ვიხსენებ,
იმ კოცნას ვიგონებ...
როდესაც ეგ გული, გაგითბო ლექსებმა...
და ახლაც,
იმედად გიგზავნი სტრიქონებს...

როიალი...
7.03.2010

დღემდე
მაგიჟებდა ფიქრი არაფერზე...
ღამით მაღვიძებდა, მთვარე მგლოვიარე...
იწვა უშენობა შიშველ ქარაფერზე,
ღამეს უმღეროდა შავი როიალი...

მესმის,
უშენობამ დარდი წამიშალა
თავი მომაბეზრა ქარის ბორიალმა
ისევ მერამდენედ მომდევს ქარიშხალი
ისევ მესიზმრება, შავი როიალი...

მკლავდა...
უშენობა, ისევ გამეტებით
ღამეს მიღვიძებდა, მთვარე მომტირალი...
ლოდინს უსაშველოს ვაღმერთებდი
ახლა, მენატრება შავი როიალი

ისე მეშინია...
ღამეს ვეფარები....
ვიცი, გამაღვიძებს მთვარე, მგლოვიარე...
ისევ აჩრდილივით შემომეპარები
შენს თავს გამახსენებს, შავი როიალი...

ამარტდა...
1.03.2010

გაზაფხულს თვეები უეცრად გასცვივდა...
ამარტდა,
თებერვალს ჩამოვრჩი წვალებით...
ვიგრძენი, უშენოდ... ო, როგორ აცივდა...
მარტი კი, მიყურებს კვლავ შენი თვალებით...

წარსულში დავტოვე ფიქრი და აზრები...
ამარტდა,
თებერვალს საკინძე შეხსნია...
გაზაფხულს, უშენოდ მოვტაცე ფრაზები...
მარტი კი, აქაა და ვიცი, შენშია...

სუსხი და სიცივე მივაგდე კუთხეში...
ამარტდა,
თებერვალს ვივიწყებ ამაოდ...
წარსული აგდია უაზროდ წუმპეში...
მარტი კი, მიბერავს ქარივით მარაოს...

გამექცა უეცრად ფიქრები წარსულთან...
ამარტდა,
თებერვალს მივენდე მაშინვე...
არ ვიცი რა მინდა,
ვერ მივხვდი რა მსურდა...
და მარტიც უშენოდ, ისევე მაშინებს...

და მაინც, იმედი მაგიჟებს შიშველი...
ამარტდა
თებერვალს ფიქრები გასცვივდა...
გაზაფხულს მივენდე,
ვიცი რომ, მიშველის...
უეცრად ავღელდი და მარტიც აწვიმდა...

არ ვნანობ...
22.02.2010

მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ...
დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს...

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ...
არ ვიცი, რა მოსდით...
არ ვიცი, რა ვუყო...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ...

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ...
შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი...

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ...
ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს...

დღეს,
მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ...
და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა...
არ ვნანობ,
ტალღები ახლა თუ მომკლავენ...
და მერე,
უეცრად მიპოვი ნაპირთან...

გელოდები...
19.02.2010

ღამე გაშიშვლებულ მთვარეს აფერადებს...
ფოთლებს აფრიალებს ქარი გამეტებით...
ფილტვებს დავიბერავ,
სულის ჩაბერვამდე...
მოდი,
ერთ საწოლში ორიც დავეტევით....

ღამე ჩაფიქრებულ მთვარეს ეპარება...
ცივა გაშიშვლებულ ხეებს, დალოცვილი...
მინდა დაგინახო,
მთვარე მეფარება...
მე კი,
გელოდები ხელებგამოწვდილი...

ღამე ობოლივით დამდევს, მომლოდინე...
ვერსად გავექეცი, ვერსად დავემალე...
სიზმრებს მივეძალე,
შენი მოლოდნით...
ვიცი ამ ლოდინში,
როგორ დამეღალე...

ღამეს მიგიჟებენ ჩემი ქალღმერთები...
ხეებს ეფერება ქარის მარწუხები...
მე ხომ, შენს სიყვარულს
დღემდე ვაღმერთებდი....
იქნებ მაპატიო,,
თუკი გაწუხებდი...

მთვარეს, გაშიშვლებულს, ღამე ავიწყდება...
უკვე მერამდენე ღამე, მეორდები...
ფილტვებს დავიბერავ...
სუნთქვას დავიწყებ და
გულში შეგინახავ ადგილს..
გელოდები...

დღეები მელიან...
17.02.2010

დღეები დნებიან, თოვლივით...
ფიქრებად...
გაყინულ აწმყოში, მამშვიდებს წარსული,
მე მოვალ თოვლად და მე მოვალ ფიფქებად...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...

დღეები მიქრიან, უშენოდ...
ვბერდები...
დაღლილა ფიქრები ცბიერი წარსულით,
უკან რომ დაგდევდი ქარივით, ვჩერდები...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...

