შემოქმედება

 

 

პოეზია

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პროზა

 

მოლოდინი...
27.01.2009


-მესროლე... მესროლე და გაათავე... მე მეტი აღარ შემიძლია - ახროტინებული და აქაფებული, მხოლოდ ერთსღა ვნატრობ... მინდა ყველაფერი მალე დასრულდეს... ამდენს ვეღარ გავუძლებ... მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ გული მაქვს... ბარემ მესროლოს და მორჩეს ყველაფერი, დასრულდეს...

სიცოცხლემ ფასი დაკარგა... როცა სიცოცხლე ფასს კარგავს, უკვე არაფერი გაინტერესებს და არაფერი გესიცოცხლება... ზვარაკად გამზადებულს, მხოლოდ სიკვდილიღა დამჩენია საშველად... მაგრამ სიკვდილი იგვიანებს...

კედლისკენ მიბრუნებულს და მუხლებზე დამხობილს... ცრემლები ღვარად მომდის... საშინელია ლოდინი, როცა იცი, რომ სიკვდილი უნდა მოვიდეს... უნდა მორჩე, უნდა გათავდე... და ელოდები... როდის გესვრიან, როდის გაივლის შენს ტანში ცხელი ტყვია... როდის შეჩერდება, უკვე კარგა ხნის წინ გაჩერებული ცივი გული...

და ელოდები...

იცი, შენს უკან, ოციოდ ნაბიჯში ჯალათი დგას... მისი ხშირი სუნთქვა, შენს სმენამდე აღწევს და ეს სუნთქვა უფრო გაგიჟებს, უფრო გაცოფებს... გინდა წამოხტე და იყვირო...

_მესროლე.... მესროლე, რაღაც უცდი... მე მეტი აღარ შემიძლია_ მაგრამ ეს იმდენჯერ ვთქვი, რომ უკვე დავიღალე კიდეც... 

ეხლა, ყველაფერი ჩემს ჯალათზეა დამოკიდებული... როდის გაიმეტებს ტყვიას... როდის მაღირსებს სამარადისო სიმშვიდეს... როდის დასრულდება ყველაფერი...

ჯალათი კი... თითქოს რაღაცას ელოდებაო... ჩემს დამშვიდებას არც ჩქარობს... ეხლა ალბათ, ხელში იარაღი უჭირავს და ჩემზე დამიზნებული... ცალი თვალით უყურებს ჩემს შიშველ სხეულს... ალბათ იმაზე ფიქრობს, სად მომახვედროს ტყვია... ფიქრობს, რომ ისე მომხვდეს, დიდხანს არ ვიტანჯო... ვიცი, ეს მისთის პირველი არ არის... ის ალბათ პროფესიონალია... ჩემს ჯალათს არაფერი შეეშლება... ალბათ ყველაფერი წამებში დასრულდება... ეს მაიმედებს...

ჯალათი კი არ ჩქარობს...

_მესროლე... მესროლე, რაღას უცდი..._ ისევ ვიმეორებ, ოღონდ უკვე ჩემთვის, გულში... ნეტავ რას უცდის.. მეც დამასვენოს და თავადაც დაისვენოს... 

ნეტავი ოჯახი თუ ჰყავს? ცოლი? შვილები? ალბათ, შვილები მოუთმენლად ელიან, როდის მოვა მამა სახლში... მამაც, ალბათ, გვიან მიდის ხოლმე... მაშინ, როცა უკვე ბავშვებს სძინავთ... ბავშვებთან, ალბათ ფეხაკრეფით შედის და შვილებს სათითაოდ ჰკოცნის შუბლზე... ნეტა რამდენი შვილი ჰყავს?... ალბათ ორი... არა იქნებ სულაც ერთი ჰყავს... მას ხომ ოჯახისთვის არ სცალია და ... დავიჯერო, ამდენი მკვლელობების შემდეგ, მას ცოლისთვის კიდევ სცალია?... ალბათ ცოლიც სულ მუდამ საყვედურობს... ცოლს ქმართან სექსი ენატრება... მშვიდი ცხოვრება ენატრება... იქნებ, იმასაც კი ეუბნება, რომ შეეშვას სამსახურს... ალბათ ცოლს ღმერთის ეშინია...

ნეტავი ჩემს ჯალათს, ღმერთი თუ სწამს?... ალბათ არა, ღმერთი რომ სწამდეს... ასეთ სამსახურზე არაფრით დასთანხმდებოდა... ღმერთი რომ სწამდეს, ამდენი ადამიანის ცოდვას კისერზე არ დაიდებდა...

_მესროლე და გაათავე.... მესროლე, კაცი არ ხარ?_ ისევ ვფიქრობ... რატომ არ მესვრის... ალბათ ბრძანებას ელოდება... ბრძანების გარეშე დახვრეტა არ შეიძლება...

ჩემი შვილები გამახსენდნენ... როგორ მენატრებიან... ნეტავი ერთი მანახა და მერე მართლა არაფერზე ვიდარდებდი, არც ეხლა ვდარდობ... ჩემი შვილები გამიგებენ, ჩემი შვილები აუცილებლად მიხვდებიან, რომ მე ასე არ მინდოდა... ჩემი შვილები მე მგვანან და აუცილებლად გამიგებენ...

არადა, გუშინ თითქოს ყველაფერი კარგად იყო... გარეთ მზე ანათებდა... მზის თბილი სხივები ჩემს სახლშიც აღწევდა და ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად, ჩემს პატარა სახლში სითბო და სიყვარული მეფობდა... საწოლში ვიწექი და აქეთ -იქით შვილები მეხვივნენ...

დღეს კი... დღეს... არც მზე ანათებს და არც სითბოა... შეიძლება მზეცაა და თბილა კიდეც, მაგრამ ცივ კედელთან მუხლებზე დამხობილს, თავზე ტომარა წამოფარებულს... არც არაფერი მათბობს და არც არაფერი მახალისებს... მე სიკვდილს ველოდები... სიკვდილს, რომელიც რატომღაც იგვიანებს...

სიკვდილმაც კი მიმატოვა...

_მესროლე... მესროლე, რაღას უცდი... ნუთუ გსიამოვნებს, ჩემი ასეთ ყოფაში ცქერა, ნუთუ, შენთვის არაფერი წმინდა არ არსებობს... შვილებს გაფიცებ... მესროლე..._

ჯალათი თითქოს გაიყინაო... მისი სუნთქვა უკვე აღარც მესმის... მხოლოდ საკუთარი გულის ფეთქვა მესმის... რა აჩქარებულად ფეთქავს... ცოტა, მეშინია კიდეც... გულში მეცინება... რისი მეშინია... გულის აჩქარების? აჩქარებული მექნება, აბა რა იქნება...

არადა, რამდენი რამე დამრჩა გასაკეთებელი... რამდენი რამე... რამდენი აზრი და ფიქრი მიტრიალებდა თავში... რამდენი ოცნება მქონდა განსახორციელებელი... რამდენი მიზანი... ცხოვრებამ კი დამცინა... და, ეს ცხოვრებაც, ალბათ, სულ მალე მორჩება...

_მესროლე... მესროლე, თორემ გავგიჟდები და მერე, მომკლავ თუ არა, ერთი ფასი ექნება, მომკალი, სანამ გავგიჟებულვარ... მეტი აღარ შემიძლია...

ჯალათის ხმა აღარ მესმის... და გულში იმედის ნაპერწკალი აკიაფდა... იქნებ გადაიფიქრა... იქნება ჯალათმა გადაწყვიტა, რომ ეყო... ასე ცხოვრება აღარ შეუძლია... იქნებ...

* * *
ვიგრძენი... ტყვიამ ჩემი თავი როგორ გაიარა... მერე... ჩემს წინ, ჩემი სისხლით მოსვრილ კედელს როგორ შეენარცხა და შიგ როგორ ჩაიჭედა... 

მიწაზე წაქცეულს და თვალებგახელილს მხოლოდ ეს სურათიღა ჩამრჩა მეხსიერებაში...




სიცრუე
22.01.2009 წელი

***
სიცრუე ტახტზე ზის... ფეხები გარდი-გარდმო გადაუშლია და მუცელზე ხელებდაწყობილს, ჭეშმარიტება სულ ცალ ფეხზე ჰკიდია...

ირგვლივ ყველა იტყუება....ყველგან ტყუილი და ფარსია... ირგვლივ სიცრუე მეფობს...

სიცრუის ტახტს, ადამიანის გულებში ფესვები მყარად გაუდგამს და ადამიანებიც, რომლებსაც ბრძოლის უნარი უკვე აღარ შერჩენიათ, სიმშვიდით იტანენ სიცრუის მეფობას... დაბრმავებულებს, თვალებზე ლიბრი გადაჰკვრიათ და ცრუ მეფეს, დიდის გულმოდგინებით შესციცინებენ...

ცრუ მეფეც, ტახტზე ზის და იცინის... იცინის... იცინის... მისი სიცილი ყალბ ხარხარში გადაიზრდება ხოლმე... ადამიანებიც ყალბად პასუხობენ სიცრუეს... ცალყბად უცინიან...

