შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

არ გინდა?

არ გინდა?
ყოველ გაღვიძებაზე...
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
და მზის საოცარ გაღიმებაზე,
რომ დაგეწაფო...
ისე დაგლიო...

ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს...
ბავშვივით მაინც, ოდნავ მორცხვობდე...
სადღაც შორს, ქარი გიჟივით ქროდეს...
და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...

რომ ერთი გვქონდეს დღეცა და ღამეც...
და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს...
რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი...
ყოველი წუთი... ჩვენ რომ შევცოდეთ...

კვლავ გამაგიჟოს შენმა სურნელმა...
შენი სხეულის ცეცხლით ვიწვოდე...
რომ მომიაროს აზრმა სულელმა...
და რას ვაკეთებ, რომ არ იცოდე...

რომ აღთქმა დავდოთ, უაზროდ მოკლე...
რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა...
რომ არ შემეძლოს უშენოდ მოვკვდე...
და შენც უჩემოდ ვერ მოკვდე მინდა...

არ გინდა?
ყოველ გაღვიძებაზე
ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...

***
როცა პირველად ვნახე ტკივილი...
და ტკვილებით სავსე წარსული....
ივლისში, თოვლის მესმა კივილი...
ხმა სიყვარულის... ცამდე ასულის...

ისევ გეძებდი, ვნახე ტკივილი...
და ეს ტკივილი მტკივა ძალიან...
მე მომაგონდა, შენი ღიმილი...
არადა ვიცი, ჩემი ბრალია...

გულში რას ვმავალ? ოდესმე გეტყვი...
გეტყვი რომ მტკივა, მტკივა ძალიან...
მიტოვებული, უმიზნოდ გეტრფი...
შენ კი, შენ ჩემთვის არა გცალია...

ვერ მოგეფერე, ისე წახვედი...
გაჰყევი ბილიკს, ბილიკს ატმების...
ვერ ვხვდები როგორ გაგითავხედდი,
ან ასე ძლიერ რად მენატრები...

სიმართლე არსად დაიმალება...
ჰო, მანამ უნდა მარტომ ვიარო...
რომ გამაგიჟონ შენმა თვალებმა...
რომ ტკივილები გაგიზიარო...

ტკივილს გავყვები, შენზე დაგეშილს...
გავყვები ჩუმად და მარტოდმარტო...
მოვალ, ჩაგხედავ ისევ თვალებში...
ყოველწამს, ისევ რომ მომენატრო...

უნიჭო მორესკა...

ჩემი ფიქრები მდუმარეა, როგორც
ოდესღაც...
ჩემი შენდამი სიყვარული იყო მდუმარი...
მე ვარ დადგმული...
უნიჭო და უხმო მორესკა,
მე ვარ სცენაზე...
მოთამაშე უხმო სტუმარი...

მე მესმის ფიქრის, დღემდე მესმის...
როგორც ოდესღაც...
ვარ არ შემგდარი მსახიობი,
ასე მგონია...
მე ვარ დადგმული...
უნიჭო და უხმო მორესკა...
და ოცნებების, სიყვარულის,
ვარ აგონია...

ისევ ვიმღერებ, მე შენს გამო
ისე ვიმღერებ...
ისე ვიცეკვებ...
ავაღელვებ ნოტებს ბგერებით...
ისევ მოგიძღვნი,
უნიჭო და უხმო სიმღერებს...
და ოცნებებით, სიყვარულით მოგეფერები...

ჩემი ფიქრები მდუმარეა,
მაინც ვიმღერებ...
მაინც ვიცეკვებ...
თუნდაც ცეკვა იყოს მდუმარი....
მე ვარ დადგმული,
უნიჭო და უხმო მორესკა...
და შენს ფიქრებთან მოთამაშე...
უცხო სტუმარი...

რაც არის დღეს, იქნება ხვალეც...

რაც არის დღეს, ის იყო გუშინ...
რაც არის დღეს, იქნება ხვალეც...
ამოვა მზე, ჩაგწვდება სულში
და სიყვარულსაც მე დამაბრალებ...

არ ვიცი დღეს, რას ვიზამ ხვალე...
ალბათ გაკოცებ და გეტყვი ყურში....
რომ სიყვარული გეწყვევა, მალე
და მენატრება, რაც იყო გუშინ...

