ლექსები

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

--------------------------------
ისევ მენატრები....

 

ეხლა ღამეა და

ისევ მენატრება,

ისევ მელანდება შენი სახე...

წუხელ,

დავიძინე მანანებში...

წუხელ,

ჩემს სიზმრებში დაგინახე...

 

ეხლა ღამეა და

ისევ მოვარდნილა,

და ისევ სიჩუმის

წვიმაში გავგრილდები...

ისევ დავიძინებ,

თვალებს მივლულავ და

ისევ, ოცნებებში გაფრინდები...

 

ვიცი ღამეა და

მაინც დაღამდება,

მაგრამ ისიც ვიცი,

ჩემში გათენდები...

ისევ დაღამდება,

ისევ გათენდება,

და ალიონზე თავზე დამადგები...

 

ეხლა ღამეა და

ისევ მენატრები...

 

ნუ გეშინია...

 

ვიცი, ოდესმე დამელოდები...

ვერსად წაუვალთ გრძნობას, ჟინიანს...

ისევ მეძახი, და მელოდები,

ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

 

ისევ მეძახის შენი თვალები,

ვიღაცა უკრავს და მეშინია,

მე, შენს აკორდებს დავემალები...

ნუ გეშინია, ეს გერშვინია...

 

ისევ მეძახის შენზე ოცნება,

აფეთქებულა სულში მონმარტი...

მე გადამრიეს, შენმა კოცნებმა...

და გამაგიჟეს, როგორც მოცარტი...

 

ისევ მეძახის, შენი ნატვრა და

სხვა, უკეთესი რა დამრჩენია...

ნუ გეშინია, უკვე დამთავრდა,

ნუ გეშინია, ბეთჰოვენია...

 

ამ აკორდებში, გავიჭედები...

ხან მოცარტია, ხან გერშვინია...

მომავლისაკენ, რომ ვიხედები

უკან მოხედვის არ მეშინია...

 

ვიცი. ოდესმე მოვალ, გოდებად...

და დამიძახებ ისევ, ჟინიანს...

ჩვენ, ის დღეები მოგვაგონდება...

ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

 

ვიცი, წარსული ტყვიას მომახლის,

რომ შენს სიყვარულს, მე დამიშლიან...

შენი თვალები, მაინც მომძახის:

ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

 

არ ვნანობ...

 

იმედებს ვხატავ წარსულით,

მომავალს ვკურნავ იმედით...

 

მე შენს სიყვარულს არ ვნანობ,

არ ვნანობ შენზე ოცნებას...

ცაში დუმილი ნანაობს,

სულში, იმედი ცოცხლდება...

ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან

ვიწყებთ მომავლის იმედით...

ერთად ვიარეთ შორიდან,

და მაინც, ერთად მივედით...

ერთმანეთს ავცდით მცირედით,

აზრებითა და ფიქრებით,

რამდენიც უნდა ვიაროთ,

მაინც, ერთურთის ვიქნებით...

აწმყო მომავლით დავგეშე,

და ოცნებებში წასულს...

შენი თვალების გარეშე,

ვეღარ ვუყურებ წარსულს...

 

იმედებს ვხატავ წარსულით,

მომავალს ვკურნავ იმედით...

 

დაგირღვევ სიჩუმეს...

 

უეცრად დაგირღვევ სიჩუმეს,

უეცრად დაგიწყებ პატიჟებს...

მე, შენი მაგიჟებს სიცრუე,

ეგ, შენი დუმილიც მაგიჟებს...

 

უეცრად მოვყვები ალიონს,

და შენში გაზაფხულს მოვიტან...

შარბათი, რომ შენი დავლიო...

რომ არ გიქცირო შორიდან.

 

მე, შენს სიჩუმეს მოვყვები,

რომ სასთუმალთან დაგიჯდე...

თორემ ამდენი დუმილით,

ხომ შეიძლება გაგიჟდე?..

 

ეგ შენი დუმილი მაგიჟებს,

მე, შენი მაგიჟებს სიცრუე...

მოვალ და დაგიწყებ პატიჟებს...

მოვალ და დაგირღვევ სიჩუმეს...

 

დღე გარდასული...

 

მე, ამ ცხოვრებას, დავრჩები ვალში...

მინდა ვუყურო, უტიფრად თვალში...

 

ცხოვრება, თავის ცხოვრებით მიქრის,

დროს არ გვიტოვებს პატარას, ფიქრის...

ისევ მივყვებით, გულს განაწვალებს...

უფალო ღმერთო, რისთვის მაწვალებ...

 

მე, ცხოვრებისგან, ფიქრისგან ვმღერი...

მე, ცხოვრებისგან არაფერს ველი...

ერთი მიზანი მაქვს, ვარდისფერი...

მხოლოდ გიყურო, სხვა არაფერი...

 

ცხოვრება მიქრის და ეს არ გვიკვირს,

ხანდახან გვილხინს, ხანდახან გვიმძიმს...

მაგრამ, მთავარი იცი, რა არის?

ეს ყველაფერი, ცხოვრება არის...

 

შენი დუმილი, ჩემი გოდება,

ვიცი და მჯერა, მოგვაგონდება...

და ის დღეებიც, დღე გარდასული...

ჩვენი აწმყო და ჩვენი წარსული...

 

მე, ამ ცხოვრებას, დავრჩები ვალში...

მინდა ვუყურო, უტიფრად თვალში...

 

მაფიქრებს...

 

შენი, დუმილი მაფიქრებს...

შენზე ფიქრებმა დამღალა,

მითხარ, რა ვუყო ამ ფიქრებს...

ან ჰო მითხარ და ან არა.

 

შენი, დუმილი მაფიქრებს...

იქნებ დუმილმა გაგვყარა,

სევდას შევაყრი ნაფიქრებს

და ვივლი, ცრემლის ამარა...

 

შენი, დუმილი მაფიქრებს...

უკვე, აღარც კი მახსოვს,

შენი დუმილის ძაფებს,

კვლავ, ოცნებებში ვაქსოვ...

 

შენი, დუმილი მაფიქრებს...

ცხოვრება ისევ მიქრის,

აღარ მთავრება უკვე...

დრო, უსაშველო ფიქრის.

 

შენი, დუმილი მაფრთხობს,

შენი ღიმილი მინდა...

დუმილი შენი მათრობს...

არ გახსოვს? მაშინ წვიმდა...

 

შენი, დუმილი მაფიქრებს...

და მივეძალე ღვინოს,

ვიცი, კვლავ ღიმილს მაღირსებს...

რომ აღარ მოვიწყინო...

 

რეალობა ქართულად....

 

არის დრო...

დროის შორი ნათება...

ნეხვში ვზივართ და

ვფიქრობთ რა ხდება????

სირაქლემებით აივსო ერი,

ყვავებთან ერთად,

ერთ ხმაში ვმღერით...

ღვინომ და თრობამ

წალეკა ერი,

უბეში გვიზის

ცხრათავა გველი...

საქმის კეთება არავის სურს,

და ერთმანეთის

ყოველთვის გვშურს...

გვიყვარს წუწუნი,

სხვაზე მონება,

ვაი გმირების გამოგონება...

რევოლუციას

ყოველ წელს ველით...

რევოლუციურ

სიმღერებს ვმღერით...

იმის მაგივრად, საქმე ვაკეთოთ...