სიცრუეს უხარია, რომ ჭეშმარიტება დილეგში გამოჰკეტა... ჭეშმარიტებას ხელებიც და ფეხებიც შეკრული აქვს,... ბორკილდადებულ სიმართლეს ადამიანების ცქერისას, თვალები ცრემლით ევსება... უნდა იყვიროს... უნდა, ყველას გააგებინოს, რომ ისინი ცრუ მეფეს ეთაყანებიან... რომ ის, ის არაა... მაგრამ ვერ ყვირის... სიმართლეს პირიც დახშული აქვს... 

სიცრუემ სიმართლეს პირში აღვირი ამოსდო და მისი ხელიდან გაშვებას არც აპირებს, სიმართლეს პირი ათასი სიცრუით აქვს გამოტენილი... სიმწრისგან ნერვები სულ ასკდება, მაგრამ ვერაფერს აწყობს... ხალხი სიცრუის მხარესაა და მეფედაც მას აღიარებენ... 

თუმცა სიმართლე ითმენს... მას სწამს, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს...

***
სიმართლის მოთმინებით გულდაღონებული სიცრუე, საკუთარ სასახლეში, საკუთარ კაბინეტში ზის და იმაზე ფიქრობს: რა განაჩენი გამოუტანოს სიმართლეს...

_უნდა ჩამოვახრჩო, ისე, რომ თან ადამიანებმა დაინახონ, რომ შიში ჰქონდეთ, ჩემი შიში... _ გადაწყვიტა ბოლოს და თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილს სახეზე ცრუ ღიმილი გამოეხატა...

_ ეს რა კარგად მოიფიქრე, ადამიანების თვალწინ, სიმართლის ჩამოხრჩობა... ეს რამ მოგაფიქრებინა... მაგარი ხარ _ ყურში ჩასჩურჩულა, მარცხენა მხარზე მჯდომმა ეშმაკმა...

სიცრუე... ყალბად მიაჩერდა ეშმაკს და თვალი თვალში გაუყარა _ ჭკვიანად იყავი, თორემ... არც შენი გასამართლება გამიჭირდება, მე მეფე ვარ... 

სიცრუის უტიფარ გამოხედვაზე ეშმაკი შეცბა... და აქაოდა, მართლა რამე არ დამმართოსო, სიცრუეს საჩქაროდ გაეცალა...

სიცრუე მარტოდ დარჩა... კიდევ უფრო გახარებული და აღტაცებული... სიცრუემ თავად ეშმაკი დაამარცხა....

***
მეორე დილას, ქალაქის ცენტში... იქ, სადაც უამრავი ადამიანი ირევა ხოლმე... სიცრუემ ადამიანებს სახრჩობელა დაადგმევინა... დროც კი დანიშნა... შუა დღის 3 საათზე, სიმართლე მოკვდება...

***
როცა თვალები გავახილე, უცხო საწოლში ვიწექი ... ჯერ, ვერ მივხვდი სად ვიყავი... გონება დავძაბე, რომ უფრო კარგად გამეხსენებინა სად ვიყავი...

უფორმო ოთახი ჯერ ამოტრიალდა და მერე თავის ადგილას დადგა... ჩემს მკერდზე აშკარად უცხო ხელი დავლანდე... ჩამოქნილ თითებს თვალი გავაყოლე... ლამაზი მკლავების იქით, საოცრად ლამაზი...

და უცებ, გონებაში ყველაფერი ამოტივტივდა... წუხანდელი ღრეობა... და ნატა...

-აუ, რამდენი დამილევია- ესღა გავიფიქრე და წამოდგომა დავაპირე....

ამ დროს, მობილურმა ტელეფონმა დარეკა... 

იქვე, საწოლთან ახლოს, იატაკზე მიგდებული შარვლისკენ გადავიწიე და შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე... ეკრანს რომ დავხედე, უცებ გამოვფხიზლდი... ცოლი...

-სად ხარ, მთელი ღამე გირეკავდი, მოვკვდი ნერვიულობით...-ცოლი ტიროდა...

საწოლში მწოლიარე ქალს, კიდევ ერთხელ გადავხედე...

-მეგობართან დარვჩი, ძალიან დავთვერი...-მობილური გავთიშე და ისე, რომ არც გამიხედავს შარვლისკენ მოვისროლე...

მერე... საბანგადახდილი ნატასკენ გადავიხარე და პენუარიდან ურცხვად მოქათქათე, მის ლამაზ მკერდს ვეამბორე...

ჩემს წინ... პირდაპირ კედელზე, უცნაური ნახატი ეკიდა... ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი შიშით შეჰყურებდა... სახრჩობელაზე ჩამოკიდებულ, უფორმო არსებას...



ვაშლი 
19 იანვარი 2009 წელი

***
... ედემის ბაღში, გველით ხელში მოსეირნე ევას მოწოდებული, წითლად მოხასხასე ვაშლი, ცოტა მჟავე იყო... თუმცა თავიდან, პირველ ორ ლუკმას მოტკბო გემო დაჰკრავდა... თან, ვაშლიც ისე მომაჯადოვებლად და მიმზიდველად იმზირებოდა, რომ შეუძლებელი იყო, არ მოეხიბლე...

ვაშლის ხე, დიდი ხე... უკიდეგანო ედემის ბაღში განმარტოებით იდგა და უხმოდ, თავისთვის შრიალებდა... ნაყოფით დახუნძლულს ტოტები ჩამოექინდრა და ასე ჩაფიქრებული და წელში მოხრილი იდგა და მიყურებდა... 

არ მეგონა ვაშლი, თუ ასე გადამრევდა და შემშლიდა, საკუთარ თავს დამავიწყებდა... ვაშლზე არასდროს მიოცნებია... ეს ხე და მისი ნაყოფი ყოველთვის მიუწვდომლად მიმაჩნდა... არასდროს მივსულვარ მასთან ასე ახლოს, ასე პირისპირ მას არასდროს შევჩეხებივარ და ცოტა არ იყოს, შიშის გრძნობა დამეუფლა და შემეშინდა მისი სიახლოვე... 

***
... როცა თვალი გავახილე, ევა აღარსად იყო, გველიც სადღაც წასრიალებულიყო, ვაშლის ხეც გამქრალიყო და ვაშლიც.... 

თუმცა, პირში მჟავე ვაშლის გემო ისევ შემომრჩენოდა... 

სიგარეტის ნამწვავები და არყის დაცლილი ბოთლები, საწოლთან ახლოს უთავბოლოდ ეყარა... და უცებ ყველაფერს მივხვდი, რომ უკვე ყველაფერი გვიან იყო... 

უკვე ყველაფერი მომხდარიყო და უკვე ყველაფერი გაწარსულებულიყო... 

მე რეალობას დავუბრუნდი... 

რეალობა კი ძალიან მწარე იყო... ისე მწარე, რომ გულთან ახლოს რაღაცა საშინლად მაწვებოდა და მტკიოდა... 

უკვე ნათელი და გასაგები გახდა, რომ წინა საღამოს ყველაფერი დასრულდა... უცებ ყველაფერი გაშავთეთრდა... ცხოვრებას ფერები დაეკარგა, ხასხასა ფერები უკვე მინავლდა და ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა... 

მივხვდი, რომ წუხელ მე, ზღვართან ვიდექი... უკიდეგანო ზღვართან... და ერთი ფეხის გადადგმაღა მაკლდა... და ყველაფერი დასრულდებოდა... ჩემზე იყო დამოკიდებული ცხოვრება გაგრძელდებოდა თუ დასრულდებოდა... 

მე არ ვიცოდი როგორ მოვიქცეულიყავი... 

მე უკვე აღარავის არ მჯეროდა და არ მწამდა, მხოლოდ ღმერთის... 

საწოლიდან ჩამოვედი და მუხლებზე დავეცი... პირჯვარი გადავიწერე და... 

_ უფალო, იესო, ქრისტე, ძეო ღვთისაო... შემიწყალე მე ცოდვილი... 

სიტყვები გულიდან თავისით წამოვიდა... თვალები დავხუჭე და ვერც დავხუჭე... თვალები გამიცრემლისფერდა... უპეებდასიებული თვალები ოდნავ გავახილე და ზემოთ, სადღაც უსასრულობისკენ გავიხედე... 

_ მამაო ჩვენო... 

ცრემლები მომდის... ირგვლივ სიგარეტის კვამლი უაზროდ დგას და თავს დამტრიალებს, ჩემი სულის ჩახრჩობას ლამობს

_ რომელი ხარ ცათა შინა... 

ვაგრძელებ და ისევ უსასრულობისკენ ვიმზირები, თითქოს ვიღაცას შენდობას ვთხოვ, თითქოს ვიღაცას დახმარებას ვთხოვ... 

_ წმიდა იყავნ სახელი შენი... 

იდიდოს უფალო, შენმა სახელმა... შენ ხარ ყველა მოკვდავის აზრი და რაობა, მხოლოდ შენ ძალგიძს ადამიანი ადამიანს დაამსგავსო ან პირიქით... 

_ მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი. ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა... 

შენი ნება იყოს ყველაფერი, შენი ნება იყოს მხოლოდ... რასაც გადაწყვეტ ისე იყოს, მხოლოდ შენ გენდობი, მხოლოდ შენი მჯერა უფალო.

_ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანა-ნადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა... 

მივუტევებთ კი??? შეგვწევს კი ამის ძალა, რომ ერთმანეთს მივუტევოთ და ვაპატიოთ... გვაქვს კი ამდენი რწმენა? რომ სხვების, თუნდაც უნებლიე შეცდომაზე ისე არ გამოგვილაყდეს გონება, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დავინახოთ და დამნაშავე საკუთარ თავში კი არა, მხოლოდ სხვაში ვეძებოთ. შეგვწევს??? არ ვიცი... უფალო შეგვაძლებინე...

_ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, საუკუნეთა მიმართ. ამინ.... 

ლოცვისგან დაბუჟებული ფეხი და თავი ერთნაირად მაწუხებს... 

ვცდილობ ფეხზე დავდგე და ორივე ხელით, საწოლის კიდეს ვეყრდნობი... 

ნელ-ნელა ზემოთ ვიწევი... აი, ცოტაც და წელში გავიმართები... 

იქვე საწოლთან ფანჯარაა...

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები გამეტებით ეცემიან და ოთახის ბნელ კუნჭულებს ანათებენ... 

დაბუჟებული ფეხი საშინლად მაწუხებს, თუმცა მთელ ძალ-ღონეს ვიკრებ და ფანჯარამდე მივდივარ... ასე მგონია, თუ ფანჯარამდე მივაღწევ... გადავრჩები... 

* * *
ჩემი ოთახის ფანჯრიდან, ქალაქის ცენტრალური მოედანი კარგად მოსჩანს... ადამიანები და მანქანები ერთმანეთში ისე ირევიან, რომ ხანდახან მიკვირს რომელი რომელია... ერთმანეთში ირევიან მანქანებიც და ადამიანებიც, ყველანი სადღაც მიიჩქარიან... ყველანი გარბიან... 

იქვე, ჩემი სახლის კუთხეში, პატარა ბაზრობაა... 

ბაზრობაზე უარმავი ადამი და ევა ირევა... 

სახლის კუთხეში მაღაზიააცაა, მაღაზიის წინ დახლია და ზედ დიდი... წითელი ვაშლები ალაგია სამკუთხედად...

სადღაც, მაღლა... ცაში... თეთრი ღრუბელი გაკლაკნილა და თავს დამდგომია...



გიტარა...
(ეძღვნება ქუჩის მუსიკოსებს)
21 თებერვალი 2002წ.

მიწისქვეშა გადასასვლელთან იჯდა და სხვებისთვის უკრავდა რაღაც გულის ამაჩუყებელს და მტკივნეულს...
თავად ხომ ტკიოდა, უნდოდა სხვებსაც ტკენოდა, სხვებსაც გაეგოთ მისი ტკივილი...
მაგრამ არავის ესმოდა...
მაღლა მწველი და მცხუნვარე მზე დასცქეროდა და დასცინოდა... 
აი, ხელჩაკიდებულმა ახალგაზრდა წყვილმა ჩაუარა ისე, რომ მისთვის არც შეუხედავთ, მიდიოდნენ და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ...
თვალზე ცრემლი მოადგა...ცრემლები გიტარაზე დაეცა და დაასველა... 
კაცს, სული დიდი ხანია ჰქონდა დასველებული და აფორიაქებული...
ცოლი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა, ვიღაცა გადარეულის მანქანის ქვეშ დალია სული...
ახალგაზრდებს თვალი გააყოლა და ამოისუნთქა... ამოიხვნეშა... ამოისულა...
თვალები დახუჭა და რაღაც მელოდია წამოიწყო... თავადაც არ იცოდა რას უკრავდა... რამდენიმე უშნო აკორდი აიღო... 
ჩუმი ფეხის ხმა მოესმა...
თვალები გაახილა და მის წინ მდგარ გოგონას მიაჩერდა...
გოგონას ფართო და შავი თვალები ჰქონდა...გულზე წმინდა ნინოს ჯვარი ეკიდა...თავზეც შავი თმები ეყარა და ტანსაცმელიც შავი ეცვა... სახე კი, სახე წმინდა მარიამივით სათნო და ნაზი ჰქონდა...
იდგა და უღიმოდა, ფართო შავი თვალები გაბრწყინებოდა და უღიმოდა...
კაცს გული მოუკვდა...
"მაბითურებს?!"-გაიფიქრა, აკანკალებულ საკუთარ ხელებს დახედა და თვალები დახუჭა... 
ცრემლებმა კვლავ გაარღვია კალაპოტი... გიტარა სულ დაინამა... დასველდა...
გოგონა ქანდაკებასავით იდგა და უსასრულოდ უყურებდა... 
გულის არეში ყრუ ტკივილი იგრძნო...
ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა... ტკივილი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა...
უცებ ყველაფერი განათდა... მთელი ქუჩა განათდა... გაცისკროვნდა... 
კაცს გიტარიდან ხელი ჩამოუცურდა და იქვე, წყლის გუბეში ჩაუვარდა...
გოგონას გაოგნებული სახე სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში...
მზე აღარ ანათებდა... 
კაცი მიწაზე იწვა და იღიმოდა...



 
მზე ცის აღსავალზე...
2 ოქტომბერი 1990 წელი

ავტობუსი გზატკეცილზე მიჰქრის...
ღამეა...
ყველაფერი მიყუჩებულა თითქოს და მთელი ქვეყანა საშინელ სიბნელეს მოუცავს... გზის ორივე მხრიდან ხანდახან გაიელვებენ მკრთალად მანათობელი ღამის ფარნები... ფანჯრიდან მთაგორებზე შეფენილი ტყეებისა და ჰორიზონტთა სილუეტების გარდა, სხვა არაფერი ჩანს.
ზაფხულია, ცხელა...
პერანგის ღილებს ვიხსნი და საზურგეს ვეყრდნობი, მინდა დავიძინო და არ ძალმიძს, ფიქრები უთავბოლოდ ირევიან და გონებაში იბურდებიან...
მძღოლის გარდა ყველას სძინავს და ტკბილად თვლემენ...
ჩემს გვერდით ქალიშვილი ზის, აზრზე არა ვარ, ვინ არის. ხანდახან გადავხედავ... მომხიბლავი სახე აქვს, თუ ავტობუსში შემოჭრილი შუქის ლიცლიცზე მეჩვენება მშვენიერი, არ ვიცი...
სახე პროფილით უჩანს მხოლოდ... ლამაზი თვალები მიულულავს და თვლემს... ჩაშტერებით დავცქერი მისი მომხიბლავი სახის პროფილს...
სხეულმა უგრძნო, ალბათ, რომ ვუყურებდი და იშმუშნება, თვალგაუხელლად აბრუნებს ჩემსკენ სახეს... ფანჯრის მიღმიდან უეცრად გაელვებული შუქი ეფრქვევა და ისეთი ნაზი მეჩვენება, რომ გულში სურვილი მითრთის, მისკენ გადავიხარო და ნაზად მილულულ თვალებს მივეამბორო...
ავტობუსი კი შეუჩერებლივ მიქრის...
გარეთ ახლა აღარაფერი ჩანს... მეჩვენება, თითქოს წყვდიადურ უფრსკულში მივემგზავრებით მე და ჩემს გვერდით მჯდომი ასული... გზა წყვდიადისაკენ მიხვეულ-მოხვეულია და მეტად სახიფათო...
მძღოლი სიჩქარეს უცვლის მანქანას... სიგარეტს უკიდებს, აბოლებს და ისევ საჭეს ჩასციებია...
მახსენდება, რომ უგრაფიკოდ მოდის, ქალაქში უნდა ჩაგვიყვანოს, რათა ორიოდე გროში აიღოს.
მეცოდება კიდეც... ფულის გულისათვის რას არ აკეთებს ადამიანი...
ერთხანს ასე ვმგზავრობთ ძილით, სიჩუმით, სიზმრებითა და ოცნებებით...
მერე ბაცი სინათლე ეპარება ღამეს...
შორს, ძალიან შორს, ცხრა მთას იქიდან მოდის ალბათ, მანათობელი და ღამის უფრსკულიდან ამოაქვს სხივები...
მეც სიბნელის უფრსკულიდან ამოსვლას ვლამობ და დღის სიმშვენიერეს ვერთვი...
ქალიშვილი ისევ იშმუშნება და ოდნავ ახელს თვალებს... მერე ისევ მილულული იძინებს...
ჩვენს უკან ვიღაცამ ხვრინვის ინსტრუმენტი ჩართო...
თავს ვწევ, ვიხედები...
-ნეტა რომელია?
ვერაფერს ვარკვევ...
თენდება...
მზე ნელ-ნელა ამოდის და ყველაფერი ნათდება, ქალიშვილის მყაზარ სახესაც ეფრქვევა შუქი...
-ნეტავ როგორი ფეხები აქვს?-
ავათვალიერ-ჩავათვალიერებ-მეთქი და თავს ვხრი...
კოპწია და მოხდენილი ტანი აქვს, თეთრი კაბა უფარავს ჩამოქნილ სხეულს... მსუქან მუხლისთავებზე გადასცდენია კაბა და სიშიშვლე გამომწვევად ქათქათებს... ფეხებიც გრძელი აქვს, ბროლანათალი...
ნამდვილად მომხიბლავი ვინმეა... რამდენი ქალიშვილი მინახავს, მაგრამ ასეთი?.. არსად, არასდროს...
ახლა მის შოლტა ხელებს დავცქერი, კალთაში ჩაუწყვია... ისეთი ნატიფი თითები აქვს, თვალს ვერ ვაცილებ... მშვენიერი გრძელთითება ხელები თითქოს სხვათა საცქერად გამოუფენიაო... მარჯვენა ხელის შუათითზე, ბეჭედი უკეთია...
-ალბათ გათხოვილია...- გუნება მიფუჭდება...
არადა, ძალიან მომწონს...
მისი სურვილით ვთავდები და არ ვიცი რა ვქნა...
ვცდილობ თვალი ავარიდო და წინ ვიხედები...
მზეს ნეხევარმთვარესავით ამოუწვერია და სულ მალე ყველაფერს გაანათებს...
იქნებ ქალიშვილის სახეც მოავარაყოს ფანჯრიდან შემოჭრილმა შუქმა...
ცის მნათობს თვალს ვარიდებ და ახლა ისევ თანამგზავრს გადავცქერი... თვალი გაუხელია და ფანჯარაში იყურება... სახეზე მართლა ეფრქვევა მზე და ისეთი ლამაზია, ისეთი რომ...
ჩემს დაჟინებულ მზერას გრძნობს და თავს აბრუნებს...
ჩვენი თვალები ხვდებიან ერთურთს...
რაღაც უჩვეულოს გრძნობს და სახეზე სიწითლე ეპარება, მე კი უხერხულობისგან ვკანკალებ...
-დილა მშვიდობისა!..-თრთოლვით ვესალმები.
-დილა მშვიდობისა-ნამძინარევ, მკრთალ ბაგეებს ოდნავ ხსნის და მიღიმის...
-რა გქვიათ?-ვთამამდები.
-ხატია...
ოი, რა საამოდ ამოთქვამს ამ სახელს, როგორ ემთხვევა ჩემს სურვილს მისი ხუთი ასოსაგან შემდგარი სახელი...
-რა ფერის თვალები აქვს?.. წეღან თვალების ფერი არ მიძებნია, ახლა კი...-
ისიც მიყურებს და ჩვენი თვალები მეორედ ხვდებიან ერთმანეთს...
თაფლისფერი თვალები აქვს, ღრმა, უძირო...
უხერხულობისგან თავს ვხრი...
-მე... ზურიკო ვარ...
-ზურიკო?..-თითქოს რაღაც აღმოაჩინაო, რატომღაც უკვირს-სასიამოვნოა..._ამატებს და თან მიღიმის...
-ხატია... თქვენ ძალიან... ძალიან ლამაზი ხართ-რატომღაც პირდაპირ ვეუბნები, მოურიდებლად...
-მართლა?..-თითქოს დაიბნაო, თვალებს აფახულებს...-გმადლობთ...-ჩურჩულებს მერე...
-მე, მართლა გეუბნებით...-სახეზე ალმური მედება-ჰო, მართლა...
-კიდევ გმადლობთ...-უფრო უღიმილდება სახე...
ავტობუსი უსწრაფესად მიიკვლევს გზას კაკლების ორმხრივ ხეივანში...
მგონი იგოეთს გავცილებივართ და სადაცაა მცხეთას მივუახლოვდებით...
მიხარია, რომ სინათლე იფრქვევა ირგვლივ, უხერხულობა არაა და გამბედაობა მემატება...
მზე ანათებს გარეთაც და ავტობუსშიც...
-იცით რა? მე, თქვენ...-სათქმელს ვეღარ ვამთავრებ და გაყურსული მისგან ველოდები თითქოს რაღაცას...
მას კი, თავაწეულს ყელი მოუღერებია და სივრცეს თვალმიპყრობილი, მზის შუქით გაბრწყინებულა...
ახლაღა ვამჩნევ... თმაც ლამაზად ჰქონია შეკრეჭილი და ისეთი ნაზი და საყვარელი ყურები აქვს, არ შემიძლია თვალი მოვწყვიტო...
შორს, ცის აღსავალთან, ჰორიზონტზე... ჯვრის მონასტრის სილუეტი ილანდება...
-დიდება შენს სახელს, უფალო...- ჩემდაუნებურად ვჩურჩულებ და სულმთლად სავსე ვარ ყველაფრით: ხატიას სხეულის სითბოთი, უზომო სიხარულით, მზითა და სიცოცხლის წყურვილით...
არ ვიცი, შეგნებულად თუ მისდაუნებურად, ხატია მარჯვენა ხელის თითიდან ბეჭედს იძრობს და მარცხენა ხელის თითზე გადააქვს, მერე მე შემომყურებს და კვლავ სასწაულად მიღიმის...
ავტობუსი მცხეთას უახლოვდება...
ჯვრის გუმბათის ზემოთ... ცის აღსავალზე მზე ჰკიდია და მისი შუქელვარა სხივები ხანძრად მეშუქება გულში...