მზე შენს თვალებში ციმციმებს მრუში...
თანდათან მზე, მაინც ბინდდება...
რაც იყო დღეს, ის იყო გუშინ...
დღეს, ისევ შენი ნახვა მინდება...

ისევ ვიმღერებ ხვალ, ნაცნობ ხესთან...
ისევ ლამაზი მოვა ფერები...
ხვალ, უსიკვდილოდ ვიქნები შენთან...
ხვალ, უსათუოდ მოგეფერები...

ხვალ, უსათუოდ უჩემოდ წახვალ...
მაინც მომაპყრობ უსაზღვრო თვალებს...
ვიცი, ყველაფერს ვერ გეტყვი ახლა...
რომ დავიტოვებ სიყვარულს ხვალეც...

რაც იყო დღეს, ის იყო გუშინ...
რაც არის დღეს, იქნება ხვალეც...
დამელოდები,
შენს ლამაზ გულში...
მეც, ამ სიყვარულს შენ დაგაბრალებ...

როგორც არასდროს...

დღეს მოგონებებს ბავშვივით ველი...
ვიცი წარსული ფიქრებს გამანდობს...
მე თავს მახსენებს, ტკივილი ძველი...
იმაზე მეტად...
როგორც არასდროს...

დღეს, მახსენდება ბავშვივით მღერა...
ვივიწყებ წყენას, ფიქრებს სადარდოს...
ყველაზე მეტად წარსულის მჯერა...
იმაზე მეტად...
როგორც არასდროს...

გულში ვინახავ მაგ სათუთ ღიმილს...
შეხედე, მაღლა ცა რას ნავარდობს...
მე უშენობით ვარ მოწყენილი...
იმაზე მეტად...
როგორც არასდროს

შეხედე ცაში რა ფერებია...
ღრუბელი ღრუბელს მზესთან ღალატობს...
მე შენი ფიქრი მომფერებია...
იმაზე მეტად...
როგორც არასდროს...

დღეს მზე მანათებს საოცრად მწველი...
და უშენობით ისევ გამათბობს...
მე მოგონებებს ბავშვივით ველი...
იმაზე მეტად...
როგორც არასდროს...

და მაინც...

და მაინც,
მუდამ იმ წუთებს ველი...
დ მაინც,
გული იმედით ცოცხლობს...
ფიქრი მაწვალებს ამაყი, ძველი...
ბავშვივით, ისევ უაზროდ ვმორცხვობ...

და მაინც,
გული ფიქრით მევსება...
და მაინც,
ფიქრი ისევ მაწვალებს....
მე ოცნებები მეალერსება....
და ვერ ვივიწყებ ისევ მაგ თვალებს...

და მაინც,
მუდამ შენზე მღერიან...
და მაინც,
გიმზერ ასე მდუმარი...
თუ მომავალი არ გვიწერია...
მე მოვალ შენთან, როგორც სტუმარი...

და მაინც,
მინდა ჩემს გულში ენთო...
არადა,
გული უშენოდ კვნესის...
კვლავ, უსაშველოდ რომ გაგაღმერთო...
და ყოველ დილას გიმღერო ლექსი...

ფიქრი მაწვალებს ამაყი, ძველი...
და მაინც,
გული იმედით ცოცხლობს...
და მაინც,
მუდამ იმ წუთებს ველი...
არადა ისევ, უაზროდ ვმორცხვობ....

დამიბრუნე გული...

ვინც მესალმება, ყველას ვუღიმი...
ყველა მიყვარს და ყველა ჩემია...
გთხოვ, დამიბრუნე გული კუთვნილი...
იმ ღამეს,
შენთან რომ დამრჩენია...
არ აქვს მუღამი უშენოდ აზრებს...
გახსოვს, ნიავი როგორ გარწევდა?
შენგან შორს ასე...
რად მომიაზრებ
ან გული რატომ გაგინაწყენდა...
ო, ღმერთმა ნუ ქნას...
სიცოცხლის წყაროს...
დავესაკუთრო დახარბებამდე...
უშენოდ კოცნა, რომ შევიყვარო
ან, ვერ გიპოვო დაღამებამდე...
მგონი გავგიჟდი,
მზესთან მივედი...
შენი მზეც, ხედავ? უკვე ჩემია...
გთხოვ დამიბრუნე, გული... იმედი
იმ ღამეს,
შენთან რომ დამრჩენია...