სულ სხვას შევყურებთ,

ვმღერით და ველით...

სუფრაზე ვზივართ

და ისე ველით...

საქმეს ვაკეთებთ

სულ სხვისი ხელით...

ვზივართ და ვფიქრობთ

ფიქრობთ და ვმღერით,

ვმღერით და ველით,

ველით და ველით,

ნეტა რას ველით?...

 

მაინც...

 

მე მაინც მოვალ, ჩუმად

ხელს აგაფარებ თვალებზე...

შენი თვალები დუმან,

მე კი, დავფრივან... მთვარეზე...

 

თვალებახვეულს გატარებ,

მთელი სიცოცხლის მანძილზე,

თვალებს რომ, გამოაპარებ...

ღიმილით გაგიმასპინძლებ...

 

ეს, შენი ცქერა დამატკბობს,

ისევ დავათრობ იმედებს...

შენი ალერსი გამათბობს,

გულს შენით დავაიმედებ...

 

ასე, უაზროდ ვცდილობდი...

გრძნობებში გადამენახე,

არადა შენზე ვფიქრობდი

არადა სჯობდა მენახე

 

მოგეპარები ჩუმად და...

გეამბორები ყელზე...

მე, შენთან მაინც მოვალ და

შემოგხვევი წელზე...

 

სანამ...

 

ვატყობ, ისევ მომაწვება სევდა...

 

ეჭვობ, ისევ გავუმკლავდე სურვილს...

სანამ, შენი ნახვა გადამრევდა...

სანამ, ისევ მომიკლავდა წყურვილს...

 

მესიზმრება უბოროტო სევდა,

მენატრება სიეშმაკე შენი...

მომღიმარი, ჩუმი გამოხედვა,

ყველაფერი, მერე დანარჩენი...

 

დარდობს თვალზე, მოდენილი ცრემლი...

სევდა ასე, ხეტიალობს ობლად...

შენი ნაზი მოფერება მშველის...

ჩემი ოცნებების დასათრობად.

 

ყველაფერი შენთვის დამითმია,

არაფერი დამრჩენია ჩემად,

გულში ისევ, წვალობს არითმია...

იბრძვის, შენში, შენთან დასარჩენად.

 

სანამ, ისევ მომიკლავდე წყურვილს...

სანამ, შენი ნახვა გადამრევდა...

ვეჭვობ, ისევ გავუმკლავდე სურვილს...

ვატყობ, ისევ მომაწვება სევდა...

 

ურცხვი ღამე...

 

მოგეპარება, წვალებით

ღამე, შეგიხსნის საკინძეს...

ურცხვად, შეგამკობს თვალებით,

და მთელი ღამის მანძილზე

 

იქნება ოხვრა, ტრიალი

და ოცნებების გოდება,

გულების უხმო შრიალი

მერე, რომ მოგაგონდება...

 

ურცხვად დაგისვამს ფერებად,

გულშეღონებულ თითებს,

სახეზე მოგეფერება

და შენთან ერთად, იფრენს...

 

გულს დაგიამებს ალერსი,

და უნაპირო ფიქრები,

ამ, გადარეულ ღამეში...

მე, მხოლოდ შენი ვიქნები...

 

იყუჩებ, გაინაზები,

ტანს დაგიხორკლავს კოცნა...

ისევე დაგეწაფები,

აღარ გიშველის ლოცვა...

 

ბოლოს, დაგვათრობს ღამე და

სიბნელე გაგვიმასპინძლებს...

რომ დაიღლები, მოვა და...

ისევ, შეგიხსნის საკინძეს....

 

* * *

 

ცუდია, რომ აღარ გხვდები,

ვკვდები...

კარგია, რომ ვერ ვივიწყებ,

წარსულს...

მე ხომ, შენით მომიმრავლდნენ

მტრები...

მე ხომ, შენი სიმარტოვე

არ მსურს...

 

მინდა, შენთან ერთად ყოფნა

მინდა...

მინდა, შენი სილამაზე

მკლავდეს...

მინდა, იყოს საოცნებოდ

წმინდა...

მინდა, შენზე ოცნებები

მწვავდეს...

 

მინდა, ასე, უსასრულოდ

გხატო...

და პალიტრა ამირიოს

დარდმა...

მინდა, შენი სიყვარული

მარტო...

შეგვარიგოს ერთმა სველმა

ვარდმა...

 

ცუდია, რომ სადღაც მიდის

წლები...

კარგია, რომ ვერ ივიწყებ,

წარსულს...

 

იებს....

 

გაზაფხულდა,

მზემ სხივები...

უხვად დაგვაფრქვია.

დაივიწყებ? მაპატიებ?

რომ გაჩუქო ია...

 

უხმოდ მოგეპარები და

დაგიკოცნი თითებს...

და გაჩუქებ,

ლურჯთვალება,

ულამაზეს იებს...

 

გაზაფხულდა...

აღარა გვაქვს

დრო, ფიქრის და დარდის...

გაზაფხული,

ჩვენს სულებში...

აჩრდილივით დადის...

 

ლექსების ქურდი...

 

გაზაფხულს მოვპარე ლექსები,

რითმებში სიკვდილს ვაპირებ...

ვიცი, რომ რითმებს აყვები,

ვიცი, რომ დაიპყრობ ნაპირებს...

 

გაზაფხულს მოვპარე ლექსები,

და რითმებს რითმებზე ვაქსოვ,

საოცრად ლამაზად მიყვები,

საოცრად ლამაზად გახსოვს.

 

გაზაფხულს მოვპარე შუქი,

წინ მიდევს უკუნი ღამე...

ვთხოვ, მაპატიოს თუკი

მე, ვაწყენინე რამე...

 

გაზაფხულს მოვპარე ლექსები,

გაზაფხულს მოვპარავ რითმებს...

იცის რომ, სულ გავილექსები

და ამიტომაც მითმენს...

 

* * *

 

მხოლოდ ერთხელ

შემომხედე მალულად...

გადამრიე, ამირიე აზრები...

გეძებე და ვერ გიპოვე, წასულა...

აუშვია ალისფერი აფრები...

 

და მას მერე, ნაწვიმარი დავდივარ,

ვერ გპოულობ, სად გეძებო, მითხარი...

გრძნობებისგან არეული დარდი ვარ,

სქტრიქონები დამრჩა გაურითმავი...

 

მხოლოდ ერთხელ დაგინახე ფარულად,

და ეს იყო, საოცარი მიგნება

შენი სახე, ჩემში გადამალულა...

შენი სახე, მხოლოდ ჩემში იქნება...

 

შენს ეზოში ამოსული, ყლორტი ვარ...

შენს ფანჯრებთან, მობიბინე ბალახი...

დარაბები არ დახურო, მოვდივარ...

არ მესროლო უნებურად ტალახი...

 

წყალს დამისხამს, შენი სახის ხატება,

აღარ ვუცდი წვიმის წვეთებს, ფარულად...

ნეტა რა მჭირს, ნეტა რა მემართება,

შენი სახე, ჩემში შემოპარულა...

 

* * *

 

თუკი

ყველა დღე,

ყველა დილა შენია...

ასე რატომღა მოგიწყენია?