შემოდგომა
12 ნოემბერი 1990 წელი

წელს შემოდგომა მკაცრი ამინდებით დაიწყო...
დღე არ გავიდოდა წვიმა რა მოსულიყო, დღისით მზე გამოანათებდა, საღამოს კი ქალაქს შავი ღრუბელი გადეკვროდა-ხოლმე...
რამდენიმე დღეა, რაც გამოიდარა, აღარც სიცივეა და აღარც წვიმს, დღისით მზე აცხუნებს, ღამით კი შემოდგომის გრილი ნიავი დაქრის...
მზემ მალე ამოაშრო გზებსა და ქუჩებში წვიმის გუბეები, მაგრამ ჩემს ეზოში წყალის მილი გამსკდარიყო და ეზო მთლიანად დაეტბორა, წყალი კი თავისებურ სინოტივეს მატებდა ოთახებს...
ქუჩაში გამოვდივარ, თბილი და მშვენიერი საღამოა... გრილი ნიავი ჰქრის, ბაღის კილიკს მივყვები...
თავაღერილი მივდივარ, მაღლა-მაღლა ვიხედები... ცაზე, რომელიც ნისლიან ფიქრებს სცრის, ჩემს მაღლა ირწევიან და შრიალებენ ხეები...
ბილიკი დაუფარავს ხეებიდან ჩამოცვენილ, გაყვითლებულ ფოთლებს...
გრილი ნიავი ჰქრის, ფოთლები ქარდაქარ, შარიშურით მიქრიან...
ჩიტების გუნდმა ფრთების ფრთხიალით გადამიფრინა...
სკამზე დავჯექი და ფიქრებში გავეხვიე, თვალწინ დამეხატა ერთი ამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადამხდა...
მაშინაც ჩაფიქრებული მივდიოდი ბაღში...
უეცრად შევკრთი, ჩემს წინ თმაშევერცხლილი, წარბშეკრული, სათვალიანი მამაკაცი იდგა, დაჟინებით მიმზერდა.. ისეთი შტაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. რამდენიმე წამს ასე მიყურა... შემდეგ თავის დაღუნა და მძიმე ნაბიჯებით გაუყვა ხავერდოვან ბილიკს... ყოველი ნაბიჯის გადადგომისას შეჩერდებოდა, დახედავდა ფოთლებმოყრილ ბილიკს, მოძებნიდა ცარიელ ადგილს და იქითკენ წავიდოდა...
მაღლა ფოთოლი მოსწყდა ხეს და ნარნარით დაეშვა მიწაზე, ჩაფიქრებულმა კაცმა ვერ შენიშნა და ფეხი დაადგა... უცებ გარეტებული შეჩერდა, შემოტრიალდა, დაიხარა, ხელში აიღო, სული შეუბერა და ირგვლივ მიმოიხედა...
იქვე გოგონა ფოთლებს აგროვებდა, კაცი მასთან მივიდა, გოგონას თავზე ხელი გადაუსვა, ფეხდადგმული ფოთოლი გადაწმინდა და მიაწოდა...
კაცის ასეთმა საქციელმა გამაკვირვა, მისმა სახის გამომეტყველებამ მაგრძნობინა, რომ მის სულში რაღაც ირეოდა, რაღაც აწუხებდა...
-ნეტა რას ფიქრობს?-უაზრო ნაბიჯებით უკან მივყევი...
თავჩაღუნული მიარღვევდა ჰაერს, უცებ თითქოს გამოერკვაო, შეჩერდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, სათვალე მოიხსნა, დაორთქლა დაგაწმინდა... მერე ისევ გაიკეთა, წამოდგა, ერთი მაგრად ამოისუნთქა და გზა განაგრძო...
ღრმა ფიქრებში ჩაძირულს, მხიარული გოგო-ბიჭების მხიარულმა სიმღერამ გამომარკვია, ნაღვლიანი თვალებით გავხედე -ნეტაი თქვენ-თვალი გავაყოლე...
ჩემს წინ მიმავალ თავჩაქინდრულ კაცს არც ისინი შეუმჩნევია და არც მე შევუნიშნივარ... ისე ჩამიარა, თავიც არ აუწევია...
მიდიოდა, თითქოს ნაბიჯებს ითვლისო...
ერთი, ორი, სამი...
-სიგარეტი ხომ არ გაქვთ?-ჰკითხეს.
მან თავის ასწია, მის წინ შუა ხნის ჩაფსკვნილი მამაკაცი იდგა. ისე შეხედა, თითქოს კითხვა ვერ გაეგო...
-რა გნებავთ?-ესღა მოახერხა ეთქვა.
ჩაფსკვნილმა კაცმა ხელი ჩაიქნია და გზა განაგრძო...
გაკვირვებული თვალები გააყოლა, ვერ გაეგო რა ხდებოდა და ის იყო გზა უნდა განეგრძო, რომ უცებ მის წინ ახალგახრდა ქალიშვილი შეჩერდა.
-რომელი საათია?-შეეკითხა
ცოტა ხანს შეჩერდა, უყურა მის ლამაზ სახეს, მერე თავი დახარა, მარცხენა ხელს დახედა, პიჯაკის სახელო აიწია... ვერ ნახა, მერე ჯიბე მოისინჯა ვერც იქ იპოვა...
არ მაქვს, დამრჩენია
ბოდიში-ესღა უთხრა გოგონამ და კაცის საქციელით გაკვირვებულმა, ჩქარი ნაბიჯებით ჩაუარა...
-ნეტა რას ფიქრობს?!-კაცს გავხედე, სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა... მადიანად შეისუნთქა ბოლი და ფოთლებმოყრილ ბილიკს გაუყვა...
-ნეტა რას ფიქრობს?!-იმ კაცივით სიმარტოვე შევიგრძენი, თითქოს რაღაც სიმძიმე დამაწვაო, გული ჩამიმძიმდა...
არ ვიცოდი რა მექნა...
ავდექი... თითქოს ფიქრების მოშორება მინდაო, თავი გავაქნიე, ირგვლივ მიმოვიხედე, ფიქრების კორიანტელი გავარღვიე და დაფოთლილ ბილიკს გავუყევი...
მივდიოდი და ფიქრები არ მასვენებდა -ნეტავ ვინ იყო?-... ვინ... ვინ... ვინ...