სანამდე დრო მაქვს

სანამდე დრო მაქვს, მინდა ვიარო...
მინდა ვირბინო, მინდა გავგიჟდე...
ჯერ სიყვარული გაგიზიარო...
და მერე,
ისევ ისე გავწითლდე...

სანამდე დრო მაქვს, მომეცი ხელი...
ვიცი, რომ სადღაც ისევ მელიან...
მოვდივარ მგონი ათასი წელი...
მიკვირს გზა,
რად არ გამომელია...

სანამდე დრო მაქვს, მაჩუქე ფიქრი..
მაოცებს, შენი ფიქრი მაოცებს...
მე, მზეზე შენი წყურვილით მივქრი...
და ვიცი,
ფიქრი რომ გამაოცებს...

სანამდე დრო მაქვს, მითხარი რამე...
შურის და მტრობის არა მაქვს ნება...
მაოცებს ჩემი სველი ცრემლები...
ცრემლი,
რომელიც უშენოდ ჭკნება...

სანამდე დრო მაქვს, მოგცემ იმედებს...
და ჩემი ხელით გაგათბობ თვითონ...
ვიცი, რომ ფიქრსაც ვერ გაიმეტებ...
ფიქრი,
რომელის სიცოცხლეს გითბობს...

სანამდე დრო მაქვს, გავყვები ნიავს...
ვივლი წვიმაში და ვივლი ქარში...
როცა გაჩუქებ მოწყენილ იას...
შენც,
ჩემთან ერთად წამოხვალ, მაშინ....

მე რა მსურს?..

მე რა მსურს?
მინდა ვიფრინო მაღლა...
მინდა ვიარო ცხოვრების რწმენით...
რომ ვეღარ ვიგრძნო უშენოდ დაღლა...
ვიფიქრო შენზე,
ვიცოცხლო შენით...

მე რა მსურს?
მინდა იფრინო ასე...
ვერ გაჩერებდეს უსაზღვრო ზეცა...
რომ გული გქონდეს იმედით სავსე...
და ტანზე ჩემი ხელები გეცვას...

მე რა მსურს?
მინდა რომ დაგაფიქრო...
ბრმად რომ ვხატავდე რითმებს და ფერებს...
რომ არასოდეს გახსოვდეს თითქოს...
და საფიქრალი არ გვქონდეს მერე...

მე რა მსურს?
მინდა გახსოვდეს სულ ის....
ვინც შეგიყვარა, ეძებს მიზეზებს...
რომ მზე გითბობდეს ვარდისფერ სურვილს...
და ვარდისფერი ცქერით გიმზერდეს...

მე რა მსურს?
მინდა მივაწყდე მწვერვალს...
გავალღვო დღე და ავამზიანო
ისევ ვუყურო ღრუბლების რწევას...
და გითხრა, მე ვარ ადამიანო....

ისა ვარ...

ისევ,
ოცნებით მზისკენ წასული...
გულში იმედის სევდა მაწვალებს...
დასავიწყებლად მსურდა წარსული...
წარსული,
ასე, რომ გავს მაგ თვალებს...

მე ყოველ დილით,
როგორც ფრთოსანი...
მისკენ მივიწევ,
ის კი შორს არი....
მე ვარ ლექსების ჩუმი მგოსანი...
ლექსების, ასე გასაოცარის...

და მსურს,
ოცნებით მოვკვდე ახლავე...
შენი თვალები ისევ ტირიან...
ნამდვილ სიყვარულს თუ დამარხავენ...
აბა,
სხვა განა გასაკვირია?

გინდა რომ ვიყო, ამაყი, მკაცრი...
არ ვარ უგულო,
შენ თავს ვფიცავარ...
ვარ უიმედოდ ჩამქარი კაცი...
და რაც ვარ,
ვიცი, მხოლოდ ისა ვარ...

ვუცდი და ველი...