 

მზე იტირებს და მოვა ცრემლებად

და ცისარტყელა დაგეცრემლება

და მზე ჩაყვინთავს მდუღარე ზღვაში

ჩვენი ყიჟინით, გულუხვი ტაშით

მერე გამოვა ზღვის სანაპიროს

რომ შენთან ერთად გაინაპიროს

დაგედევნებით, მე თეთრი რაშით

და მზეს დავახრჩობ ყვითელ სილაში

 

ისევ ისე, იფრენს....

 

ისევ ისე... მოვარდება წვიმა,

ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს...

სიყვარულთან ვერაფერი მივა,

სიყვარული, ისევ ისე იფრენს...

 

ეს ცხოვრება, ნუთუ, ამად ღირდა,

გული, ისევ ემალება ფიქრებს...

შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა...

იმედები ისევ დაგაფიქრებს.

 

ისევ მოვა, ეს გიჟური წამი...

მოგასკდება წვეთებად და წვიმად,

ოღონდ, ისევ მომატყუო რამით...

ოღონდ, ისევ მომატყუო მშვიდად...

 

შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა...

შენ ხომ, ჩემი სიყვარული გართობს...

შენ ხომ, ჩემი სიყვარული გინდა...

მეც ხომ, შენი სიყვარული მათბობს...

 

ისევ ისე... მოვარდება წვიმა,

ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს...

სიყვარულთან ვერაფერი მივა,

სიყვარული, ისევ ისე იფრენს...

 

ალეწილი ცრემლი....

 

უკვე ღამეა, მუზა მეწვია...

მაგრამ, ეს ღამე მაწევს ვალებად...

თვალებზე ცრემლი რომ ამლეწია,

სიყვარულს ვერსად დაემალება...

 

გადაგიფურცლე გული მალულად

და ოცნებები გაგიმზიანე,

შემოგეპარე ურცხვად, ფარულად,

მაგრამ ვიცი, რომ დავიგვიანე...

 

ფიქრი სტრიქონში გამჩუმებია,

გამგიჟებია ეს წყნარი რითმა,

ჩემი ლექსები, შენ გიცქერიან

და შენთვის მითქვამს,

თუკი რამ მითქვამს...

 

შემჩეხებია შენი ხატება,

და შენში ვცოცხლობ, როგორც ნათება...

სადღაც კრთის მთვარე

და ისევ მათრობს,

ეს საოცარი გამონათება...

 

კვლავ დაღამდება და გაძარცული,

ვიდგები ასე, გარეთ ბინდია...

გამახსენდება ჩემი წარსული,

დღეები დროზე ადრე მიდიან...

 

უკვე ვბერდები და შენ გიგონებ,

უკვე ღამეა, უკვე ნისლია,

ისევ მოგიძღვნი, უშნო სტრიქონებს...

მე ხომ, დუმილი არ შემიძლია...

 

ჩემი ლექსები უხმოდ დადიან,

სადღაც ბეღურებს სძინავთ გუნდებად...

ჩვენი მშველელი განთიადია,

დილას ხომ შენი ნახვა მწყურდება...

 

უკვე ღამეა, მუზა მეწვია...

მაგრამ, ეს ღამე მაწევს ვალებად...

თვალებზე ცრემლი რომ ამლეწია,

სიყვარულს ვერსად დაემალება...

 

შენი დონ კიხოტი...

 

ვიცი,

ახლა ჩემზე ფიქრობ, მოდი...

ვერ მიცანი? მე ვარ,

შენი დონ კიხოტი...

 

მე, ქართან ბრძოლას ისევ ვაპირებ,

შენს ოცნებებთან გავინაპირებ...

ვიცი, ვერსად ვერ დაგემალები,

გაგშიშვლებია ურცხვად თვალები...

 

მესმის და მტკივა შენი ტკივილი,

შენა ხარ ჩემი სულის კივილი...

ქართან ბრძოლა თუ გამიძნელდება...

ეგ სიყვარულიც გამინელდება...

 

ვიცი, რომ მაინც მომეშველები,

მაშ, რას უყურებ, მომეც ხელები...

თუმცა ვგრძნობ...

თითქოს, მე როგორც ბავშვი...

ბევრი ვეცადე და შენში დავრჩი.

 

ქარის წისქვილებს მე, ფრთებს მოვცელი...

და მზეზე ავალ, შენზე მლოცველი...

შენს გრძნობებს, ვერსად ვერ გავასწარი

და დავრჩით ასე: მე, მზე და ქარი...

 

იცი,

ახლა ჩემზე ფიქრობ, მოდი...

ვერ მიცანი? მე ვარ,

შენი დონ კიხოტი...

 

მცივა და ვბოდავ...

 

მე სიცხიანი ქარივით ვბოდავ,

და გარდაცვლილა თურმე სიცივე...

ამ ცივ გრძნობებში, იმედებს ვკოდავ...

დამიბრუნდები მაინც, ვიცი მე...

 

ეს დღეც ულმობლად, ჩუმად ღამდება...

და მენატრება ნაზი ინტიმი,

არ მინდა ღამე, დღე მენატრება...

და უსასრულო სევდას მივტირი...

 

ნეტა, ვიცოდე ვისი ბრალია...

როცა გიყურებ, იმედი არ ჩანს,

ეგ გამოხედვა იდუმალია,

ახლა იმედად სიცივე დამრჩა...

 

შენი თვალები მხოლოდ ჩემია,

მაგ თვალთა ფერთა შენაკადები...

სხვა აზრი, სხვა გზა არ დამრჩენია,

და ამ სიცივეს შემოვაკვდები...

 

ეს ქარი დაჰქრის, თუ სიზმარია...

სიცივე სადღაც, მოდის დაბლიდან...

შენზე ოცნებამ სულ გადამრია,

ტანზე გრძნობები შემომეფლითა...

 

მე, სიცხიანი ქარივით ვბოდავ,

კვლავ დამიძახეს ატმის რტოებმა...

არადა, შენთან მოსვლას ვერ ვბედავ...

არადა, გვეყო განმარტოება...

 

* * *

შენზე ოცნებით მე ავმღერდები

ვიცი, ოდესღაც დამიბერდები

სანამ გასულა წლები, მწყურია

შენი ტუჩები უცნაურია

 

შენი ბროლივით ყელის ბრალია

რომ სიყვარული დამიბრალია

სხვა რაღა მინდა, ამაზე მეტი

ტუჩებს ვადნები, ნურაფერს მეტყვი

 

ისევ ჩამესმის შენი გოდება

შენი თვალები მე არ მშორდება

მოხვალ და ისევ ჩაგიკრავ სულში

რა წმინდა იყავ, რა კარგი... გუშინ

 

ამ სიალერსში უკვე ღამეა

ყელზე გეხვევა უცხო კამეა

და დაგვათენდა... ისევ ღამეა

მითხარი შენთვის ისევ რამეა?

 

ჩემს გრძნობებს შენსკენ მოეჩქარება

გზა გამიკვალეს უცხო ქარებმა

შენზე ვლოცულობ მე დღე და ღამე

იქნება მითხრა, მისურვო რამე

 

შენზე ოცნება ჩენი მტერია

ვიმღეროთ ერთად რაც გვიმღერია

ვიცეკვოთ როგორც ნაზი გედები

უარს ნუ მეტყვი, თითქოს ბერდები

 

მე ვდგავარ ზღვაზე

და ჩუმად, ასე

მესმის ხმაური

თან უცნაური...

 

დამალობანა...

 

მე გეძებდი,

დამემალე სადღაც...