***
რამდენიმე დღის შემდეგ, გაზეთში ნაცნობი კაცის ფოტოსურათი და ნეკროლოგი ვნახე...
მომკვდარიყო...

***
მაშინაც შემოდგომა იდგა...
გრილი ნიავი ჰქროდა, ხეებიდან გაყვითლებული ფოთლები სცვიოდა, ჩიტები ფრთების ფრთხიალით დაჰქროდნენ...
იყო მზე და იყო მთვარე... იყო შემოდგომა და იყო ფოთოლცვენა...
იყო უკვდავება და იყო სიკვდილიც...



როცა გზატკეცილზე მოჰქროდა ავტობუსი...
22 დეკემბერი 1990 წელი

-დასაბამიდან ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი... ხოლო ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფრსკულთა და სული ღმერთისაი იქცეოდა ზედა წყალთა და რქუა ღმერთამან: "იქმენინ ნათელი!" და იქმნა ნათელი!..
არ ვიცი რატომ მაგონდება ახლა დაბადება, საიდან ამეკვიატა ბიბლიური თეზა: იქმენინ ნათელი!..
ფოთლებმოყრილ გზატკეცილზე მიქრის იკარუსი...
სუსტი ქარი ქრის... გზატკეცილის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ხეთა ვარჯები ნელა ირწევიან და შეყვითლებულ სამოსს იძარცვავენ... ფოთლები ფარფატითა და შარიშურით ეშვებიან გზის პირებზე...
გვიანი შემოდგომაა და საგრძნობლად ცივა...
თბილისში ვბრუნდები, ქუთაისელი ახლობელი, ძალზე თბილი კაცი მივაბარეთ მიწას, მოწამეთაში დავკრძალეთ... არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე ინება და ანდერძი შევუსრულეთ...
ოქტომბრის ბოლო დღეა, თანაც კვირა...
ავტობუსი ირწვე და გონებაგადაღლილს რული მეკიდება, მაგრამ მივლულავ თუ არა თვალს, მაშინვე ჩემს გვერდით მჯდომი მოხუცის კვნესა მაღვიძებს...
რა აქვს საკვნესი და სავაებო... იქნებ გამოველაპარაკო?-მისკენ ვბრუნდები და თოვლივით თეთრ თავს ვაკვირდები, თვალები გატანჯული აქვს და სახეც ჩამომჭკნარი, ცხვირი ჩამოგრძელებული... პიჯაკი გაუხდია და ხელში უჭირავს, პერანგის ღილებიც სეუხსნია... ალბათ ჰაერი არ ყოფნის, მძიმედ სუნთქავს...
მისი სულთქმა ჩემს სმენას აღწევს და მაღიაზიანებს...
იგი გრძონბს, რომ ვუყურებ... თავს ოდნავ ატრიალებს ჩემსკენს... ვუხერხულობ და ფანჯარაში ვიხედები...
-უკაცრავად, სიგარეტი ხომ არ გაქვთ?-მწუხარედ მეკითხება
-როგორ არა, ინებეთ?-სიგარეტის კოლოფს სწრაფად ვიღებ ჯიბიდან, ჩვეული ხერხით ვაცოცებ ღერს და ვაწვდი...
ნელა, ხელის კანკალით იღებს სიგარეტს, ჯერ აუჩქარებლად სრესს თითებით, შემდეგ პირში იდებს... მერე პიჯაკის ერთ ჯიბეში აფათურებს ხელს, სინჯავს, შემდეგ მეორე ჯიბეს იჩხეკს... ძალიან ნელა და აუჩქარებლად აკეთებს ყოველივეს...
-ინებეთ-ასანთის კოლოფს ვუწვდი
მადლიერი თვალებით შემომცქერის, რამდენიმე წამს მიყურებს...
-გმადლობთ-კმაყოფილი მეუბნება
ხელის კანკალით მართმევს ასანთს, კოლოფს ხსნის, ღერს იღებს და ჩამოჰკრავს, მაგრამ ვერ ანთებს... ხელი საგრძნობლად უკანკალებს, არ იცის რა ქნას...
არც მე ვიცი რა მოვიმოქმედო, მის უძლურებას შევცქერი და გული მეწურება...
ასანთის ღერი ხელიდან უძვრება და მუხლებს შუა უცურდება... მეორეს იღებს კოლოფიდან... ისევ უკანკალებს ხელი და ამაოდ ცდილობს აანთოს...
-თუ შეიძლება მე თვითონ-ასანთს ვართმევ და სიგარეტზე ხელსწრაფად ვუკიდებ ცეცხლს...
მადლობის ნიშნად ტავს მიქნევს და ღრმად ისუნტქავს ბოლს...
ერთხელ...
ორჯერ...
ცოტა წყნარდება...
მეც ვმშვიდდები...
ისე კი, ძალიან შემაღონა და შემაშინა კიდევაც მისმა ასეთმა მდგომარეობამ.
-ეეჰ, სიბერე მაინც თავისას შვრება, თავისას... იქნება ნაომარია და ჭრილობებმა გაუხსენა?-შეპარვით ვაპყრობ მზერას...
ხელები მუხლებზე დაუწყვია, ცეცხლმოკიდებული სიგარეტის რერი ორ თითს შუა გაუჩრია და თვალები მიულულავს, ნელა სუნთქავს ახლა... სიგარეტის კვამლი ავტობუსის ჭერზე ადის და ირგვლივ იფანტება...
უეცრად სუნთქვას იგუბებს, პირს აღებს, საშინლად ამოიხვნეშებს და კვლავ მშვიდდება...
მისი თვალთვალი აღარ შემიძლია, დავიღალე და ფანჯარაში ვიხედები ისევ...
-ალბათ, ოდესმე მეც ასე დამეთოვლება თმა, მეც... არა, არც ისე დიდი ხნის ვარ, მაგრამ მოვა დრო როცა...
ფანჯარას ვაღებ, ნაგვაიანევი შემოდგომის ცივ ჰაერს ვისუნთქავ და საზურგეზე მიყრდნობილს თვალი მელულება...
"...ხოლო ადამს ჰრქუა უფალმან: რამეთუ ისმინე ხმაი ცოლისა შენისაი და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცნენ შენ მისი არაჭამაი... წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა სენითა... ეკალსა და კუროისთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა... ოფლითა პირისაგან შენისათა სჭამდე პურსა შენსა, ვიდრე მოქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მირებული იქმენ, რამეთუ მიწაი ხარ და მიწადვე მიიქციე..."
ჩემს გვერდით მჯდომ მოხუცს მისძინებია და ფანჯრიდან შემოსული ცივი ნიავი უსუსხავს დაღმეჭილ სახეს...
ყვითელი ფოთლებით მოფენილ ქვაფენილზე მიჰქრის ავტობუსი...