ველი და ვუცდი,
ვუცდი და ველი...
ათას ფერებში, უაზროდ მივქრი...
მზე რომ მაცხუნებს, საშინლად მწველი...
თუ გამაგიჟებს, კვლავ შენზე ფიქრი...


ვიცი ახლოა,
ის, რასაც ველი...
ვიცი რომ მნატრობ,
ვიცი გჭირდები...
ვიცი, მომელის ლოდინი ძნელი...
შენ მოხვალ ისევ და დამპირდები...

ვუცდი და ველი,
შენს ფიქრებს დავდევ...
ვიცი გახსოვარ,
ისევ მიგონებ....
ვიცი ამაფრენ ოდესმე ცამდე...
დაედევნები შენ, ჩემს სტრიქონებს...

ვუცდი დროს,
ისევ გელი ბოლომდის...
ვიცი მაჩუქებ მე ფრთებს, ოცნების....
ჩემგან სიყვარულს არ მოელოდი...
და მიმატოვე განაოცები...

აი,
მივენდე ბედსა და ლოდინს
ვის ველი,
აღარც მინდა გამხელა...
ამ გრძნობას,
ასე ნელა რომ მოდის...
მას, სიყვარული ჰქვია სახელად...

მომენატრები...

მე დაგინახე , იდექი მარტო...
თავს გევლებოდნენ ნორჩი ატმები...
თავად არ ვიცი, რისთვის და რატომ...
მაგრამ ვიცი, რომ მომენატრები...

იდექი ქარში და მტვერით სავსე,
ქარი ატმების ხეებს არხევდა...
რომ დაგინახე, იმავე წამსვე...
თითქოს სიცოცხლე გამინახევრდა...

და როცა ვფიქრობ, ისევ ძალიან...
როდესაც მინდა, რომ მომენატრო...
ფიქრები ჩემი პატარძალია,
და ამ ფიქრებში მინდა რომ გხატო...

როდესაც მინდა, რომ მომენატრო...
გამისტუმრებენ ურცხვად ატმები,
მე შენთან ერთად არა ვარ მარტო...
და მაინც, ისევ მომენატრები...

ვერ გაგაგონე ატმის კივილით...
შევძარი ზეცა,
ლაღი და სათნო...
შენ,
ჩამიარე ურცხვი ღიმილით...
და მიმატოვე უმისამართოდ...

ვინა ხარ?..

ვიგონებ სიმშვიდეს,
ვიგონებ იმ დღეებს,
სახეს რომ მიმშვიდებს...
ნეტავი შენა ხარ?
გული რომ უაზრო
სიმღერებს გიმღერებს...
ეგ სახე ნეტავი, ოდესმე მენახა...
ვიხსენებ სიმშვიდეს....
იმ დღეებს ელიან...
და ჩემი თვალები...
გუნებას მიფუჭებს...
დღეები ისევე,
შენს თმებზე მღერიან...
შენი რითმებია, ტკივილს, რომ მიყუჩებს...
ვიგონებ იმ დღეებს,
ცრემლები მღერიან,
მოწყენილ ლოყაზე
ცეკვავენ ცრემლები...
თვალები შენს ცრემლებს,
ისევე ელიან...
უშენოდ დარჩენილ ცრემლებს რომ ვევლები...
ვიგონებ, ვიხსენებ...
და წარსულს ვევლები...
და გულში, უმიზნოდ,
უაზროდ ვინახავ...
დღემდე რომ მაწვალებს
შენ გამო ცრემლები...
გაფიცებ, მითხარი...
ასეთი ვინა ხარ?

მოდი...

სულში უშენობა მათოვს...
უკვე მერამდენედ ვითვლი...
მე ხომ,
საოცრებას არ გთხოვ...
მე ვერ დამამარცხებს ფიქრი...

სიკვდილს მომაწყურებს სევდა...
ისევ ვემსგავსები ფოთოლს...
ისევ,
არ ვუჯერებ დედას...
ისევ,
უშენობით ვლოთობ...

მოდი,
მომაშორე სევდა...
და ნუ ამიჭრელებ ფიქრებს...
მაინც მენატრები...
ხედავ?
ისევ დამიბრუნდე, იქნებ...

გული ამიჭრელა ბინდმა...
კმარა!
ფიქრები და დარდი...
ატმის გაღიმება მინდა,
სავსე იებით და ვარდით...