ჩავირბინე დაბლა...

ავირბინე მაღლა...

 

მე გეძებდი,

დღისითა და ღამით,

თან ვითვლიდი...

ერთი, ორი, სამი...

 

ამ სირბილში

მიმატოვა ყველამ,

არადა დღეს,

რა საოცრად ცხელა...

 

გეძებდი და

მომენატრე თურმე,

აღარც მახსოვს,

შენ მეძებდი, თუ მე...

 

დავრბივარ და

აღარ ვიცი რა ვქნა,

ამ სირბილში

იმედებიც გაქრა...

 

ამ სირბილში

აღარ მესმის ჩქამი,

ვცდილობ შევდგე...

შევაჩერო წამი...

 

დავირბინე

კიბეები ყველა,

შენ არ ჩანხარ..

თან საკმაოდ ბნელა.

 

იქვე, ახლოს,

წარსულივით გდია,

მე რომ წეღან...

მოგიტანე ია.

 

წვიმად მოველ...

 

შენი სახე იმალება გულში,

წვიმად მოველ...

ვერ მიცანი?

გუშინ...

 

გაშიშვლებულა სულში წვეთები,

წვიმად მოვალ და დაგეწვეთები,

მე შორეული ზეცა მიტაცებს,

არადა შენთან მინდა, მიწაზე...

 

ხელში აგიყვან, მაინც დაგასწრებ,

ხელს ისე მოგხვევ, ვერსად გამასწრებ,

თითებს დაგისვამ ზურგზე ისრებად,

არ შეგილახო ოღონდ ღირსება.

 

მაგ თვალებიდან წვეთი ითოვებს,

უკან მოსახედს არ დამიტოვებს,

მერე დავსხდებით, ასე შიშველნი

და წვიმად მოსვლაც ვეღარ მიშველის.

 

და მაგ თვალებში ყვავილთა თოვა,

ისევ დამათრობს და წვიმად მოვალ,

ამ წვიმამ შენში ბევრი იარა,

გრძნობამ მაინც არ გადაიარა.

 

თავზე დამაყრის წვიმა იმედებს,

მე, შენი სუნთქვა დამაიმედებს,

ახლაც ჩამესმის, მე შენი კვნესა,

თითქოს, დაიყო წვეთებად ზეცა...

 

შენი სახე იმალება გულში,

წვიმად მოველ...

ვერ მიცანი?

გუშინ...

 

* * *

 

გაზაფხულივით...

უეცრად მოვალ,

გათხოვებ ფიქრებს...

და ერთად ვიფრენთ...

ვხვდები ვარ მარტო,

ვერ ვხვდები რატომ...

მაწვება სევდა,

შენ, რომ ვერ გხედავ...

 

აღარც კი მახსოვს,

სად არ ვიარე...

ვიცი, შენამდე

დავიგვიანე...

 

ნაღველი გულზე

უშნოდ მედება...

ესაა, ჩვენი

შემოქმედება?

 

ცის კაბადონზე

დღეა მზიანი...

ყველაფერი კი,

უკვე გვიანი...

 

გაზაფხულივით...

მოგეპარები,

ფიქრებს გათხოვებ...

ჩაგიკრავ გულში...

და მიგატოვებ...

 

ვიცი...

 

ვიცი დამიბრუნდები,

ქარს გაატან მიმოზებს,

ისევ, შემომეხვევი

და შენს ღიმილს მიბოძებ...

 

ვიცი, მოხვალ, მაკოცებ,

რომ შენს ღიმილს ვენდობი,

ეგ ღიმილი მაოცებს,

თავის ერთადერთობით...

 

ვიცი, ასე მგონია,

როგორც ცხელი ღადარი,

მგონი, არა მქონია

ასე თბილი ზამთარი...

 

ვიცი, ცაზე ღრუბლებიც...

მოქუფრულა ჭადარიც...

მგონი სინამდვილეა,

ჩვენ გვეგონა ზღაპარი...

 

ვიცი, დამიბრუნდები...

ისევ შემომეხვევი,

ჩვენს კოცნაზე,

უჩუმრად...

აშრიალდნენ ვერხვები...

 

მე შენ ....

 

რაც წავიდა, ვიცი, იყო...

აღარ გინდა, არ დაიწყო...

ცისარტყელას ფერთა ზოლი

საბა საბა ბზია ბზოი...

 

დაიღალა ჩემი გული

რითმებისგან გათანგული

მენატრები უაზროდ

აზ დაიმა უვარზონ

 

მენატრება შენი სახე

აღარც მახსოვს, როდის გნახე

ოცნებებში ისევ გმალავ

და გეძახი

მი სი მალატ

 

ჩემს ფიქრებში ისევ რჩები

სხვაგვარად ვერ გადავრჩები

ვშიშობ სულ არ გადამრიოს

ამ სიტყვებმა

მა სი მიორქ

 

* * *

 

სულ რომ ჩემს გულში

ზიხარ და ცელქობ

აზრებს მიბუნტებ

ნეტავ ვინა ხარ

დაიმახსოვრე

ჩემი სიტყვები

გულში ჩაიდე

მე შენ .....

 

* * *

 

ჩემი, ერთადერთი ხარო...

ჩემი, ოცნება და ნიჭი...

მე ხომ, მხოლოდ შენი ვარო...

შენი, საოცნებო ბიჭი...

 

ჩემი თვალები და გული

ჩემი მოთმინება ხარო

მოდი, მხოლოდ ჩემთან მოდი

მოდი, უნდა გაგახარო

 

ჩემი საოცნებო მტრედი

ჩემი იადონი ხარო

შემი სიმღერების მეტი

უკვე არაფერი ვარო

 

შენი ერთადერთი ვარო...

შენი გატანჯული ბიჭი

შენც ხომ მხოლოდ ჩემი ხარო

ჩემო ოცნება და ნიჭი...

 

ისევ იღიმი...

 

გიღიმილდება სახე ნელ-ნელა ,

როცა უყურებ ჩემს ფართო თვალებს...

მე, განშორება შენგან მეძნელა,

და ვიცი, ამას, მე დამაბრალებ...

გიღიმის სახის, ყველა ნაკვთი და

შენი ღიმილი არ გავს დემონებს

როცა ფიქრებში კაბას გაგხდი და

თან შენს სიშიშვლეს დავაგემოვნებ...

ვიცი, თვალებზე ხელს ამაფარებ,

რომ არ შევნიშნო სავსე მტევნები...

და როცა, მაინც, ხელს გავაპარებ...

შენს ღიმილს ისევ ავედევნები...

შენი თვალები შემომნათიან...

და ტანს გახვია თეთრი მანტია,

ამ გულში, შენი ცეცხლი ანთია...

და ფიქრიც სადღაც შემომფანტია...

ისევ იღიმი, როცა ხედავ...

ჩემს ფართო თვალებს...

და, ამ ღიმილსაც...

ვიცი, ალბათ

მე დამაბრალებ...

 

და ველოდები...

 

ფიქრებს მოუსხამს მწუხრის ტოტები,

ისევ დავფრინავ და ველოდები...

შეღამებისას ფეთქავს ფოთლები,

აკვირტებულა სულში ტოტები...

ძველი სიმღერა, ძველი ნოტები,

ჩემი ლექსების რითმა ძველია...

ამკივლებია, ჩემში ფიქრები

და სიყვარულიც გადამრევია...