დღეები მელიან, მომავლის...
იმედით...
ცრემლიან ღრუბლებში, ნავარდობს წარსული,
რამდენი ვიარეთ და მაინც მივედით...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული

დღეები მარხავენ, უშენოდ...
იმედებს...
გალუმპულ მიწაზე ეცემა წარსული,
მე აწმყო გავთელე და ფიქრებს მივენდე...
ვერცხლისფერ სამოსში, და უკვე...
ზრდასრული...

დღეები სავსეა, უმიზნო...
ზრახვებით...
გამომშრალ ტალღებში იხრჩობა წარსული,
ვიხსენებ...
შენ და მზე, წარსულში მახვევდით....
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...

დღეები დნებიან, თოვლივით...
მაშინებს...
უშენო აწმყო და დაღლილი წარსული,
მე ხომ შენ მოგენდე, არ გახსოვს?
მაშინვე...
ვერცხლისფერ სამოსში და მაინც...
ზრდასრული...

ვფიქრობ დილამდე...
10.02.2010

მთელი ცხოვრება მხრებით ვატარე,
მთელი ცხოვრება ღიმილს ვმალავდი....
ქარში, წვიმაში გამომატარე...
დ ახლა, თითქოს, დავპატარავდი...

მთელი ცხოვრება ვავსებ ნაპრალებს,
ვეძებ ბილიკებს, მთებში მიმავალს...
მე უშენობა ქარს დავაბრალე
და ახლა, ფიქრებს მთებიც მიმალავს...

მთელი ცხოვრება ვათრობ ყვავილებს,
სადღაც იქ, მელის ხმელი ჭადარი...
ხვალ უშენობას ავიყვავილებ,
და ახლა, მაინც ფიქრებს დავხარი...

მთელი ცხოვრება ფიქრებს ვუნდები,
მთელი ცხოვრება სიზმრებს ვიხსენებ...
მივდივარ, მერე ისევ ვბრუნდები...
და ახლა, ისევ მთები მისმენენ...

მთელი ცხოვრება ფიქრში გავლიე,
მთელი ცხოვრება ფიქრებს მივანდე...
მთელი საღამო შენით ავრიე...
და ახლა, ისევ ვფიქრობ, დილამდე...

წამით...
3.02.2010

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
ისევ, ატირებულს მნახავ...
მე ხომ, უშენობა მძულს...
ისევ, ამატირე ახლა...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
ცრემლით ამოვივსებ თვალებს...
ისევ, გავისიებ გულს
და დაველოდები ხვალეს...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
წვეთი თუ ამივსებს ლოდინს...
წლებზე გადავიტან შურს,
ოღონდ, მოგეფერო როდის...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს,
ცრემლით გაპოხილა დილა...
წამებს დავივიწყებ სულ,
თორემ, უშენობით გრილა...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
ისევ, მიმატოვებ ახლა
მაინც, ამიწეწავ სულს,
მაინც, გადამრევ და წახვალ...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
და თუ დამივიწყებ წამით...
ღამეს, ამოვგლიჯავ გულს...
და მზეს დავაბრუნებ ღამით...

მე ველოდები...
2.02.2010

მე ველოდები...
სიზმარს არეულს,
ღამეს დამზრალს და ზღაპარს ფერებით...
მე უშენობით ვგავარ მთვარეულს...
უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...

მე ველოდები...
სიზმარს შორეულს...
დილას დარდიანს, დილას იმედის...
რომ გამაგიჟებს სევდამორეულს...
იმედი შენი, თუნდაც მცირედი...

მე ველოდები...
მათრობს სიზმარი...
არ გახსოვს? ერთად ღამეს ვპარავდით
ფიქრებს,
და მაინც ვერ დამიცავი...
და ახლა, თითქოს დავპატარავდი...

მე ველოდები...
ზღაპარს ფერებით,
არ ვიცი, მერე კარს ვინ გამიღებს...
უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...
და უშენობა თავგზას ამირევს...

მე ველოდები...
ვიცი რთულია,
და უკვე, გასცდა სევდა დარაბებს...
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია"...
და არ მპირდება ვიცი არაფერს...

მე ველოდები...
ისევ მელიან,
დარაბებს ვხედავ და ცივ რიკულებს...
დარაბებს იქეთ, სადღაც მღერიან...
მე, ჩაკეტილი შენს ლანდს ვუყურებ

მე ველოდები...
სიზმარს არეულს,
ღამეს დამზრალს და ზღაპარს ფერებით...
მე უშენობით ვგავარ მთვარეულს...
უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...

მომეჩქარება...
25.01.2010

ყოველდღე,
შენსკენ მომეჩქარება...
და უშენობას, დღემდე განვიცდი...
მე ვიცი,
ეჭვიც არ მეპარება...
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...

მე დღესაც,
შენი ფიქრი მიმონებს...
სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის...
მე ყოველ დილას,
შენთვის ვიგონებ...
გული თავისას მაინც არ იშლის...

მე ახლაც,
შენი კოცნა მაგიჟებს
და უშენობით ხედავ? ვბერდები...
მე ყოველ დილას,
ვითვლი ნაბიჯებს...
და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები...