ფიქრი ამიმწვანე, ხედავ?
გულზე ისე მადევს ლოდი...
თუკი,
შენზე ფიქრებს ვბედავ...
ჰოდა,
ადექი და მოდი...

გზა...

სულში ვიგუბებ ყველა ტკივილს,
მაინც მიყვარხარ...
ვინ იცის, იქნებ ახლო არის,
გზის დასასრული...
დღემდე ვერ ვხვდები, როდის მოხველ,
მაინც ვინა ხარ...
ან ისევ ისე, რატომ მახრჩობს
შენი წარსული...

ნეტავ ამ გზიდან, ჩემი გზიდან
საით გადავალ...
რატომ ბობოქრობს ეს სამყარო,
რად დაჰქრის ქარი...
ფიქრების ზღვაში ვეღარ ვხვდები,
ახლა სადა ვარ...
და ყველაფერი, ასე სწრაფად
სად მიიჩქარის...

ჩემი გზა ხანაც აღმართია,
ხანაც დაღმართი...
და რა დავტოვე მე ამ გზაზე,
მხოლოდ ლექსები?
კორიანტელში გულს ვლოცავდი,
ჭკუას ვახმარდი...
თუ ხელით ვერა, სიტყვით მაინც
გეალერსები...

და დავაქროლებ, მე ამ გზაზე
უნიჭოდ იმედს...
მომდევს შენი ხმა, მომძახიან
როგორც ზარები...
ყველა ნაბიჯი, რაც გადავდგი
ამად რომ ღირდეს...
გზაზე გავდივარ და უმიზნოდ...
მივემგზავრები...

ვინ იცის, იქნებ ახლო არის.
გზის დასასრული...
დღემდე ვერ ვხვდები, როდის მოხველ,
მაინც ვინა ხარ...
ან ისევ ისე, რატომ მახრჩობს
შენი წარსული...
ან ისევ ისე, გამალებით
რატომ მიყვარხარ...

გამაოცებ...

შენზე ფიქრები მე დამაოსებს...
და აფეთქდება ლოდინში ნუში...
შენ ისევ მოხვალ და გამაოცებ...
მეც,ავფეთქდები შენს ლამაზ გულში...

შენა ხარ ჩემი მუზის სადავე...
და შენი ცქერა ისევ მაოცებს,
შენ ხარ, ღიმილი და სისადავე...
მოგეპარები, მაინც გაკოცებ...

დაქალებულხარ ნუშივით, ხარობ...
მე შენზე ფიქრი, ისევ მაწვალებს...
შენა ხარ ჩემი ლოდინის წყარო,
დაფეთებული ვუქცერ მაგ თვალებს...

ამაღლებულა ნუშივით ზეცა...
და ჭრელა-ჭრულა ფერებს იმოსებ...
გახსოვს,
ზამთარში თოვლი რომ გეცვა?
ეხლა,
იმოსებ თურმე მიმოზებს...

მე ვარ ღერი...

ველოდები,
ბოლო ნაფაზს ველოდები...
ვეგებები,
მზის ამოსვლას ყოველას დილას...
მეორდები,
მერამდენედ მეორდები...
გრილა ისევ,
უშენობით მართლა გრილა...

გამაბოლეს,
შემისრუტეს, გამაბოლეს...
ფიქრებს,
მაინც ვეფერები შენზე ფიქრებს...
დამაღონეს,
უშენობით დამაღონეს...
იქნებ ისევ,
დამიბრუნდე, მართლა იქნებ...

გამათავეს
მომისროლეს ოდნავ ვბჟუტავ...
სადღაც ახლოს,
გელოდები შენით მთვრალი...
როცა ვქრები,
უნებურად თვალებს ვხუჭავ...
თუ არ მოხვალ,
ვაი მართლა, ჩემი ბრალი...

ამიღე და,
მაგ ტუჩებით გამაბოლე...
მე ვარ ღერი,
სიგარეტის ერთი ღერი...
გამაყოლე,
ეგ ღიმილი გამაყოლე...
ისევ ვმღერი,
როცა ვიწვი, მაინც ვმღერი...

მე ვარ...