დამწუხრებულა მთელი სამყარო,

ვიღაც მეძახის: შენ ხომ ბრმა ხარო...

სულს გაზაფხული, კვლავ ენატრება...

შენი ალერსი მომენატრება...

აფეთქებულა სულში ზმანება,

და ყოველ დილით ჩემში თენდები

შენთვის ვლოცულობ და მენანება...

ვიცი ოდესმე შემეფეთები

ფიქრებს მოუსხამს მწუხრის ტოტები,

სადღაც დავფრინავ და ველოდები...

 

დავთვრები...

 

დავთვრები, ისე მაგრად დავთვრები...

სულ რომ დავკარგო, მე მოსვენება.

ოთხ ფეხზე ვივლი,მერე დავწვები...

და ყველაფერი მომეჩვენება...

 

დავთვრები, ისე მაგრად დავთვრები...

რომ დავივიწყო მე ეს სამყარო.

რომ არ მახსოვდეს ისევ ჩავწვები,

გინდ დილა იყოს, გინდაც საღამო...

 

დავთვრები, იცი, როგორ დავთვრები?

წამოდგომისას ისევ დავეცე...

რომ დამისველდეს ისევ ღაწვები

და სიმთვრალეში, ჩემს თავს გავექცე...

 

დავთვრები...

ისე მაგრად დავთვრები...

რომ ამერიოს

ჩემი დავთრები...

 

შენთან...

 

არაფერია იმაზე ცუდი,

არაფერია იმაზე მწარე,

როდესაც, ერთად

საოცრად ვწუხდით...

მე მოვედი და შენ...

დამემალე...

მეძახის საოცრად

ლამაზი ოცნება,

ლამაზი ფიქრები,

ლამაზი აზრები...

გამალამაზეს

შენმა კოცნებმა,

და შემაყვარეს

შენი ფრაზები...

ოცნებებს ველოდე

მთელი სიცოცხლე...

ფიქრებში გავლიე

მთელი ფიქრები...

აქამდე, თურმე...

შენით ვიცოცხლე...

მე შენში...

მე შენთან...

და...

შენთვის ვიქნები...

 

პლანეტაგორია...

 

იუპიტერი?

მარტო

ნუ მღერი...

 

სატურნი,

ფანდური,

და ხმები

მაცდურნი...

 

ურანი,

ყურანი,

ახლოა

ბურანი...

 

ნეპტუნი?

მოდური,

პლანეტა,

კოდური...

 

პლუტონი?

ეს ტონი,

არ ვართ

მარტონი...

 

მარსი

და

ფარსი,

მომეცი შანსი...

 

მერკური

მემდური?

მე არ

გემდური...

 

ვენერა,

მერე რა?

ცოტათი

გებევრა?..

 

სირიუსი

აჰა, პლუსი,

ხან ჯაზი და

ხანაც ბლუზი...

 

პოლუქსი და

მისი სახე...

გამოდი და

დამენახე...

 

არქტრუსი

კაქტუსი,

ეკლების

რიგები...

 

რიგელი,

ფლიგელი,

ფურცლები

შპიგელის...

 

მზე,

მზეზე უფრო

ცხელი და

თბილი...

 

მთვარე,

მთვარეზე

შავი და

გრილი...

 

და

დედამიწა...

და ცა...

და მიწა...

და მე რაც

მითქვამს,

თურმე...

არ მითქვამს...

 

მალე...

 

გაზაფხული მოვა

მალე,

მალე მოვა

მზე და მთვარე

მზე ამოვა

და მზის სხივებს

ეცადე და...

დაემალე

მალე

გაზაფხული მოვა,

მოვა გაზაფხული

მალე

ვეცადე და

თოვლს და

ზამთარს

ვერაფრით ვერ

დავემალე

მალე მზის სხივები

მოვა

მოვა სითბო

და ნუგეში

მალე

გაზაფხული მოვა

და ჩაგვისვამს

თბილ უბეში

მალე სიყვარული

მოვა

გაზაფხულიც მოვა

მალე

ეცადე და

ჩემს სიყვარულს

ჩემს ოცნებებს

დაემალე...

 

ლოცვას...

 

ლოცვას,

ლოცვას

რომ დავიწყებ,

აღარ გავჩერდები...

 

ლოცვას,

ლოცვას

რომ დავიწყებ,

ნუღარ შემაჩერებ...

 

ლოცვას

რომ დავიწყებ.

აღარ ავჩქარდები...

 

შუა ლოცვისას,

ნუღარ გამაჩერებ...

 

ლოცვას

უსაზღვროს და

ლოცვას,

უნაპიროს...

ლოცვას

უნაკლოს და

ლოცვას,

დანაპირებს...

 

ხატებთან

მუხლმოყრილი,

როცა

ჩემი გული...

ლოცვას...

მხოლოდ ლოცვას

დააპირებს...

 

* * *

ირგვლივ წყვდიადია

უხმო გარინდება

ფურცლებ მიმოფანტულ

ფიქრთა გარიგება

 

მელნის სურნელების

ორომტრიალია

და ოცნებების

ჩუმი შრიალია

 

თითების ნაზი

მიხვრა, მოხვრაა

და ოცნებების

ამოოხვრაა

 

სტროფი

რითმულად...

მაგრამ ფარულად,

ორომტრიალში

შემოპარულა...

 

* * *

ჩემო ლამაზო და

ჩემო ფრთანათელო,

ჩემო ოცნებავ და

ჩემო სანატრელო.

 

მინდა ბნელი ღამე

თეთრად გავათენო,

მინდა ყოველ დილას

ფიქრი ავაშენო...

 

მინდა სიყვარულში

უხმოდ ჩავიძირო,,,

მინდა გიცქირო და

სულ არ დავიძინო.

 

მინდა დამათრო და

მერე ბევრი ვწერო...

მინდა მოვიდე და

ჩუმად მოგეფერო...

 

მინდა,

მოგეპარო...

თვალებზე,

ხელი აგაფარო...

ყურში

ჩაგჩურჩულო:

მიცანი?

მე ვარ...

 

* * *

 

შენ არ ხარ ახლოს

და სიცოცხლე აღარ მინდია...

ვერაფერს ვამჩნევ

ხან მზეა და

ხანაც ბინდია

 

შენ არ ხარ ჩემთან

და ოცნება შენსკენ გამორბის

ნეტავი სად ხარ

ვისთანა ხარ

ნეტავ რა მომდის

 

შენა ხარ ხვაგან

მე კი, ასე...

დადუმებული

მაგ სილამაზით

სინატიფით

გაჩუმებული

 

ვარ ბედნიერი...

ამ ცხოვრების

თან... უმადური

ხან ბედნიერი

ოცნებებით,

ხან უბედური...

 

* * *

ფერების ფიქრებში

მე მოგეფერები...

ფერების ზღვაში

დავახრჩობ ფიქრებს,

ფიქრებში იფრენენ

ფერადი ფიქრები...

მე შენთან მხოლოდ

ფიქრებში ვიფრენ.

ფართოდ გახელილი

ფერადი თვალები...

ფერების გამაა

ფერთა კაზუსებით...

ფერისცვალებააა

ფერთა ლაბირინთი,

ყვითელ ფოთლებზე

რატომ გამირიგდი?

ფლორა და ფაუნა

კია საოცრება...