როგორც,
დაღლილი ღამე თენდები...
და უშენობა თოვლივით მათოვს...
შენ იცი,
ასე არ დავნებდები...
ისევ ლოდინი მომიწევს მარტოს...

მაინც გიპოვი,
მაინც დამიცდი...
მე შენში, ეჭვიც არ მეპარება...
შენ უჩემობას,
ახლაც განიცდი...
და ამიტომაც, მომეჩქარება...

და მიხარია...
19.01.2010

ისევ მიმუხთლა ბედმა უდროოდ,
მთელი სიცოცხლე ჭორებს მახლიან
ვიცი, ეს სახლი მაინც მყუდროა
მაგრამ, ეს სახლი, ჩვენი სახლია

წარსული სულში სცენებს მიმართავს
მინდა ტალღებში დამახრჩოს ქარმა,
ნაპირთან მზეს, რომ გული მივართვა
და გაგვაგიჟოს კვლავ ერთმა წამმა

ვარ გაზაფხული შენით გამთბარი,
მთელი დღეები ვფიქრობ, გიხსენებ
ვხედავ უთოვლოდ მიდის ზამთარი
სითბოა, მზეა, გულში ისევე

ზეციდან მათოვს ფიქრი ჭაღარა
სითეთრე ისევ ისე მამშვიდებს,
ზამთარმა სევდა შემომაპარა
ვცდილობ როგორმე ისევ დავმშვიდდე

ზეციდან მიმზერს მზე დაღვრემილი
თუმცა ფიქრებით და იმედებით,
მთელი დღეები ვარ აღრენილი
და სხვაგან მაინც არ ვიხედები

ვერ შევეჩვიე უშენოდ ოთახს
სასტუმროს ნომერს
და ზღვას ქარიანს
მე შენთან ყოფნა მამშვიდებს, როცა
შენთან ვარ ისევ და... მიხარია

მომანატრე თოვლი...
15.01.2010

მომნატრებია თოვლი ქათქათა,
ქარი რომ მაყრის, ფიფქებს სახეში...
მთელი ზამთარი ისე გათავდა...
რომ, ვერ გავაბი თოვლი მახეში...

დღეები, ისევ უშენოდ თრთოდა...
ზამთარში მაინც მაწვება ბინდი...
მახსოვს,
თოვლს შენი სურნელი ჰქონდა...
ჰოდა, გათოვდი ამაღამ, მიდი...

შენ დამიძახე გაზაფხულიდან,
და ზამთარს,
ისევ წარსულთან ვტოვებ...
რად მომანატრე თოვლი, გულიდან...
ან ასე მარტოდ, რატომ დამტოვე...

თოვლი ფიქრებთან, დარდთან ნათრევი...
მეძახის ისევ, სადღად შორიდან...
ღამენათევი და ნამთვრალევი,
წავალ და ფიფქებს შენთვის მოვიტან...

შენ მაგონდები, მაინც იმედით...
საით წახვედი, მაინც სადა ხარ...
მომნატრებია თოვლის ფიფქები,
რომ დამიძახებს ქარში ხანდახან

ქარი ფიქრს მაყრის ახლა სახეში...
და მენატრება, თოვლი ქათქათა...
რად ვერ გაგაბი დღემდე მახეში...
ან, თოვლი ახლა რატომ გათავდა?

სიყვარულით განახელები...
6.01.2010

ისევ გავლიე შენი ფიქრები,
ისევ ამაყად, ურცხვად დავდივარ...
მე მუდამ შენთან,
შენი ვიქნები...
მე მუდამ შენი,
ჩვენი დარდი ვარ...

წუხელ ვებრძოდი, თურმე ქიმერებს...
ვებრძოდი დიდხანს, კარგა ხანია...
მას მერე,
შენთან ყოფნას ვინელებ...
მას მერე,
ვფიქრობ და მიხარია...

ფანჯრიდან თოვლი მაძლევდა ნიშანს,
თოვლისთვის არ მსურს, დარდის გაყოფა...
ნეტავ,
ეს ღამე შენთვის რას ნიშნავს...
ნეტავი ახლა,
შენთან მამყოფა...

ისევ ვამტვრევდი კარებს უხილავს,
თითქოს წამართვეს,
თითქოს გამლახეს...
მე დავრჩი შენში:
სევდად, წუხილად
და შენში ისევ უხმოდ დამმარხეს...

გარეთ თოვლია, გარეთ ფიქრია...
ვერ ვხვდები,
ჩემს თავს როგორ ვუშველო...
დღეები ისევ სადღაც მიქრიან...
არ მინდა ისევ ყოფნა უშენოდ....

ხმა მესმის თოვლის,
ხმა მესმის სეტყვის...
და ღამე ჩემში რჩება ფირალი...
მე ვიცი დილას,
მზე მოვა, მეტყვის...
და წავა ისევ, ისე მტირალი...

მე დილას შენი ფიქრი მეხურა...
მათბობდა მზერა, შენი ხელები...
მე გავიღვიძე,
მაინც მეფურად...
და სიყვარულით განახელები...
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×