ზღვა,
დაგისველებს კაბას...
მზე,
გაგაგიჟებს უმალ...
მე,
ვერ ავიტან ამას...
შენ,
რომ გიყურო ჩუმად...

ზღვა,
უკვე წვდება სხეულს...
მზე,
სხივებს გისვამს ტანზე...
მე,
ვწყევლი სევდას, წყეულს...
შენ,
სიტყვას მიგდებ ბანზე...

ზღვა,
მგონი ვეღარ მიტანს...
მზემ,
დამიბრმავა თვალები...
შენ,
ჩემს ნაპირზე ზიხარ...
მე,
ჩრდილში მზეს ვემალები...

ზღვამ,
დაგისველა კაბა...
ნაპირზე, მარტო ვწევარ...
იცი?
რა მინდა გითხრა...
ის ზღვა,
შენ რომ გბანს მე ვარ...

ზღვა...

მელის ზღვა,
ერთგული ქმარივით...
ტალღები ამაყად ღელავს,
მზე ტანზე მეხება ალივით...
მინდა,
მოვუყვე ყველას...

ვიცი ზღვა,
დამათრობს ფერებით...
ტალღები ჩამიკრავს გულში,
ნაპირზე,
შენ მომეფერები
ზღვა,
ჩამჩურჩულებს ყურში...

ისევ ზღვა,
მელის ნაპირზე...
მე კი ტალღებში მძინავს...
არადა,
გავინაპირე
ზღვა კი,
ნელ-ნელა მძირავს...

მესმის ზღვა,
როგორ მიმღერის...
როგორ მიმარწევს, თითქოს...
უკიდეგანოდ შიშველი,
წყალზე ვწერავ და
ვფიქრობ...

ლურჯი ცა,
ისევ მაღლაა...
დაბლა წყალია,
ზღვა...
სადღაც მიმაფრენს თოლია
ვყვირი,
ვერ გაწვდენ ხმას...

აჰა, ზღვა...
ისევ აქაფდა...
ისევ თავისკენ მიწვევს...
ლოდინში უკვე დაღამდა...
ზღვა კი,
მეძახის ისევ...

ასე, როგორ გავძლო...

გელოდები
და ვუმღერი ლოდინს...
ნუთუ მაინც არ მეყოფა გარჯა,
მოდის,
ისევ მონატრება მოდის...
სიყვარული მონატრებად დარჩა...

მჯერა მაინც,
იმედი მაქვს ხვალის...
ვევედრები უფალსა და გამჩენს,
თუ რამ იყო,
იყო ჩემი ბრალი...
და არ მინდა ტკივილები დარჩეს...

ვუსმენ წუთებს,
მისგან დუმილს ვისმენ...
მინდა შენთან,
გულით ვიყო ახლოს...
და ღიმილი მომაგებო, ისევ
და სიყვარულს ხელი ვერვინ ახლოს...

გელოდები
და შევცქერი ლოდინს...
მინდა გითხრა,
მინდა ისევ გამცნო...
თუკი მაინც განშორება მოდის,
ისიც მითხარ...
ასე როგორ გავძლო...

* * *
მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მონატრების ცრემლს მაწვიმდე
იმდენს...
წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,
მინდა ასე,
ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,
სხვას არაფერს,
არ მოვითხოვ იმდენს...
მე წვიმაში, მოფერება მინდა
და ეს წვიმა,
მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს
წმინდა...
სიყვარული,
ჩვენთვის ისევ ღირდეს...
წვიმაა და შენი კოცნა მინდა,
მინდა წვიმა,
წვიმასავით წვიმდეს...

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მინდა ისევ,
შენებურად წვიმდეს...

მესმის...

არეული,
მხოლოდ ლექსებს ვებრძვი...
დამშეული,
სულს რითმებით ვათბობ...
მერამდენედ
მესალმება ვერხვი...
მე, ვერხვებიც მიმატოვებს
ვატყობ...

შორეული,
ხმა ჩამესმის ჩქარი...
მაგონდება,
დუმილი და ფიქრი...
შენი სუნთქვა მენატრება
წყნარი...
როგორც, თეთრი უწყინარი
ფიფქი...