მაგრამ ფოთლები

მაინც ფოთლებია...

გაშიშვლებულან

ამაყი ხეები და...

ტოტები ერთმანეთს

რომ ეფერებიან...

ფოთოლცვენაა

უკიდეგანო და...

მე შენთან მხოლოდ

ფიქრებში ვიქნები,

მოგეფერები და

გულში ჩაგიხუტებ...

თვალებს დაგიკოცნის

ფერადი ფიქრები...

 

სევდა

 

ნაწვიმარ ტოტებს

აწყდება სევდა...

სადღაც შორს,

მაღლა,

აფრენას

ლამობს...

არხევდა ფოთლებს,

ღამე და დღე და

სადღაც შორს,

მაღლა ეკიდა

სევდა...

სადღაც შორს,

სევდა...

კენწეროს მოსწყდა...

ვერც მზემ უშველა,

ვერც წვიმის წვეთმა...

დაეშვა დაბლა...

მიწაზე მორცხვად...

და ყველაფერი,

უეცრად მორჩა..

 

თოვლი თოვს...

 

რა საოცრად თოვს

ფიფქი მიქრის შორს

ეფინება დროს

თოვს...

თოვს...

თოვს....

გული რასაც მთხოვს

სველი ფიფქი გრძობს

გარეთ ცივა....

ქარი კივის...

თოვს...

თოვს....

თოვს...

რა ლამაზად თოვს

რა საოცრად თოვს

ქარი უმღერს თოვლს

თოვს...

თოვს...

თოვს...

დღეს პირველად თოვს...

დღეს პირველად ბარდნის...

გამომხედე გარეთ...

თორემ შემოვვარდი...

დღეს პირველად ბარდნის

დღეს პირველად თოვს

ქარი სადღაც შორს...

კივის...

თოვლი თოვს...

 

ზამთარია სიცივეა...

 

ზამთარია,

სიცივეა...

შემოდგომა მიდის....

მეშინია სიბნელის და

უსაშველო ბინდის...

მეშინია ცივი ქარის,

მოჩვენების...

შიშის...

თრთოვლის...

კრძალვის....

ნეტარების....

და უმზეო ბინდის...

ჩუმი ოხვრა და ალერსი...

ჩუმი სუნთქვა გულის...

ჩუმი ფეთქვა უნაზესი...

და სინათლე სულის...

ჩემი სევდა,

ჩემი თვალი,

ჩემი მთა და ბარი...

ჩემი გული,

ჩემი ენა,

ტკბილად მოუბარი...

ხარ...

სიცოცხლის აღზევება...

და სინაზე რთული...

ჩემი სულის გაზავება,

ტაძრად აღმართული...

 

მშიერი ღამე...

 

მოსაღამოვდა...

და გრძნობებმა

ფიქრი დაჩრდილა

შენ კი წახვედი და

დამტოვე

უხმო აჩრდილად...

საით წახვედი

რომ დამტოვე...

სად დამეკარგე,

ნახე, მე შენთვის

რამდენიმე სიტყვა

მოვქარგე

შენი სახელი ამოვქარგე

ლამაზ ტილოზე,

მერე ვემთხვიე,

უსაშველოდ

დიდხანს ვილოცე

საით წახვედი

არ დამტოვო

უშენოდ ვერ ვძლებ

ვფიქრობ და ვდარდობ

მე უშენოდ

სიცოცხლეს შევძლებ?

ღამე დაეშვა

სასტიკი და

ოდნავ ცბიერი

ნაბახუსევი

ნამტირალი

და თან მშიერი

 

თურმე...

 

მე შენ მიყვარხარ...

ოღონდ ლამაზად...

საოცრად მშვიდად...

და უშენობა...

სულს მიბორგებს...

მე შენთან მინდა...

 

რეალობაა დამიჯერე

არ იყო ურჩი...

ბევრი ეცადე, მაგრამ....

ამ გრძნობებს...

ვერ გადაურჩი...

 

შენი სიტყვები

მკლავს და მაოცებს...

და ყოველივე გგონია გართობა

ნუთუ იმიტომ,

რომ მიყვარხარ

რომ შენზე ვფიქრობ...

ნუთუ ძნელია ასე, დანდობა...

 

არა მქონია...

მე სხვა ბედი...

სხვა საფიქრალი

თურმე...

შენ ერთადერთი

ხარ საფიცარი

 

ვისი ბრალია?!

 

კარგია...

კარგი ემოციები...

ჩვენთვის ნაცნობი

მელოდიები...

ცას რომ სწვდებიან

შენი ფერები...

უჩუმრად...

უხმოდ მოგეფერები...

 

შენზე ლოდინმა

ფიქრი გალია

ვეღარ ვგებულობ

რისი ბრალია...

ტუჩმა, რომ თასით

ღვინო დალია..

ვისი ბრალია?

შენი ბრალია...

 

და ასე უხმოდ...

უგზოუკვლოდ...

ტრიალებენ

მთვრალი ლანდები...

გახსოვდეს...

მაინც მოგელანდები....

 

შენ...

 

ჩემი სიხარული,

ჩემი სიყვარული,

ჩემი ოცნება და

ჩემი სურვილი ხარ...

შენთან ყოფნა მინდა,

შენთვის ლოცვა მინდა,

შენი ფიქრი მინდა ,

შენი სუნთქვა მინდა...

ჩემი სინარნარე,

ჩემი სისპეტაკე,

ჩემი სიზმარი და

ჩემი ღიმილი ხარ...

ჩემი სიცოხლე ხარ

უკიდეგანო და

ჩემი საოცარი სიკვდილი ხარ....

 

დავუშვათ, მართლა...

 

დავუშვათ, მართლა უაზრობაა,

დავუშვათ, მართლა ჩემი ბრალია,

დავუშვათ, მართლა სულის გმობაა

მაგრამ იცოდე, ვნანობ ძალიან...

ამ სოფელს რადგან ვერ დავვმორჩილდი

ფიქრებმა ფიქრი ამიფრიალეს

ფერად სიზმრებზე ვფიქრობ მუსიკით

და სიზმარში ვცლი სავსე ფიალებს

ჩემი ფიქრები, ვით დედამიწა

წაღმა-უკუღმა მთვრალი ტრიალებს

არ მოისვენებს, არ გაჩერდება

ამაბორგებს და ამაწრიალებს

როცა აზრები იწყებენ ყეფას

როცა ფიქრები თავში ტრიალებს

როცა სიყვარულს ფრთის გაშლა ნებავს

სული დახტის და სული ფრიალებს

საკუთარ ხელში მიპყრია გული

ვებრძვი ქარიშხალს, რომ არ ჩააქროს

ცოფმორეული, გადარეული

ასევ ადვილად ვერვინ დამაშრობს

როცა აზრები ფიქრებს აპურებს

როცა ფიქრები ფიქრებს გაართობს

სანამ ვიღაცა გამაპანღურებს

სანამ საკუთარ აზრებს დავათრობ...

ვზივარ და ვფიქრობ,

ვზივარ და ვნანობ

ხელში მიჭირავს გული, პატარა

რომ არ გაჩერდეს, მის დაცვას ვლამობ

ჩუმი ფიქრის და ლოცვის ამარა

05.03.2007

 

 

"მაინც ამოვთხრი"

 

მე არ ვგიჟდები

არც ჭკუიდან არ გადავდივარ

როცა ვუყურებ

ჩამოვვარდი სადღაც მაღლიდან...