სკამი
9 ივლისი 1990 წელი

დილაადრიან, ფიქრებაშლილმა სამუშაოზე დავეჩქარე.
უკვე მომზევებულიყო...
სახლიდან გამოსულს სხივების სიკაშკაშემ თვალები დამიბრმავა და ამიბარბაცა...
საკუთარი მანქანისკენ არც გამიხედავს... ქუჩას ფეხით გავუყევი, გულს რაღაც ეწადა, ახალი...
მივდიოდი ფიქრებში გაბნეული...
უცებ სიზმარი გამახსენდა, წუხანდელი... მთლიანად ვერ აღვიდგინე, მაგრამ გუმანით მივხვდი, რომ რაღაც მელოდა, არაკეთილი...
-ნეტავ, რას ნიშნავს?..-
ნაბიჯს მოვუჩქარე...
ერთი... ორი... სამი...
მზის სითბო ირგვლივ იღვრებოდა, ხალხიც მხიარულობდა... მე ვიყავი მხოლოდ მოწყენილი და ვფიქრობდი...
ერთხანს ასე ვიარე...
მივდიოდი და ვფიქრობდი...
საათს დავხედე...
-არ დამაგვიანდეს-მეთქი და ფეხს ავუჩქარე.
მერე ბაღიც დავლანდე, მწვანე ხეებითა და მჩქეფარე შადრევნით...
იქვე, ხის ძირას ფეხმოტეხილ სკამთან მუშა ჩამუხლულიყო და სკამის ფეხის გამაგრებას ამაოდ ცდილობდა...
შევჩერდი...
დიდხანს ეჯაჯგურა სკამს, ხან როგორ მიუდგა, ხან როგორ ფეხიც შეუყენა, მაგრამ ამაოდ... მერე ხელი ჩაიქნია და წავიდა...
უკანასკნელად გავხედე ფეხმოტეხილ სკამს და საათს დავხედე.
მერე ქუჩას შევუერთდი აჩქარებული...
დილაადრიან სიზმარმა ამიბურდა გონება... მერე, მერე ცოტას დავისვენებ, ფეხით გავივლი-მეთქი, თუმცა...
ნაბიჯს ავუჩქარე...
მივდიოდი და ვფიქრობდი... ვფიქრობდი... ვფიქრობდი...
მალე სამსახურის შენობაც დავლანდე და გულიც ამიჩქარდა...
შენობაში შესულმა ჩემს კაბინეტს მივაშურე და კარი შევაღე.
დამლაგებელს ოთახი დაელაგებინა და ფანჯარა გაეღო, გარედან შემოსული მზის სხივები იქვე მაგიდაზე ეცემოდა, რომელზეც ფურცელი იდო...მზის სხივებში გახვეული...
ცხელოდა...
უცებ ვერ მოვიაზრე, მე დამრჩა თუ...
დიდხანს ვუცქერდი ფურცელს, ვიდექი დავუცქერდი... ფურცელს, რომელიც ავის მომასწავებად ელვარებდა...
მერე, მერე... ჯერ ერთი ნაბიჯი გადავდგი, მერე მეორე... მესამეც...
ფურცელი ხელში ავიღე და სანამ დავხედავდი, ფანჯარაში გავიხედე, რაღაცის მოლოდინში...
ფეხმოტეხილ ღრუბელს მზე დაეჩრდილა...
მერე სიზმარიც გამახსენდა... გული გამალებით მიცემდა, რაღაცას წინასწარმეტყველებდა...მერე მეხსიერებაში სკამი ამოტივტივდა...
უცებ, თითქოს ცა გაიპოო, გარეტებული დავეცი სავარძელში და თვალთ დამიბნელდა...
სამსახურიდან გათავისუფლების ფურცელი ხელიდან გამისხლტდა და... ფეხებთან, იატაკზე დაეცა...


საათი
8 ივნისი 1990 წელი

საათს იშვიათად ვატარებ...
დღეს კი, თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო, გავიკეთე და ლექციაზე დავეჩქარე...
ქუჩაში მეგობარი შემომხვდა, შორიდანვე მომესალმა გურამი...
-ხომ არ გვაგვიანდება?-მკითხა საათი რომ დამინახა...
-არა, ჯერ კიდევ ადრეა...
-მაშ, წამოდი ფეხით გავიაროთ... ასე ადრე მისვლას, ცოტა დაგვიანება სჯობია-თქვა და გაიკრიჭა...
-კარგი-აუჩქარელად გავუყევი ხალხმრავალ ქუჩას...
დილა იყო, მაგრამ უკვე მომზევებულიყო...
ერთხანს უბრად ვიარეთ, მერე ხეთა ჩრდილში ჩაფლულ ბაღს გავუსწორდით და საათს დავხედე... ისრები თითქოს ადგილიდან არ იძვროდნენ, ჯერ კიდევ ადრე იყო...
-უკაცრავად, რომელი საათია? -ათრთოლებულმა ხმამ გამომარკვია, ჩვენ ერთდროულად შემოვუბრუნდით და... გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, გურამი კი ხან მე შემომყურებდა, ხან მას...
-რა კარგია, რომ საათი გავიკეთე...
ჩვენს წინ მომღიმარი ქალიშვილი იდგა და პასუხის მოლოდინში გული ელეოდა...
-საათი?-როგორც იქნა გამოვერკვიე და საჩქაროდ მაჯას დავხედე... აუჰ, გაჩერებულა...-ნაღვლიანად შევხედე...
-ბოდიში-ღიმილიანი სახე მოეღუშა და ჩქარი ნაბიჯებით გაგვშორდა...
მე კი რისხვა დამატყდა თავს...
-გადამრევს ეს იდიოტი, თუ გაჩერებული იყო, რაღას მოათრევდი ან რას მატყუებდი?. რა ვქნს ახლა, დავაგვიანე სამსახურში-ამბობდა გურამი და გამოსაფხიზლებლად მთლიანად მანჯღრევდა...
-წეღან მუშაობდა, გურამ-ესღა აღმომხდა...
-რაზე მუშაობს შენი საათი, ბენზინზე თუ ქვანახშირზე?-მომაძახა და გაიქცა.
მირბოდა, რაღაცას მომძახოდა, ჩემსკენ იხედებოდა... მერე ის იყო ვიღაცას დაეტაკა, მოუბოდიშა და დაძრულ ავტობუსში გაუჩინარდა...
ქალიშვილს გავხედე... არ ჩანდა.
-სად წავიდა, ნეტავ?-მის გზას დავადექი.
იქვე გზის პირას თითქოს ყველას უღიმისო, ელექტროსაათი ციმციმებდა...
-საათი ხომ აქვე დგას, მე რატომ მკითხა?-ნაბიჯს მოვუჩქარე...
-რატომ?... რატომ?... რატომ?...
აი, შევნიშნე კიდეც, ახლა უკვე მივრბოდი... დავეწიე კიდეც, ავტობუსში ავიდა... მერე ის იყო, რამდენიმე ნაბიჯიღა მრჩებოდა ავტობუსის კიბემდე... რომ იგი დაიძრა...
გული ჩამწყდა...
გაჩერებამდე მარტოდმარტო დავრჩი, წავიდა...
უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი, გავიხედე და გული ამითრთოლდა... ავტობუსის უკანა ფანჯარასთან იდგა და ელექტროსაათივით მიღიმოდა...
-რატომ?



გაზაფხული
შემოდგომა 1990 წელი 

გაზაფხულის მშვენიერი დილა იდგა... მზიანი...
სახლიდან გამოვედი და სიცოცხლით სავსე ქუჩას გავუყევი...
ცაზე მზე შემოსკუპულიყო და გამალებით უშენდა დედამიწას სხივებს...
ცხელოდა.
თუმცა დილა იყო, ქუჩა უკვე გამოცოცხლებულიყო, მანქანები გამალებით დაჰქროდნენ, ხალხიც სადღაც მიდიოდა, მიიჩქაროდა...
მშვენიერი დილა იდგა, თუმცა მე მაინც მოწყენილი ვიყავი...
-რატომ?..
აუჩქარებლად მივდიოდი, მძიმე-მძიმე ნაბიჯებით...
ერთი... ორი... სამი...
ნიავმაც გამოიღვიძა, საერთოდ სიმხიარულეს შეუერთდა და საამოდ მიმოქროდა ქუჩებში...
უამრავი ხალხი მიდი-მოდიოდა... ზოგნი მარტონი, ზოგნი კი...
უცებ, ჩემსკენ მომავალი წყვილი შევნიშნე, ერთმანეთს უყურებდნენ და ცქერით ვერ ძრებოდნენ...
გული ჩამწყდა...
მივხვდი საუბედუროდ, ჩემი მოწყენილობის მიზეზს... არა შურიანი არ ვარ, მაგრამ უიღბლო ვარ...
-რატომ?..
მე მარტო დავდივარ ყოველთვის.
წყვილმა სიცილით ჩამიარა...
-ნეტაი თქვენ...
უკანასკნელად გავხედე და სწრაფად მოვტრიალდი.
კიდევ გაინავარდა ნიავმა ქუჩებში, ისევ გამოაცოცხლა , ააშრიალა მიჩუმებული ხეები...
მზემ გამეტებით მიმოფანტა ირგვლივ სხივები...
ჩემს ახლოს მანქანები გაჩერდნენ, სულ წინ, თავში რომ მანქანა გაჩერდა, სიძე-დედოფალი გადმოვიდა...
-ეჰ, ისინი იწყებენ ცხოვრებას, მე კი...
მივდიოდი და ვფიქრობდი... ვფიქრობდი... ვფიქრობდი...
უცებ სახლის კუთხეში მდგარი მოხუცი შევნიშნე, ხელში რაღაც ეჭირა, საცოდავად იდგა... ქუდი თვალებამდე ჩამოეფხატა და გამვლელ-გამომვლელს დაუდეგრად შეკრულ იებს სთავაზობდა.. ერთი კონაღა დარჩენოდა.
ფასი არ მიკითხავს, რატომღაც ქაღალდის ფული ხელში ჩავუკუჭე და კონა გამოვართვი... 
-უკაცრავად, ვერ დამითბობთ?..-მომესმა ნაზი ხმა.
გაოცებული მოვტრიალდი და... ოი, საოცრებავ...
ჩემს წინ ღვთისმშობელივით ლამაზი ქალიშვილი იდგა, გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა და რაღაცის მოლოდინში მანიშნებდა...
მოულოდნელად თავბრუ დამეხვა...
დიდხანს ვიდექი და უაზრო თვალებით შევცქეროდი...
ისიც გარინდული იდგა, რაღაცის მოლოდინში და სასწაულად მიღიმოდა...
-რატომ?..
თითქოს ჩემს სხეულში გაზაფხული შემოიჭრაო, ძალა მომემატა, სიცოცსლეც მომინდა და...
-ინებთ...-იის კონა გავუწოდე მომღიმარ ქალიშვილს.
გახარებულმა გამომართვა, მადლიერი თვალები შემომანათა... ფეხის წვერებზე აიწია... უეცრად ლოყაზე მაკოცა და... გაიქცა.
-რატომ?..