გულგატეხილ,
გულს ლექსებით ვათბობ...
უთავბოლოდ,
უსასრულოდ მივქრი...
მაინც, მზესთან მიღალატებ
ვატყობ...
და მთვარემდე ამაღლდება
ფიქრი...

აღელვებულ,
გულს რითმები შველის...
უშენობას,
განიცდის და კვნესის...
ყოველ ღამე
შენზე ფიქრებს ველი...
ყოველ დილას ნაბიჯები
მესმის...

არ ვიცი, რატომ?...

მე ოცნებებში მაინც მიყვარხარ,
შენი დუმილი
და შენი სევდა...
მაინც ყოველთვის
გეძებ, სადა ხარ...
რატომ მორბიხარ ყოველთვის ჩემთან...

შენი ღიმილი მიყვარს მალული,
შენი ოცნება,
ფიქრი ყოველი...
ვიცი,
გულში ვარ გადამალული...
ვიცი,
ყოველდღე მაინც მომელი...

შენი თვალებიც მიყვარს ფერიავ,
მაგ თვალთა ფერით
რარიგ ავენთეთ...
სიყვარულამდე,
ისევ ბევრია...
მეგობრობაში გადავამეტეთ...

მაგ შენი თმების, მიყვარს საკინძე...
თმები,
რომელიც მზეზე მწველია...
მე, სტრიქონები ლექსად ავკინძე...
დავწერე,
რაც კი დასაწერია...

მე ოცნებები მიყვარდა ძველი,
და შენთან ყოფნას,
დღესაც კი ვნატრობ...
არ ვიცი,
რას ვგრძნობ,
შენგან რას ველი...
არ ვიცი,
მართლა, არ ვიცი, რატომ...

მომეც იმედი...

ასე მეგონა,
დრო ვერაფერს ვერ დაგვაკლებდა...
ასე მგონია,
დაგავიწყდა ჩემი ალერსი...
ასე მეგონა,
უჩემობა გაგაწვალებდა...
მე კი,
მადლობას გადაგიხდი ისევ, ამ ლექსით...

ბედს არ ვემდური,
ყველა ხედავს, ამას არც ვმალავ...
რატომ მეგონა,
სიყვარული ტკბილი ზღაპარი?
უფალო ღმერთო,
შენ მომეცი იმისი ძალა...
რომ დავიბრუნო,
დაკარგული ჩემი ლამპარი...

როცა მივყვები,
გადაკარგულ ციცაბო ფერდობს...
როცა მზე ისევ,
გაღიმებულ ღრუბლებში შედის...
სხვას არაფერს გთხოვს,
არ გაწუხებ უფალო ღმერთო...
მხოლოდ ამას გთხოვ,
დამიბრუნე,
მომეც იმედი...

უიმედოდ ცხოვრება,
სიკვდილია....

* * *
ჩემო ღმერთო,
ჩემო ერთადერთო...
შენთვის მინდა,
სანთელივით დავდნე...
მინდა შენით შევიფერო ეს დრო,
მინდა შენზე გაგიჟებულს ვგავდე...

ჩემო ღმერთო,
ჩემო ერთადერთო...
სიყვარულის საღამოა წყნარი...
მინდა შენთვის,
სანთელივით ვენთო...
სიყვარულით გვაგიჟებდეს ქარი...

ჩემო ღმერთო,
ჩემო ერთადერთო...
მე ქარი ვარ,
მე ღამე ვარ ფარული...
შენს თვალებზე მოკიაფე ცრემლი ვარ,
გულში ჩუმად, უხმოდ გადამალული...

მინდა შენით დავიღამო ღამე,
ერთად ყოფნის, გაგიჟების დროა...
მხოლოდ ღამე,
ჩურჩულებდეს რამეს...
ეს ხომ ჩვენი ჩუმი საღამოა...

ჩემო ღმერთო,
ჩემო ერთადერთო...

* * *
მთელი გულით სიყვარულზე ვმღერი...
როცა ვმღერი,
სიყვარულით ვენთები...
ხან სტრიქონით,
ხანაც ჩუმი ბგერით...
ხანაც, გულში დამალული დენთებით...

მთელი გულით სიყვარულზე ვმღერი...
ყოველ დილას,
შენს საწოლთან ვთენდები...
ვერ მიცანი?
რიჟრაჟი ვარ შენი...
თავს მოვიკლავ და არ მოვითენთები...