ყოველ საათს,

ყოველ წუთს და

ყოველ წამს წამში

მთელი სოცოცხლე,

ვერ გავიგე, გავლიე რაში...

მე არ ვგიჟდები

თუნდაც, ახლა მართლა გავგიჟდე

"მაინც ამოვთხრი"

სიცოცხლეც, რომ ამად დამიჯდეს

ამ სიძახილში

სულიც, სისხლიც...

სულმთლად დამიშრა...

რა ვქნა, ოხერი, ეს სიცოცხლე

მართლა გაგიჟდა

21.02.2007

 

* * *

ვფხიზლდები...

ვდგავარ...

შუა ქუჩაში.

ხელში მიჭირავს

ხორცის საკეპი

არ მახსოვს, რატომ

ვისთან, ან როდის

დავკარგე ტვინის

ნაწილაკები...

მონუსხულივით

ქუჩაში, მტვერში,

ვდგავარ და ვფქირობ,

როგორ მოვიქცე

სიცივე მივლის

გვერდიდან გვერდში

ერთი სული მაქვს

სადმე გავიქცე

20.02.2007

 

შენზე

 

მხოლოდ შენთან,

მხოლოდ შენთვის,

მხოლოდ შენზე...

ვფიქრობ ჩემთვის,

სადღაც ვარ და

ვირუჯები,

მარტოდ მზეზე.

ვფიქრობ ისევ მაღალზე და,

გაცილებით

უფრო ბევრზე,

შენზე,

ჩემზე,

თბილ ზღვაზე და

ზღვაში მონარნარე გემზე...

მოფარფატე ტალღებზე და

აფორიაქებულ შხეფზე,

მიმოფანტულს ნაპირზე და

ამ სევდიან გასტროლებზე...

ცხოვრებაში,

შემეცვალა,

წარმოდგენა

უკვე ბევრზე,

შენზე,

ჩემზე,

თუნდაც ჩვენზე,

შეულამაზებელ ცრემლზე.

ამ გაყინულ ვნებაზე და

წარსულად ქცეულ აწმყოზე

მომავალში რა იქნება,

დავდო თუ არა სასწორზე

ფიქრი შენზე,

ფიქრი ჩემზე,

შენზე,

ჩემზე,

თუნდაც ჩვენზე...

აღარ მინდა,

დამიბრუნდი

ნუ დამტოვებ მარტოს,

მზეზე...

მე რომ ვფიქრობ

ამდენს ერთად,

შენ თუ გახსოვს

ფიქრი ბედზე...

შენზე,

ჩემზე,

ერთად ჩვენზე

რასაკვირველია სხვებზეც...

15.02.2007

 

* * *

საქართველო

არ არისო

მხოლოდ

მიწა,

მხოლოდ

მთები,

მხოლოდ

წყალი,

თუნდაც

ცაი..

სამშობლოზე

უკეთესი რა არისო?..

არცა რაი...

თუნდაც მართლა,

ცხრა ლახვარი

მოხვდეს გულში

საგულეში

გულის ნაცვლად

ედოს ქვაი,

ვაჟკაცის ბაგს,

არასოდეს

არ დასცდება

თუნდაც ვაი.

სალსა კლდეებს

სამოთხეზედ,

არ გაცვლისო

კაი ყმაი

სამშობლოზე

უკეთესი რა არისო?..

არცა რაი...

ღმერთო,

ღმერთო,

ქართველები

არ გაგვხადო

ჭკუით ბრმაი

15.02.2007

 

* * *

გულის კარებიც, რომ მომიხურო

ჩემს თვალს ვერსად ვერ

დაემალები...

შენით ვსუნთქავ და

შენზე ვლოცულობ,

მრავალათასჯერ

განაწვალები.

განაწვალები და ნაწამები,

შენს ტუჩებს ურცხვად დავეწაფები

14.02.2007

 

* * *

მინდა შევიგრძნო სიცოცხლე,

მორჩა...

მეყო ამდენი, ჩანაფიქრები

განა ვინმეს ვთხოვ მომართვან ხონჩა,

მორჩეს და მორჩეს,

განა ფიქრს ველი

ვერ გამიგია...

და მაინც ვფიქრობ,

თუკი ჩნდები და

მერე ბერდები

ადამიანი თუ ხარ და ხარობ,

ერთმანეთს ასე,

რატომ ვბეზრდებით..

გვახსოვდეს ერთი,

მოვა დრო, როცა,

აღარ მოგვიწევს

აქამდე მოცდა

13.02.2007

 

* * *

არ ვიცი, სად...

არ ვიცი ვისთან,

როგორ, ან რატომ....

რა მინდა სხვისგან,

როცა ვარ მარტო

12.02.2007

 

* * *

მთელი დღეები

ვზივარ და ვნატრობ,

ვზივარ და ვისმენ...

ათასგვარ ტყუილს

და სინანულს, სხვებისგან ისევ.

10.02.2007

 

* * *

 

ქუჩაში იდგა,

პენსიას ითხოვდა...

ყველამ იცოდა,

არ აფერისტობდა

...ღიპიანი კი თავს,

კაბინეტში

ლამაზი ქალის

ცქერით ირთობდა...

 

* * *

 

იყო დავითი, იყო ილია,

თუ ყველაფერი...

მოგონილია?

რატომ გვაწუხებს ძველი იარა

დრო ხომ წავიდა,

გადაიარა...

ჩვენ ხომ გვმოძღვრავდნენ

დიდი მამები,

ომებისაგან განაწამები.

ჩვენ ხომ ტყუილიც,

ნაღდი გვგონია,

სინამდვილეა თუ...

აგონია.

უნიათობა ღრღნის სულს და მბოჭავს,

შორიდან...

მკრთალი სინათლე მოჩანს.

დგას ისტორია და არსად ჩქარობს,

წარსულზე ვფიქრობ და...

მწარედ ვნანობ.

 

* * *

 

მიკვირს რად გადევს

გულზე კარები,

წავალ და...

სულ არ მოგეკარები.

ვცდილობ არ გითხრა

გულში ნადები

ვიცი, რომ

უცებ შემიყვარდები

თან დამყვებიან

შენი ლანდები

-მომელანდები?..

"მოგელანდები"

 

* * *

 

შავი სათვალე,

ლამაზი თვალები

ნუ შემომხედავ

გაითვალები

აბა, გაითვალე

ერთი

ორი

სამი

რად გინდა

სათვალე

ღამით?..

მოფრინავს ციდან

წვიმის წვეთები

არ გაიწევი?...

დაგეწვეთები

 

* * *

 

სიბერეში დავიწყე

აჩქარება ცხოვრების...

გავირეპე უკვე და

გავასწარი დროებას...

ეხლა ვუმზერ სიცოცხლეს

თვალით, ამაოების...

გვიანია, მეც ვიცი,

ჩემი გამოსწორება....

 

* * *

 

პასუხს ელის პუბლიკა,

ახლა ჩემი ჯერია...

მერამდენე დილაა,

იმედების ფერია...

ლექსზე უსაყვარლესი,

ქვეყნად არაფერია...

ამიტომაც ლექსები,

ჩემთვის ყველაფერია...

დილას გავიღვიძე და

მზე სარკმლიდან მიმზერდა...

წამოვდექი საჩქაროდ,

გადავწიე ფარდები...