ცისარტყელა
გაზაფხული 1991 წელი

თავაღერილი მივარღვევდი დილიდ სუფთა ჰაერს...
გახარებულს არაფერი მადარდებდა... მივდიოდი და თან მიმყვებოდა ფიქრების კორიანტელი. ვერაფერს ვამჩნევდი ირგვლივ... და უსაზღვროდ მიხაროდა.
ქარიც ქროდა, სახეში მთელი ძალით დამეტაკედოდა, შემაბარბაცებდა და გამშორდებოდა...
მივდიოდი ქუჩაში მარტოდ, უკან მოუხედავად...
სიყვარულით თავბრუდახვეულს საკუთარის ვნებათაღელვის გარდა სხვა არაფერი მაინტერსებდა... 
სახლის კუთხეში საცოდავად მიგდებულ ძაღლს ისე ჩავუარე, მისკენ არც გამიხედავს, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი.
მიკვირდა, სად მივდიოდი, ვისთან?.. რისთვის?.. მივდიოდი ასე ანაზდად, ფიქრებს მინდობილი, ნელა და აუჩქარებლად.
ჩემს წინ ჩავლილი ქალიშვილისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, ნელა მომავალ, ხელგადახვეულ წყვილს კი თანაგრძნობის მზერა გავაყოლე...
მოდიოდნენ... მზეც იყო და ქარიც, ხალხიც უყურებდათ... ისინი კი სიყვარულით დაბრმავებულები, ვერაფერს ამჩნევდნენ და უხაროდათ... 
-ნეტაი თქვენ! ცოტა არ იყოს, შემშურდა კიდეც...
ნაცნობი გოგო შემომხვდა, მოვიკითხე და სასწრაფოდ გავშორდი...
მიკვირდა, ბევრჯერ გამოვსულვარ ასე ქუჩაში, მიხეტიალია დილამდე მარტოს, უთავბოლოდ, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, გულს რაღაცა ეწადა, ღელავდა... წინაწარმეტყველებდა...
მივდიოდი თავაწეული და მკერდმოღეღილი...
მზეც იყო და ქარიც...
ერთხანს ასე ვიარე, ფიქრებითა და ოცნებებით...
მერე სკამზე ჩამოვჯექი, დავისვენებდი მეგონა, მაგრამ... ისევ წამოვდექი და ქუჩას გავუყევი...
შვება ვიგრძენი, სიარული მეხალისებოდა...
მერე... ცა თანდათან მოიღრუბლა, მზე სადღაც გაქრა, ირგვლივ ჩამობნელდა და ასფალტზე წვიმის წვეთები აწკაპუნდნენ...
ღრუბელს ამოფარებულმა მზემ უაკანასკნელი ძალით გაიბრძოლა, ღრუბელი გაფანტა, დაშალა და თავისუფლად შეკაშკაშა ცაზე, მისი შუქელვარა სხივები ირგვლივ სითბოსა და სიყვატულს ჰფენდნენ...
წვიმდა.
ქარიც ჰქროდა ისევ და მზეც ანათებდა...
მე კი, ვიდექი წვიმაში გალუმპული და უსაშველოდ მიხაროდა.
მიხაროდა, რომ მარტო არ ვიყავი, ჩემთან ერთად იყო მზეც... ქარიც... წვიმაც... და ისიც, ვისმა სიყვარულმა დამაბრმავა, დამაუძლურა და მარტოდმარტოს დამაწყებინა ხეტიალი...
ის იდგა ჩემს წინ, წვიმაში... ქარში... მზეში... თვალები უკრთოდა და დსაველებულს, ღარად ჩამოდიოდა სახეზე წვეთები... იდგა ანგელოზივით გაბრწყინებული... და სიცივისგან მთლიანად კანკალებდა.
ვუყურებდით ერთმანეთს და ვდუმდით, მერე ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი, პიჯაკი გავიხადე და სიცივისგან ათრთოლებულ მხრებზე მოვაფარე...
ხელი აღარ გამიშვია... ასე ხელგადახვეულებმა გავუყევით მზის შუქით გაბრწყინებულ ქუჩას...
მივდიოდით ნელა დაწყვილებული...
მაღლა ცაზე, თითქოს ღმერთს დაედგა, შვიდფერი ცისარტყელა გვერტყა გვირგვინივით და ისე გვეპკურებოდა წვიმის წვეთები, თითქოს ღმერთის მიერ ნაკურთხი წყალი ყოფილიყო...
მივდიოდით, მზეც იყო, ქარიც, წვიმაც... ხალხიც გვიცქერდა გაოცებული თვალებით და ჩვენ გვიხაროდა, უსაშველოდ გვიხაროდა... 



მეოთხე...
(ეძღვნება ზურა წურქავას ხსოვნას)
20 მარტი 2002 წელი

რამდენიმე ჭიქა ისე დავლიეთ თავი მაღლა არ აგვიწევია.
მხოლოდ სადღეგრძელოს ვამბობდით, ერთმანეთს ჭიქებს მივუჭახუნებდით და სულმოუთქმელად ვცლიდით ჩვენი ცოდვით სავსეს...
სიმართლე რომ ვთქვა, არცერთს გვინდოდა ერთმანეთის დანახვა... არც დალევა გვინდოდა რომელიმეს, ყველა დამნაშავედ ვგრძნობდით თავს...
ყველას რაღაც გვაწუხებდა, რაღაც გვტკიოდა... ვცდილობდით ერთმანეთისთვის ზედმეტი არაფერი გვეთქვა და ამით არაფერი გაგვეფუჭებინა.
ოთახში, ერთ მაგიდასთან ოთხ სკამზე სულ სამნი ვიჯექით... მეოთხე სკამს ყველა თვალს არიდებდა, მეოთხე ჭიქასაც ჩვეულებრივ ვავსებდით...
სადღეგრძელოებს რიგ-რიგობით ვამბობდით...
თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ნახევრად სავსე არყის ბოთლი, წვრილად დაჭრილი თეთრი პური, ძეხვი და ყველიც საკმარისად ელაგა მაგიდაზე, მაგრამ პირს არავინ აკარებდა...
მხოლოდ სასმელს ვცლიდით და პურის ნატეხს ვაყოლებდით...
-ხსოვნა იყოს...-უკვე მერამდენედ ვამბობდით ამ სადღეგრძელოს და ისე ვსვამდით, თითქოს ვიღაცას ახალი რამ ეთქვა...
ახალი სადღეგრძელოს თქმა არავის მოდიოდა აზრად...
გარეთ სიცივით მთვრალი ნიავი დაჰროდა, სიბნელიდან ფოთლების ჩუმი შრიალი ისმოდა, თავი სამოთხეში გეგონებოდა... უცხოც მიხვდებოდა, რომ ასეთი ქეიფი ჩვენთვის უჩვეულო იყო, მაგრამ ამას არავინ იმჩნევდა... 
ყველა ცრემლებს მალავდა, სულ ცოტა გვინდოდა და ხმამაღლა ავტირდებოდით... ეს ყველამ კარგად ვიცოდით და ამიტომაც ვდუმდით... არავის უნდოდა დაეჯერებინა, რომ მეოთხე სკამი ცარიელი იყო...
ყველანი კარებზე კაკუნმა გამოგვაფხიზლა, თავები ავწიეთ და ერთმანეთს ახლაღა შევხედეთ... ყველას თვალები ცრემლებით გვქონდა სავსე.
კაკუნი ისევ განმეორდა... 
კარების გაღებას ვერავინ ბედავდა, მეოთხეს არავინ ველოდით... 
რომ არავინ გააღო, კარები თავად გაიხსნა და ოთახში ლევანი შემოვიდა, შეგვათვალიერა და უხმოდ დაჯდა მეოთხე სკამზე...
-რა გჭირთ? რას გავხართ?-იკითხა ლევანმა, მაგიდიდან ბოთლი აიღო და მეოთხე ჭიქაში დაასხა.
ყველამ თავი დავხარეთ და ჩუმად, ისე რომ არავის გაეგო ავქვითინდით...
ლევანი მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო და გაკვირვებულმა ბოთლი თავის ადგილზე დააბრუნა...
-რა ხდება, არ მეტყვით? ზურა სად არის?-შეშინებული თვალები მოგვანათა და პასუხის მოლოდინში გაირინდა...
პასუხის გაცემა არავის უფიქრია, თვალზე მომდგარი ცრემლი პერანგის სახელოთი მოვიწმინდე და ჭიქები პირამდე შევავსე.
სიცივემ ღია ფანჯრიდან უფრო გამეტებით დაუბერა და ყველა ერთიანად დაგვსუსხა, თვალებზე მომდგარი ცრემლები ყველას ღაწვებზე შეგვახმა...
-ზურა აღარ არის...-ესღა თქვა სოსომ დიდი პაუზის შემდეგ და ჭიქა სულმოუთქელად დაცალა... 
ალკოჰოლი არავის დაგვიტოვებია ჭიქებში.
-რა?...-ვერ მოვიდა აზრზე ლევანი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის სკამიდან მაინც წამოდგა...
-გუშინ დაიღუპა...-ზაზას სიტყვებზე ყველამ თავი დავხარეთ და კიდევ ერთხელ ავქვითინდით, იმ განსხვავებით, რომ ახლა ლევანიც ტიროდა, ხმამაღლა... არავის გვერიდებოდა ცრემლების...
-წავიდეთ, საცოდავი დედამისი მაინც გავამხნეოთ-ბოთლში დარჩენილი, უკანასკნელი წვეთები ჭიქებში ჩავწურეთ, უხმოდ დავცალეთ და ოთახიდან უჩუმრად გავედით... ოთახში მხოლოდ აქვითინებული ლევანი დარჩა, მაგიდაზე დამხობილიყო და ვინ იცის რაზე ფიქრობდა...
გარეთ გასულები სუსხიანმა ქარმა შეგვანჯღრია და შეგვაბარბაცა. სამი ჩრდილი, დამწუხრებული შეერია სიბნელეს... 