მთელი გულით სიყვარულზე ვმღერი...
მინდა გწამდე,
უშეცდომოდ, უცოდვოდ...
მინდა,
სრულად დავიღალო ფრენით...
სიყვარულს რომ სიყვარული ვუწოდოთ...

მთელი გულით სიყვარულზე ვმღერი...
და ვიმღერებ,
სანამ არ მომბეზრდება...

* * *
შენ რომ მკოცნი, მე შეგყურებ მორცხვად...
ჩვენ ორივე, სადღაც მაღლა დავფრინავთ...
მიკვირს, როგორ გაგიბედე კოცნა...
მე ხომ, შენი სიყვარულის ხათრი მაქვს...

სიყვარულის მზე დამნათის მაღლა,
და გულებში მზემ ნისლები მიფანტა...
მიკვირს, რად არ მაკოცნინე ახლა...
მე ხომ შენი მოფერება მიყვარდა...

შენს სხეულში ისევ შემოვიჭერი,
გაგიჩინე გულში ისევ ღარები...
გაგიწყალე გული ჩემი იჭვებით,
მაპატიე, ისევ გემუდარები...

უშენობას იმედებით დავდევ,
როცა მძინავს, შენზე ფიქრებს ვუნდები...
თუ არ მოხვალ, დავიწყევლი გამჩენს...
მაგრამ ვიცი, მაინც დამიბრუნდები...

მაინც თვალებს დაგიკოცნი სევდიანს,
რას დამაკლებს წვიმები და სეტყვა...
ეს ლექსები იმაზე მეტს გეტყვიან,
სხვებს რომ შენი სიყვარული ეთქვათ...

ისევ ავღელდი...

როცა ავღელდი, მაშინ მოხვედი...
ისევ დამიწყო გულმა წვალება,
კვლავ მომერია ფიქრი თავხედი...
კვლავ გამაგიჟეს შენმა თვალებმა...

შენმა თვალებმა ისევ ამავსო,
გული სუნთქავდა კვლავ ეშმაკურად...
რად დამიბრუნდი ასე, ლამაზო...
მაინც ლამაზად და შენებურად...

დღეს ისევ, შენმა მზერამ ამავსო...
და დავიწყებულ ლექსებს მიმღერებ,
არ დაგივიწყებ კარგო, ამასო...
მეტყვი და ისევ ყელს მომიღერებ...

კვლავ დამიბრუნებ ნატვრას, სურვილებს...
კვლავ მომიშუშებს კოცნა იარებს,
კვლავ წარსულივით მომისურვილებ...
და სიყვარულებს გამიზიარებ...

კვლავ გამაგიჟეს შენმა თვალებმა...
კვლავ მომერია ფიქრი თავხედი,
ხედავ? დამიწყო გულმა წვალება...
ისევ ავღელდი, და შენც მოხვედი...

უშენობა...

მკლავს უშენობა...
და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ,
ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...

მკლავს უშენობა...
ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...

მკლავს უშენობა...
ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...

მკლავს უშენობა...
სევდა ფარული...
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...

მკლავს უშენობა...
ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...

მკლავს უშენობა...
ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...

რომ დამენახა...

მსურდა გვეფრინა და გვეფრიალა,
ქარმა დაბერა და შენ შეგცივდა...
რომ მასველებდა, წვიმას კი არა...
თურმე,
შენ ცრემლებს ღვრიდნენ ზეციდან...

მძევლად ჩემს ფიქრებს,
შენ შერჩი მხოლოდ...
ვერ ვხვდები, საით მიქრის ცხოვრება...
შენი ღიმილი ჩემია ბოლოს,
ვიცი...
ყოველთვის მემახსოვრება...

შენ ჩემთან მოხვალ,
ფხიზელი ძილით...
გაღვიძებული კვირტის გემოთი.
რომ დავინახო ნაცნობი ჩრდილი...
ჩემს გულში, ჩუმად როგორ შემოდის...

მსურდა მეფრინა,
შენ კი შეგცივდა...
საითაც წავალ, ყველგან შენა ხარ...
მე ჩამოვფრინდი შენთვის ზეციდან...
შენი ღიმილი რომ დამენახა...
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×