სხივებს გამოვეკიდე,

აკვანივით მარწევდა...

შენი მონატრება და

შენი ფიქრის ლანდები...

ჩემთვის ლექსი ფიქრია,

და ცაც ლექსის ფერია...

წვეთებიც კი წვიმაში,

ლექსებივით მღერიან...

მზე ტატნობზე ხალისობს,

ციბრუტივთ ნანაობს...

შენი სიყვარული კი,

ჩემს გარშემო ქანაობს...

წუხელ შენთან მაწვიმდა,

ღვინო იყო ულევი...

ეხლა მენატრები და

შენთან ყოფნა მწყურია...

 

* * *

 

ლექსის მტე ვარ მე შენი,

სტრიქონების ქაოსში...

მთელი ღამე უჩუმრად,

თავზე დამთენებია...

სულ მთლიანად მაოცებ,

არ მეგონა, გავვოცდი...

შენი სითბო უმზეოდ,

როგორ შემომთებია...

ეხლა დილას ვიზოგავ

და სტრიქონებს დავეძებ...

დილამ გამომაღვიძა,

ცა ფიქრებად მეხურა...

ვოცნებობდი ოდესმე,

შენი სუნთქვა მესმას და

რა მოხდება ბოლომდე,

მხოლოდ შენთვის მეყურა...

ზურგით როგორ ვიდგები,

ასე ვერ მოგიგობენ..

მეც თვალებში გიყურებ,

გახელებულ მარტივით...

მაპატიე ხანდახან

თუ მოგტაცებ სტრიქონებს...

და გავაბნევ ჰაერში

სიყვარულის ქარივით...

მეც შენთან ვარ იცოდე,

გადავზომე ცისკარი...

ჩამოვხიე რაც კი რამ,

ცაში აფიშებია...

ყველაფერი ერთმანეთს,

სტრიქონებით ვუთხარით...

ეხლა ვხვდები ეს დილაც,

ღამის ნაგიჟებია...

 

* * *

 

წუხელ მთელი ღამე ვიბორგე....

დილას გამიხილეს თვალები...

ისევ შევიგრძენი სიცოცხლე,

ისევ წამოვდექი წვალებით...

ხელი დავუქნიე სიზმრებს და

სარკმელს მივეფეთე თოლებით...

წუხელ უწვიმია ფიქრებს და

დილა დამახვედრეს სოველი...

სულში წვეთებივით წვეთავენ...

შენი სტრიქონები მყაზარი...

ისევ გაღიმებას ბედავენ...

ნეტავ დასასრული სად არი?

დილა უსასრულოდ დიდია...

წვიმა ქარს ატყუებს საოცრად...

წვიმაც საყვარელი, მშვიდია...

ხედავ? მოგეპარა, გაკოცა...

წუხელ მთელი ღამე ვიბორგე...

ფიქრი სიზმარივით დამდევდა...

თურმე მყვარებია სიცოცხლე...

თურმე შენზე ფიქრი მავსებდა...

დილას გამეღვიძა უშენოდ...

დილა მშვიდობისა გითხარი...

 

* * *

 

მიმწუხრის ჟამს ყოველთვის, შენი სახე მიმონებს...

გათენებას დავუცდი მთელი ღამე მალიად...

მერე, დილას კარებთან დაგიტოვებ მიმოზებს...

ლექსებად რომ ამტეხე, ეს ხომ შენი ბრალია...

ღამე შენზე ვილოცებ, შეგავედრებ მარიამს...

სიზმრად მოგევლინები და ზღაპრებით გაგართობ...

უკვე ღამე თენდება, მენატრები ძალიან...

ვიცი, შენი ლექსები დილიდან რომ დამათრობს...

წამი საუკუნეა, უსაშველოდ მიჰქრიან...

ოღონდ ნუ დამტოვებ და

ფარ-ხმალს დავყრი ახლავე...

ეს ცხოვრება ძვირფასო დეპრესია, ფიქრია...

მერე შეგიყვარებენ, როცა ვეღარ გნახავენ...

გათენებას დავუცდი, მთელი ღამე მალიად...

შევაგროვებ ვარსკვლავებს და ფეხებთან მოგიბნევ...

ლექსებად რომ ამტეხე, ეს ხომ შენი ბრალია...

ჰოდა, წავალ დავწვები, დავიძინოთ ორივემ...

 

* * *

 

მიყვარს ლექსი მეწყერი, უკვალოდ რომ წამიღებს

დათხეული დარდი ვარ, დამაშვრალი პოეტი

მეგობრებო მირწმუნეთ, მხოლოდ კარი გამიღეთ

მე ხომ თქვენთან, მათხოვრად, სამოწყალოდ მოვედი

სანამ ჩიტებს იზამთრებს ჭორიკანა ტყემლები

სანამ მოვაგონდებით თვითმარქვია ჩიტუნებს

მოდი, სადმე დავსხდეთ და გადმოვყაროთ ცრემლები

ვიცი ჩვენი ფიქრები ჩვენ არასდროს გვიმტყუნებს

მეწყერივით წაგვიღებს, ლანქერივით დაგვადნობს

ლექსის უმანკოება და რითმების რონინი

მე ხომ უსაშველოს და უმიზეზოს არა გთხოვთ

ჰოდა არ დაგვეზაროს მომავალის ლოდინი

მეც ვარ უარყოფითი, რეზუსი თუ რესურსი

თქვენთვის მინდა რაც ქვეყნად სიკეთეზე მეტია

ორივენი მიყვარხართ, ლექსებისთის მადლობა

ყველა ლექსი ერთურთზე მეტად უკეთესია...

 

* * *

 

სანამ გაზაფხულია, სანამ ცაა სოველი...

გვირილები შენს ხელში, გამომწვევად მელიან...

შენგან მე სხვას არაფერს, მხოლოდ ამბორს მოველი...

შენს პასუხზე აზრები, ბავშვებივით მღერიან...

უამინდო ამინდში გაზაფხული მჭირდება...

სალბუნივით მომედო, შენი სიტყვა ყოველი...

მე უშენოდ ამ ქვეყნად, მართლა გამიჭირდება...

სანამ გაზაფხულია და სანამ ცაა სოველი...

სანამ გაზაფხულია, დავიგლიჯოთ გულები...

სისხლი გადავუნერგოთ ერთმანეთის იარებს...

სტრიქონები მღერიან, ასე გადაბმულები...

და სიყვარულს ოცნება სანამ გაგვიზიარებს...

ვნებაშემოლეწილი, ხედავ? ცა რა ფერია...

ისევ გვესალმებიან ანგელოზთა გუნდები...

ეს ცხოვრება ლექსია, სხვა ხომ არაფერია...

რომ გიყურებ ძვირფასო, კიდევ უფრო ვრწმუნდები...

სანამ გაზაფხულია და სანამ ცაა სოველი...

 

* * *

 

შენ გიხდება თმები ქერა,

დავილიე სიტყვად, ბგერად...

შენ გიხდება ქერა თმები,

გიყურებ და ისე ვთბები...

 

* * *

 

ქართველები პუტინმა,

სულ გამოაპუტინა...

პრუტუნ,

პრუტუნ,

პრუტუნით...

ქე დევიწყეთ ღრუტუნი...

--------------------------------

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

 

 

 

Copyright © All rights reserved | Zviad kechakmadze