მონანიება...
20 მაისი 2004 წელი

დაჩიავებული, დაძარღვული ხელები დანაოჭებულ სახეზე უკვე მერამდენედ ჩამოისვა და მერიის შენობის წინ, რკინის სკამზე კიდევ ერთხელ ჩამოჯდა.
ზაფხულის მწველი მზე გაშმაგებით ასხივებს ირგვლივ და ყველაფერს წვავს, სიცხისგან შეწუხებული მოხუცი ისევ წამოდგა, დაჭმუჭნული შარვალი ხელებით გაისწორა, პერანგი შარვალში კიდევ უფრო მოხერხებულად ჩაიტანია, ყავარჯენს ცალი ხელით დაეყრდნო და შენობისკენ, ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით გაემართა.
შენობასთან მისული არც იყო, კარები რომ გაიღო და იქედან ჰალსტუხმოჭერილი, საკმაოდ ჩასუქებული, მელოტი გვამი გამოვიდა. მოხუცისთვის არ შეუხედავს, კიბეებთან მდგარი უცხოური მანქანისკენ გამალებული ნაბიჯებით დაიძრა.
-მაპატიეთ, ღვთის გულისთვის... დამეხმარეთ-თხოვნა ოდნავ სუსტად გამოუვიდა და საკუთარ თავზე მოუვიდა გული, ჩასუქებულ კაცს არაფერი გაუგია, მანქანის სალონში შესულმა, კარები საჩქაროდ მიიხურა...
მოხუცი ასე გაწბილებული უკვე მერამდენედ დარჩა, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და კიბეებს შემართებით აუყვა, იმის იმედით, რომ ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდებოდა და ბედისგან დაჩაგრულისთვის გროშებს მაინც გაიმეტებდა, რომელსაც ყოველივე ამქვეყნიური დავიწყნოდა და მხოლოდ ერთადერთი რამ ამოძრავებდა...
-ოღონდ მარია მყავდეს კარგად და...-ვინ იცის მერამდენედ გაახსენდა საკუთარი ცოლი, საკუთარ დაჭმუჭნულ ტანისამოსს დახედა და თვალებზე ცრემლები მოადგა... 
ის იყო კიბეები აათავა და კარებს მიუახლოვდა, რომ შენობიდან უნიფორმაში გამოწყობილმა პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს... ყველაზე მეტად ულვაშიანი და ჩასუქებული აქტიურობდა.
-ვისთან მივდივართ ბერიკაცო?-პირის გახსნა თუ არა, მოხუცი მაშინვე მიხვდა, რომ პოლიციელი მთვრალი იყო.
-შვილო ძალიან მიჭირს, ცოლი მყავს მომაკვდავი... ერთი ორი კაპიკი იქნება ვიშოვო-ესღა მოახერხა, ყელში რაღაც ბურთივით მოაწვა და მეტის თქმის საშუალება არ მისცა...პოლიციელს ქვემოდან ახედა და ინანა გული რომ გადაუშალა და თავისი გულისწუხილის თანაზიარი გახადა.
-ცოლიცა გვყავს, შვილებიც და გერებიც, მაგრამ კი არავის ვაწუხებთ-პოლიციელმა რაღაც მედიდური სიამაყით მიახალა მოხუცს და შენობის დატოვება მოსთხოვა. ულვაშიანს, დანარჩენებიც მიეხმარნენ და მოხუცი ციმ-ციმ გაიყვანეს შენობიდან.
კიბეები გაჭირვებით ჩაიარა და რკინის სკამზე ისევ ჩამოჯდა, შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ცხვირსაცოხი ამოიღო და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. უკან მოიხედა და მარმარილოს კედლებს მშიერი თვალებით მიაშტერდა...
შენობის წინ საქმიანი ადამიანები ირეოდნენ, ფეხაჩქარებულები შენობაში ხან შედიოდნენ და ხან გამოდიოდნენ, ერთმანეთს ვინ იცის, უკვე მერამდენედ ესალმებოდნენ და უცინოდნენ. ხანდახან ერთად ჩამოდგებოდნენ და ერთმანეთს რაღაცას უყვებოდნენ...
შენობის მეორე სართულის ღია ფანჯრიდან ქალის კისკისმა ზეცა გაკვეთა და ყავარჯენს ჩამოყრდნობილი, მთვლემარე მოხუცი გამოაფხიზლა...
-ნუთუ ისევ ტყუილად მოვედი, ნუთუ ღმერთი არსადაა, რომ დაინახოს ჩემი გასაჭირი-გაიფიქრა და თავის თავზე გული ისევ მოუვიდა, მერამდენედ უთხრა საკუთარ თავს, რომ ღმერთზე ასეთ რამეს აღარ იტყოდა, მაგრამ ბედისაგან დაჩაგრულ მის სულს ეშმაკი არ ეშვებოდა და ეთავისებოდა.
მზემ თანდათან ზენიტს მიაღწია, სხივებსაც ძალა დაეკარგა, მაგრამ ჰაერი ისე დაიხუთა, რომ სუნთქვა შეუძლებელი გახდა. მოხუცმა თვალები დახუჭა, გულთან ახლოს წყნარი ტკივილი იგრძნო, პერანგის გულის ჯიბიდან წამალი ამოიღო და ხელის კანკალით ენის ქვეშ ამოიდო... ცოტა შვება იგრძნო და თვალები ფართოდ გაახილა.
ერთხანს ყველაფრის მიტოვება და წასვლა გადაწყვიტა -წავალ, აბა მართლა მათხოვრად ხომ არ ჩამოვდგები, წავალ...-გაფიქრება და გადაწყვეტა ერთი იყო, რომ ვიღაცამ, უცხომ, მაგრამ საოცრად ნაცნობმა ხმამ შეაჩერა...
-მაგრამ სად წახვალ, გაქვს კი წასასვლელი?..-საკუთარ თავს უკვე მერამდენედ ჰკითხა და რკინის სკამზე მოცელილივით დაეცა...

* * *
სკამზე დამხობილი, გულწასული მოხუცი ყველას ლოთი ეგონა და თავიდან ყურადღებას არავინ აქცევდა, გამვლელები შორიდან უვლიდნენ.
შენობიდან გამოსულმა ულვაშიანმა პოლიციელმა შორიდან ერთი კი შეათვალიერა სკამზე გადაწოლილი მოხუცი, -ალბათ მთვრალია-გაიფიქრა და შენობაში შებრუნდა.
ულვაშიანის ოთახის ფანჯრიდან ეზოში მდგარი სკამი და მოხუცი პირდაპირ მოჩანდა. უკვე საკმაო ხანი გავიდა და მოხუცი იმაზე პოზაში იწვა და არ იძვროდა... პოლიციელის მახვილ თვალს ეს არ გამოპარვია. -ნეტა შენობაში შემეშვა, რა მეშარებოდა-გაიფიქრა და თითქოს გულმა რაღაც უგრძნოო, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სკამისკენ... 
მოხუცი არ სუნთქავდა...
ულვაშიანმა პულსიც გაუსინჯა და გულზეც დაადო ყური, მოხუცს ამქვეყნიურობის არაფერი ეტყობოდა, მხოლოდ გული ძალიან, ძალიან ნელა უცემდა... ფართოდ გახელილი თვალები გაშტერებოდა და ერთ წერტილში, სადღაც უსასრულობისკენ იყურებოდა, თეთრ თმას კი საიდანღაც ამოვარდნილი ნელი სიო უფრიალებდა...
-არიქა, ბიჭებო... სასწრაფო გამოიძახეთ, კაცი კვდება...-ულვაშიანმა ესღა მოახერხა და მოხუცს კიდევ ერთხელ დახედა. 
-ჩემი ბრალია, რატომ არ შევუშვი?-კიდევ ერთხელ ჰკითხა საკუთარ თავს და თვალები ცრემლით აევსო...

* * * 
მეორე დღეს ულვაშიანი, საავადმყოფოს ეზოში იდგა და სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსული, მძღოლის მიერ გამობრუნებულ ხურდას ითვლიდა... ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა, პარკში კი ერთი ქილა მაწონი, სახლში გაკეთებული ბულიონი და პური ედო...
 
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×